Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უილიამ ტეილორი იმოწმებს წყაროს, რომ ტრამპი ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიებით უფრო იყო დაინტერესებული


უილიამ ტეილორი კონგრესში გამართული მოსმენისას.
უილიამ ტეილორი კონგრესში გამართული მოსმენისას.

უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, უილიამ ტეილორის თქმით, ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა გორდონ სონდლენდმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ გამოძიების წარმოებით უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე უკრაინის მიმართ პოლიტიკით.

ეს განცხადება ტეილორმა 13 ნოემბერს გააკეთა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში დაწყებული საჯარო მოსმენების პირველ დღეს. მოსმენების მიზანია, დაადგინოს, ცდილობდა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლას, რათა ამ უკანასკნელს გამოძიება ეწარმოებინა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების სავარაუდო კანდიდატის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ, და გამოიყენა თუ არა ტრამპმა ამ ზეწოლისთვის სამხედრო დახმარებისა და ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტი.

ტეილორმა საჯარო მოსმენისას განაცხადა, რომ 26 ივლისს მისმა თანამშრომელმა კიევში გამართულ შეხვედრაზე ყური მოჰკრა სონდლენდსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარს. ტეილორის თანამშრომლის თქმით, მან სონდლენდის ტელეფონში გაიგონა, რომ ტრამპმა „გამოძიების“ შესახებ იკითხა.

როცა მოგვიანებით ტეილორის თანამშრომელმა სონდლენს ჰკითხა, რას ფიქრობდა ტრამპი უკრაინის შესახებ, სონდლენდმა მას უპასუხა, რომ ტრამპი „ბაიდენების საქმის გამოძიებით უფრო არის დაინტერესებული“. ტეილორის თქმით, ეს მან თავისი თანამშრომლისგან გასულ კვირაში გაიგო.

დემოკრატების ინიციატივით მიმდინარე გამოძიება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს იმპიჩმენტის პროცესის დაწყება და სენატში გამოძიება, მიზნად ისახავს დაადგინოს, ბოროტად გამოიყენა თუ არა ტრამპმა თავისი თანამდებობა პირადი და პოლიტიკური მოგებისთვის და უბიძგა თუ არა მან უცხო ქვეყნის მთავრობას, რომ გამოძიება ეწარმოებინა მისი მეტოქეების წინააღმდეგ და თუკი ასეა, არის თუ არა ეს ქმედებები იმპიჩმენტის საფუძველი.

სხდომის წევრმა, რესპუბლიკელმა დევინ ნუნესმა თავის გამოსვლაში ამ მოსმენებს უწოდა „დემოკრატების მიერ დადგმული სატელევიზიო თეატრალური წარმოდგენა“. მისი თქმით, ტრამპს არაფერი დაუშავებია, როცა უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტს სთხოვა, გამოძიება ეწარმოებინა მაღალი რანგის დემოკრატის, ჯო ბაიდენის თაობაზე.

საჯარო მოსმენა გამოძიების ახალი ეტაპია. ერთ თვეზე მეტია, კომიტეტში მოწმეებთან საუბარი მხოლოდ დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ტრამპი და მისი მომხრე რესპუბლიკელები დემოკრატებს მიკერძოებულობასა და პროცედურების დარღვევაში ადანაშაულებენ. ოქტომბრის ბოლოს წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობა დემოკრატების ხელშია, მიიღო რეზოლუცია, რომელიც იწონებს გამოძიების ფარგლებში შემდგომ ნაბიჯებს, მათ შორის - საჯარო მოსმენების გამართვას.

პრეზიდენტი ტრამპი გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ დემოკრატები მასთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ეწევიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG