Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ელჩი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა


საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი იმყოფებოდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან მოსაზღვრე სოფელ ოძისში, საიდანაც კარგად ჩანს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სოფელ ახმაჯში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა.

საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, დიეგო კოლასს მეგზურობას უწევდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის უფროსი. საოკუპაციო ხაზთან გამგზავრებამდე კოლასი ევროკავშირის მეთვალყურეებს მცხეთის ოფისში შეხვდა.

საფრანგეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობისადმი. დიეგო კოლასის განცხადებით, რეგიონში არსებული რთული ვითარების პირობებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობს დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილებას.

ევროკავშირის მეთვალყურეებთან შეხვედრის შემდეგ, საფრანგთის ელჩმა ტვიტერზე დაწერა, რომ მისია მამაცურად მოქმედებს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და იმსახურებს მხოლოდ მხარდაჭერას და არა უსაფუძვლო კრიტიკას. დიეგო კოლასის მხარდაჭერას მიესალმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG