უკრაინამ საერთაშორისო ტრიბუნალებში, მათ შორის გაეროსა და ჰააგის ტრიბუნალებში, გააგზავნა იმ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული მასალები, რომლებითაც რუსეთი ასამართლებს ორგანიზაცია „ჰიზბ უტ-ტაჰრირის“ წევრებს. კიევი ყირიმელი თათრების დევნას უკანონოდ მიიჩნევს და მოსკოვის ქმედებებს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად აფასებს. რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 2003 წელს „ჰიზბ უტ-ტაჰრირი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა.
12 ნოემბერს დონის როსტოვის სასამართლომ მორიგი საბრალდებო განაჩენები გამოუტანა ანექსირებული ყირიმის ექვს მაცხოვრებელს. მათ 7-დან 19 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ტერორისტული ორგანიზაციის შექმნისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. ბრალდებულები დანაშაულს უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ მათ რელიგიური და ეთნიკური მოტივებით დევნიან.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასამართლებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა განაჩენებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. ორგანიზაცია „მემორიალმა“ აქტივისტები პოლიტიკურ პატიმრებად აღიარა.
„ჰიზბ უტ-ტაჰრირთან“ კავშირის ბრალდებით ყირიმელი მუსლიმების დევნა დაიწყო 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. საერთო ჯამში დაპატიმრებულია 50-ზე მეტი ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი