Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქრაძე: დღესაც მაქსიმალურად თავშეკავებული ვიქნები, რომ ისრები ოპოზიციისკენ არ გადმოიტანონ


დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ორი დღის განმავლობაში ოპოზიცია მმართველი პარტიისგან შეურაცხყოფას, მიუღებელ და აგრესიულ გამოსვლებს ითმენს იმისთვის, რათა მათ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება არ ჩააგდონ:

„დღესაც კიდევ ერთი დღე მაქსიმალურად თავშეკავებული ვიქნები, რომ არავის მიეცეს საბაბი, რომ ისრები ოპოზიციისკენ გადმოიტანოს, თითქოს ეს ჩვენთან დაპირისპირების გამო ხდება. ქვეყანა დგას ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისის და სერიოზული განსაცდელის წინაშე.

ქვეყანაში არასტაბილურობას რამე თუ შექმნის, ეს კენჭისყრაზე პროპორციული სისტემის ჩაგდება იქნება. ამაზე პასუხისმგებელი მთლიანად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი იქნება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ამას ვიტყვი დღეს მხოლოდ და ხვალინდელ კენჭისყრას დაველოდები“, - უთხრა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.

„პასუხისმგებლობა მთლიანად მათ მხარესაა. კიდევ ერთი დღე მაქსიმალური თავშეკავებით დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტის მოწინააღმდეგე დეპუტატების რაოდენობის გაზრდა „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალა. იგი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებაში“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე დეპუტატების რიცხვი „ნაციონალური მოძრაობის“ „პროვოკაციული გამოსვლების“ ფონზე გაიზარდა:

„ეს ფაქტია და ჩემი გამოგონილი არ არის. მეც ვითხოვე დღეს ტრიბუნიდან, მოდით, დავანებოთ თავი ამ არარეალურ რიტორიკას, დემაგოგიასა და პროვოკაციებს.

საუბრები, რომ მაჟორიტარებს თავისი სუბიექტური ინტერესები აქვთ, ამიტომ აკეთებენ ამ ყველაფერს, არის დამაზიანებელი, უფრო აღიზიანებს მათ. ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მერე რა, რომ უმრავლესობის წევრები არიან, ხომ არ არიან რკინის, აქვთ ემოციები, წარმოდგენები, არგუმენტები და ახმოვანებენ ამ არგუმენტებს. არ უნდა გავაღიზიანოთ დამატებით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტმა ხვალისთვის, 14 ნოემბრისთვის გადადო კენჭისყრა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე 12 ნოემბერს დაიწყო.

საკონსტიტუციო კანონპროექტით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დადო, რაც 2019 წლის ზაფხულში ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით გადაიკეტა, მათ შორის ერთ-ერთი კი სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG