Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IAEA-მ ირანში არადეკლარირებულ ობიექტზე ურანის ნაწილაკები აღმოაჩინა


გაეროს ბირთვული უწყება აცხადებს, რომ მისმა დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს "ანთროპოგენური წარმომაველობის ბუნებრივი ურანის ნაწილაკები" ირანში მდებარე არადეკლარირებულ ობიექტზე.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) არ ასახელებს ობიექტს თავის კონფიდენციალურ ანგარიშში, რომელიც წელიწადში ოთხჯერ გამოდის და სააგენტოს წევრ ქვეყნებს ურიგდება. ანგარიშს 11 ნოემბერს დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები გაეცნენ.

ისრაელი ირანს ბრალს სდებს ბირთვული აქტივობების წარმოებაში არადეკლარირებულ ობიექტზე, რომელიც თეირანთან ახლოს, თურყუზაბადის რეგიონში მდებარეობს.

IAEA-ს ანგარიში ასევე ამბობს, რომ ირანში იზრდება დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის მოცულობა, რაც წარმოადგენს 2015 წელს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების დარღვევას. ეს ცნობა ასევე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ურანი ახლა ფორდოვის ბირთვულ ობიექტზე ურანს ამდიდრებს, რაც ასევე აკრძალულია ბირთვული ხელშეკრულებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შარშან აშშ გაიყვანა ბირთვული ხელშეკრულებიდან, რომელიც ირანს საშუალებას აძლევდა ჩართულიყო მსოფლიო ვაჭრობაში, მათ შორის, ნავთობის სფეროში, თავისი ატომური პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. ვაშინგტონმა მას შემდეგ ირანის ეკონომიკას მკაცრი სანქციები აღუდგინა, თეირანმა კი უკვე შეწყვიტა რამდენიმე პუნქტის შესრულება და ამბობს, რომ ხელშეკრულებას კიდევ უფრო მეტად დაარღვევს, თუ ხელშეკრულების ევროპელი ხელმომწერები - საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი - არ შეამსუბუქებენ მის ეკონომიკურ მდგომარეობას. ხელშეკრულების კიდევ ორი მსხვილი ხელმომწერი რუსეთი და ჩინეთი არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG