Accessibility links

ახალი ამბები

კადიროვი: იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი მნიშვნელოვნად მიიჩნევს არღუნის ხეობიდან საქართველოსკენ გზის მშენებლობას.

გროზნოს ტელევიზიის ინფორმაციით, ამ საკითხზე კადიროვმა კომენტარი გამოაქვეყნა საკუთარ ტელეგრამ-არხზე: „ეს დროის საქმეა. მშენებლობა რუსეთის, საქართველოს და რეგიონის ბევრი ქვეყნის ინტერესებშია. იტუმ-კალედან საზღვრამდე 40 წუთის გზაა. იმედია, საქართველოში დროთა განმავლობაში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია და ის პირველი გაგიწვდის დახმარების ხელს“.

ამ კომენტარის გამოქვეყნებამდე, 13 ნოემბერს, რამზან კადიროვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩეჩნეთის გავლით რუსეთიდან საქართველოსკენ საავტომობილო გზის მშენებლობას კავკასიისთვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

კადიროვის თქმით, ჩეჩნეთის სოფელ იტუმ-კალედან 40-50 წუთი სჭირდება მგზავრობას საქართველომდე, საიდანაც თურქეთის გავლით ევროპამდე ჩახვალ. „ამიტომ, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენ ეს გზა უნდა გავხსნათ და ურთიერთობები ავაწყოთ მეზობლებთან, კერძოდ, საქართველოსთან“, - განაცხადა კადიროვმა. ჩეჩნეთის მეთაურს იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებმაც იციან, „როგორ ვცხოვრობდით და როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები“.

კადიროვის თქმით, გზის მშენებლობის საკითხს აყენებს, რათა ცენტრალურ ხელისუფლებამდე მიიტანოს პერსპექტივაში მისი გადაწყვეტის აუცილებლობა. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა საქართველომდე გზის მშენებლობის საკითხი 2018 წელსაც დააყენა.

სააგენტო რია-ნოვოსტი წერს, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში იჩქერიის ხელისუფლებამ დაიწყო იტუმ-კალე-შატილის გზის მშენებლობა და საქართველოს საზღვრამდეც მიიყვანა, თუმცა, ჩეჩნეთში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს, ეს გზა დაბომბვების შედეგად დაინგრა.

ყველა ახალი ამბავი

სოფო კილაძე: პრეზიდენტმა, ალბათ ვერ გადმოსცა სათქმელი, რადგან საქართველოში არ არის გაზრდილი

„მე მგონია, რომ ქალბატონ სალომეს სხვა რამის თქმა უნდოდა და ის გულისხმობდა, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი მიმართულება უნდა იყოს განათლება. ალბათ, ვერ გადმოსცა იმიტომ, რომ ის არ არის საქართველოში გაზრდილი“,- უთხრა ჟურნალისტების ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძე, საქართველოს პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას.

„ჩვენ, რა თქმა, უნდა გვყავს ჯარი, ჩვენი შეიარაღებული ძალები, რომლის იმედიც გვაქვს, ჩვენი სამშობლოს დაცვისთვის. მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე სხვა რაღაცას გულისხმობდა, ალბათ, იმის თქმა უნდოდა, რომ ჩვენი ხსნა, ჩვენი მთავარი მიმართულება არის განათლება, მეცნიერება, ამას გულისხმობდა, ალბათ, და ვერ გამოხატა სათანადოდ რისი თქმაც უნდოდა, ჩემი აზრით ასე მოხდა“,- განაცხადა სოფო კილაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებულ ღონისძიებზე, 11 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს არც ჯარი ჰყავს და არც იარაღი რეგიონის დასაპყრობად. საქართველოს იარაღია ცოდნა, განათლება და მეცნიერებაა.

„ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომუცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი ძალიან ძლიერი იარაღი რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, თავისი არქეოლოგიით, თავისი რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომვალით და რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმითი უნდა დაიწყოს რომ, ჩვენ ჩვენი თავის დავიჯეროთ, გვჯეროდეს, რომ გვაქვს მთელი ეს შესაძლებლობები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით სალომე ზურაშვილის სიტყვა დამახინჯდა, ის არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას.

„ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას.“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტტაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ევროპული საქართველოს" წევრებზე თავდასხმის გამო გამოძიება დაიწყო

გიგი უგულავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარტია „ევროპული საქართველოს” წევრებზე, გიგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში უთხრეს, რომ უგულავა, გაბაშვილი და ინციდენტში მონაწილე კიდევ ორი პირი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან.

„მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში. ახლა მივდივართ შუშის შენობაში. ამბობენ თავდამსხმელები დავიჭირეთო. არ ვიცი. ჩვენ კარგად ვართ. გოკას მუხლი დაუზიანდა. ეტყობა ასე ჩაშალეს ჩვენი ორდღიანი მგზავრობა. ძაან საცოდავია ეს რეჟიმი. სასაცილოც კი“ - ამ შინაარსის პოსტი გიგი უგულავამ ფეისბუკის გვერდზე დაახლოებით დღის პირველის ნახევრისთვის გამოაქვეყნა.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვა დამახინჯდა: ადმინისტრაცია განმარტებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებულ ღონისძიებზე განაცხადა, რომ საქართველოს არც ჯარი ჰყავს და არც იარაღი, რეგიონის დასაპყრობად, საქართველოს იარაღია ცოდნა, განათლება და მეცნიერება.

„ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, თავისი არქეოლოგიით, თავისი რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლით და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმითი უნდა დაიწყოს, რომ ჩვენ ჩვენი თავის დავიჯეროთ, გვჯეროდეს, რომ გვაქვს მთელი ეს შესაძლებლობები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: პრეზიდენტის განცხადება არის კატეგორიულად მიუღებელი

„ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები“- ასე
გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯართან დაკავშირებით
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს პრეზიდენტის, როგორც ქვეყნის მთავარსარდლის, განცხადება.

„გუშინ გავეცანით ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი და კატეგორიულად მიუღებელი, ასე ვიტყოდი. ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, ეს მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია საქართველოს მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი შინაარსიის განცხადების გაკეთება. მე არ ვიცი, რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი, ალბათ, საჭიროებს მეტ კონკრეტიკას და ახსნა-განმარტებას მისი განცხადება, მაგრამ ჩემი მხრიდან, როგორც თავდაცვის მინისტრის მხრიდან, მინდა შემდეგი განვაცხადო, რომ ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები და დიდება ჩვენს სამხედროებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, 11 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს არც ჯარი ჰყავს და არც იარაღი აქვს რეგიონის დასაპყრობად, საქართველოს იარაღია ცოდნა, განათლება და მეცნიერება.

„ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, თავისი არქეოლოგიით, თავისი რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლით და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმითი უნდა დაიწყოს, რომ ჩვენ ჩვენი თავის დავიჯეროთ, გვჯეროდეს, რომ გვაქვს მთელი ეს შესაძლებლობები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 9%-მდე გაზარდა. გადაწყვეტილება დღეს, 11 დეკემბერს, გამართულ სხდომაზე მიიღეს.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა და ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, მასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება: „მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც მიზნად ისახავს გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას. მიუხედავად ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი გამყარებისა, გაცვლითი კურსი გაუფასურებული რჩება, რაც მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მოლოდინს უწყობს ხელს“.

ეროვნული ბანკის განცხადებითვე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა გადაწყვეტილებებით, ინფლაციის საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შესანარჩუნებლად პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსის ზეწოლის აღმოფხვრამდე გაგრძელდება. შესაბამისად, კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

წინა სხდომაზე, რომელიც 23 ოქტომბერს გაიმართა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი ერთი პროცენტული პუნქტით, 8.5%-მდე გაზარდა.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე წნეხი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზომიერი ზრდის ტემპი შენარჩუნებულია, ოქტომბერ-ნოემბერში ტურისტული შემოსავლების წლიური ზრდა დაფიქსირდა და წლის მესამე კვარტალში გაიზარდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება.

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 29 იანვარს ჩატარდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ დღეს, 11 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2019 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 111 400 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტით, 9 პროცენტამდე გაეზარდათ.

„საზოგადოება და ბანკების“ განცხადებით, ლარის გაცვლითი კურსი ნოემბერში კვლავ გაუფასურებას განაგრძობდა, რაც უარყოფითი მოლოდინებით იყო განპირობებული: „აღნიშნულ პირობებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ერთი მხრივ, მცირედით გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს, თუმცა დადებითად აისახება გაცვლით კურსზე და ინფლაციის მაჩვენებელზე“.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს ე.წ. სასამართლო 13 დეკემბერს განიხილავს

ვაჟა გაფრინდაშვილი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სასამართლო პარასკევს, 13 დეკემბერს, განიხილავს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს.

ექიმის ქალიშვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვლადიკავკაზელი ადვოკატისგან მიღებული ინფორმაციით, საქმის განხილვა 15 საათზე დაინიშნა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი მოსკოვის დროით ცხოვრობს. შესაბამისად, დე ფაქტო სასამართლოში სხდომა თბილისის დროით 16 საათზე უნდა დაიწყოს.

უკანონო პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი დღეს, 11 დეკემბერს, განიხილება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდზე.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმისას 5 ქართველი სამხედრო დაშავდა

ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ბაგრამის საავიაციო ბაზასთან. 2019 წლის 11 დეკემბერი

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმისას, მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-12 ბატალიონის კაპრალების, გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ქართველმა სამხედროებმა გააგრძელეს ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობა კოალიციურ ძალებთან ერთად.

სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი გადასულია საგანგებო მდგომარეობაზე, სიტუაციურ ოთახში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებიან და პირდაპირ რეჟიმში აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.

თავდაცვის სამინისტრო დამატებით ინფორმაციას ოპერაციის დასრულების შემდეგ გაავრცელებს.

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს.

ბაგრამის ბაზასთან შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ბაგრამის საავიაციო ბაზა(საარქივო ფოტო)

ავღანეთში, ბაგრამის აეროდრომთან, უდიდესი ამერიკული საავიაციო ბაზის მახლობლად ორი დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქების შემდეგ შეიარაღებული თავდამსხმელები დაუპირისპირდნენ უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს.

ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე იყო ბაგრამის ბაზის მახლობლად, ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად მშენებარე სამედიცინო დაწესებულება. მისიის პრესსამსახურის ცნობით, თავდასხმა სწრაფად მოიგერიეს, თუმცა მშენებარე ობიექტი სერიოზულად დაზიანდა.

"მტკიცე მხარდაჭერის" მისიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კოალიციურ ძალებში დანაკარგი არ არის და ბაგრამის საავიაციო ბაზა თავდასხმის განმავლობაში უსაფრთხოდ რჩებოდა. ბაგრამის ბაზაზე, ნატოს კოალიციური ძალების შემადგენლობაში, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, მისიას ასრულებენ ქართველი სამხედროებიც.

რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს მოჰყავს ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმის განცხადება, რომ ბაგრამის ბაზასთან მშენებარე სამედიცინო დაწესებულება ცეცხლით იყო მოცული. ექიმის ინფორმაციით, მის საავადმყოფოში ხუთი დაჭრილი მიიყვანეს. მათ ეროვნებას არ ასახელებენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

აშშ-ში მსხვერპლი მოჰყვა სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაციას

6 ადამიანია მოკლული ნიუ-იორკთან მდებარე ქალაქ ჯერსი-სიტიში პოლიციელებსა და დანაშაულში ეჭვმიტანილებს შორის შეიარაღებული დაპირისპირებისას, რომელიც რამდენიმე საათს გრძელდებოდა.

სროლა დაიწყო ქალაქის სასაფლაოსთან, სადაც სამართალდამცავები ორი ეჭვმიტანილის დაკავებას ცდილობდნენ. მათ ცეცხლი გახსნეს და ერთი პოლიციელი სასიკვდილოდ დაჭრეს.

ჯერსი-სიტის პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები სასაფლაოს ტერიტორიიდან გაიქცნენ მოპარული სატვირთო ავტომანქანით და შემდეგ სუპერმარკეტ JC Kosher-ში შეიჭრნენ.

ორმხრივი სროლა სუპერმარკეტშიც გაგრძელდა. მოკლულია ორივე თავდამსხმელი და სუპერმარკეტში მყოფი სამი ადამიანი. დაჭრილია ორი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი.

გატაცებულ სატვირთო ავტომანქანაში აღმოჩენილია ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება. გამოძიებას ჯერჯერობით არ აქვს იმის მტკიცებულება, რომ დანაშაული სიძულვილის მოტივითაა ჩადენილი.

ჯერსი-სიტის მერის, სტივენ ფალოპის ინფორმაციით, პოლიციელი ჯო სილსი, რომელიც დამნაშავეებმა სასაფლაოზე მოკლეს, 5 შვილის მამა იყო და ქალაქის პოლიციაში 2006 წლიდან მუშაობდა.

პარლამენტთან ორი პირი დააკავეს

გვიან ღამით ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საქართველოს პარლამენტთან, სადაც კარვები აქვთ გაშლილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, ნოემბერში დაწყებული აქციების მონაწილე სამოქალაქო მოძრაობების აქტივისტებს. მათი ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ორმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ერთი მათგანი კი ფიზიკურად გაუსწორდა აქტივისტს, რასაც ორმხრივი დაპირისპირება მოჰყვა. კონფლიქტში მონაწილეობდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელსაც პარლამენტთან ასევე, კარავი აქვს გაშლილი.

აქტივისტი ვახტანგ გაგნიძე ვარაუდობს, რომ ამ პირებს კავშირი აქვთ ორგანიზაციასთან „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“, რომელმაც პარლამენტთან კარავი 10 დეკემბერს, საღამოს გაშალა და აპროტესტებს, რომ აქციების ორგანიზატორი „სირცხვილია“ და სხვა სამოქალაქეო მოძრაობები საზოგადოების სახელით ლაპარაკობენ.

„შევინარჩუნოთ სიცოცხლე“-ს აქტივისტმა შალვა კუჭაშვილმა „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ ერთ-ერთი პირი ძალადობის ფაქტამდე მათ კარავთან იმყოფებოდა და გაესაუბრა, თუმცა ორგანიზაციას ამ ადამიანებთან არანაირი კავშირი არ აქვს. კუჭაშვილის განცხადებით, ის მომხდარ ფაქტს გმობს.

პოლიციამ ორივე პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

მაიკ პომპეო: აშშ პასუხს გასცემს გარე ძალების მხრიდან არჩევნებში ჩარევის მცდელობას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ვაშინგტონი საპასუხო ზომებით დაუპირისპირდება რუსეთის ან სხვა რომელიმე გარე ძალის მხრიდან აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობას. ამის შესახებ მაიკ პომპეომ განაცხადა 10 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ეს დაუშვებელია და მე ეს მკაფიოდ განვაცხადე რუსეთთან დაკავშირებით ჩვენს მოლოდინზე საუბრისას. ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა საიმედოდ დაიცვას ჩვენი არჩევნების ხელშეუხებლობა“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

თავის მხრივ ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთს სურდა გაესაჯაროვებინა აშშ-ის წინა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ვაშინგტონთან კომუნიკაციის ყველა საიდუმლო არხი, რათა გაფანტულიყო ეჭვები რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის მცდელობის თაობაზე. „სამწუხაროდ, ამ ადმინისტრაციამ ამაზე უარი თქვა“, - აღნიშნა ლავროვმა და დასძინა, რომ მოსკოვი კვლავ მზად არის ამ დოკუმენტების გასაჯაროებისთვის.

რუსლი მედისი ცნობით, მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე, ლავროვმა შესთავაზა ვაშინგტონს, რომ დაუყოვნებლად გაგრძელდეს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემდგომი შემცირების (START) შეთანხმება, რომლის მოქმედების ვადაც 2021 წელს იწურება.

მარგველაშვილი: საუბარია, რომ ჩამოყალიბდება „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები ოპოზიცია

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატების შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა. მარგველაშვილის თქმით, იგეგმება „მისაღები ოპოზიციის“ ჩამოყალიბება.

„ჩვენ ვნახეთ იმ პოლიტიკური ძალის ლიდერის განცხადება, რომელსაც ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, რომ ის ელის ისეთ ოპოზიციას, რომელიც სახლში წასვლის შესაძლებლობას მისცემს. ანუ ფაქტობრივად საუბარია, რომ ჩამოყალიბდება „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები ოპოზიცია და მერე ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, დავსხდებით ტელეეკრანებთან და ვუყურებთ ერთი მხრივ, ოპოზიციაც და მეორე მხრივ, ხელისუფლებაც როგორ ადიდებენ „ქართული ოცნების“ სავარაუდოდ ყოფილ ლიდერს, ხოლო შემდეგ უკვე სრულიად ერის ლიდერს - ბიძინა ივანიშვილს. მისთვის მისაღები ოპოზიცია რომ ჩამოყალიბდება, ხომ ავა უფრო ზევით და ყველაფერი მისი იქნება - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც. ჩვენ ყველანი დავაკვირდებით, ისინი როგორ ადიდებენ ივანიშვილს და ლანძღავენ ერთმანეთს“, - ამბობს მარგველაშვილი.

ექსპრეზიდენტის დაკვირვებით, „მისაღები ოპოზიციის“ ჩამოყალიბება თვეების განმავლობაში მიმდინარეობს.

„ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. დაახლოებით გაზაფხულიდან, როდესაც მოვისმინეთ ივანიშვილის განცხადება, რომ 1 წელიწადში ყველაფერს დაალაგებს, იმის მერე ვხედავთ ასეთი ოპოზიციის არაერთ კასტინგს. გაზაფხულიდან დაწყებული ამ ოპოზიციის კასტინგებია, რომელი შეძლებს ამ კეთილი და მისაღები ოპოზიციის როლის თამაშს. რომელია გულწრფელი, რომელი ჩაწყობილი, სად ახლობელმა დაურეკა და უთხრა, მიდი ახლა შენი დროა კასტინგში მონაწილეობისა, რომელი შიშით არის - ამის თქმა ძნელია, თუმცა კასტინგი გაზაფხულიდან მიმდინარეობს. ამ კასტინგზე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ის რეჟისორები, რომლებიც ასე მდარე სპექტაკლს დგამენ, ეს მე არ ვიცი, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება ეს ჯანყი „ქართულ ოცნებაში“ ერთი კასტინგის პროცესია,“ - თქვა მარგველაშვილმა.

ყოფილ პრეზიდენტს პარლამენტის წევრი თამარ ხულორდავა გამოეხმაურა. მან 14 ნოემბერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ „ქართული ოცნების" რიგები დატოვა.

„არ შეეფერება ასეთი მდაბიო განცხადება საქართველის ყოფილ პრეზიდენტს. საკუთარი საზომით ნუ განსჯით სხვებს!", - წერს „ფეისბუკზე" ხულორდავა.

ირანელი ადვოკატები მოითხოვენ სისხლიანი ჩახშობის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას

160 ირანელი ადვოკატი გამოვიდა მოწოდებით, რომ გამოძებულ იქნას მასობრივი საპროტესტო აქციების სისხლიანი დარბევა, რასაც ადგილი ჰქონდა ირანის 100-ზე მეტ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში.

ადვოკატებმა ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან როჰანის მიმართეს ღია წერილით, რომელიც ოპოზიციურ საიტ Kalameh-ზე 9 დეკემბერს გამოქვეყნდა.

გამჭვირვალე და სანდო გამოძიებისკენ მოწოდების გარდა, წერილის ავტორები ასევე მოითხოვენ, რომ პასუხი აგონ სისხლიან დარბევაში მონაწილე ყველა პირმა.

ირანის ხელისუფლებას დღემდე არ გამოუქვეყნებია საბოლოო ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა 15 ნოემბრიდან დაწყებული იმ საპროტესტო აქციების ჩახშობის შედეგად, რაც ირანში ბუნებრივ აირსა და საწვავზე ფასების მკვეთრ ზრდას მოჰყვა.

აქციების დროს ადგილი ჰქონდა ძალადობას და შეტაკებას, რასაც უშიშროების ძალებმა გამანადგურებელი ძალის გამოყენებით უპასუხეს.

2 დეკემბერს „ამნესტი ინტერნეშენელმა“ გამოაქვეყნა ცნობა, რომ სულ მცირე, 208 ადამიანი იქნა მოკლული ირანში გამოსვლების ჩახშობის დროს. ისლამური რესპუბლიკის იუსტიციის უწყების წარმომადგენელმა, ღოლამჰოსეინ ესმაილიმ ეს ცნობა უარყო.

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პატიმრობაში მყოფი ორი რუსი აქტივისტის საჩივარი

სიდოროვი და მორდასოვი

დონის როსტში მდებარე სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ია სიდოროვისა და ვლადისლავ მორდასოვის სარჩელები მათ მიმართ დამდგარ განაჩენზე, რომლითაც ორ აქტივისტს მასობრივი არეულობების მოწყობისათვის პირველი ინსტანციის სასამართლომ ექვსნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მსჯავრდებულების ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ უზენაეს სასამართლოში და შემდეგ სტრასბურგის სასამართლომდეც მივლენ.

იან სიდოროვი და ვლადისლავ მორდასოვი ქალაქ დონის როსტოვში 2017 წლის 5 ნოემბერს დააპატიმრეს, რუსეთში აკრძალულ ორგანიზაცია „"Артподготовка"-ს (საარტილერიო მომზადება) კიდევ 11 წევრთან ერთად, რომლებიც იმ დღეს „რევოლუციას“ გეგმავდნენ.

გამოძიების ვერსიით, სოციალურ ქსელ „ტელეგრამის“ საშუალებით ისინი მოუწოდებდნენ ადამიანებს არეულებებისაკენ, გეგმავდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და საოლქო ხელისუფლების შენობის ხელში ჩაგდებას.

უფლებათდაცველმა ცენტრმა „მემორიალმა“ სიდოროვი და მორდასოვი პოლიტპატიმრებათ სცნო.

პრეზიდენტის მრჩეველი: უცხოეთში საქართველოზე არაკომპეტენტური კვლევები კეთდება

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უცხოეთში საქართველოს შესახებ არაკომპეტენტური კვლევები კეთდება, რის გამოც, ის საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის.

“საუბარია არაკომპეტენტურ კვლევებზე. საქართველო ამაში ვერ ჩაერევა. შეიქმნება ცენტრი, რომელსაც ექნება ისეთი ავტორიტეტი, რომლის გარეშეც თუ ადამიანი თავს უწოდებს საქართველოს ექსპერტს და ეს ცენტრი არ აღიარებს მის დამსახურებებს, ეს ნეგატიურად აისახება თავად ამ მეცნიერის ავტორიტეტზე”, - განმარტავს პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ცენტრი არ იქნება ახალი ინსტიტუცია ახალი სტაფით და დამატებითი დაფინანსება საჭირო არ გახდება. მისივე თქმით, ცენტი გააერთიანებს ყველა ძირითად კვლევით ინსტიტუტს, განათლების სამინისტროს და მის სსიპ-ს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, რექტორებს. ცენტრში არავინ ჩაერთვება სამთავრობო სტრუქტურებიდან.

კონსტანტინე ნაცვლიშვილის განმარტებით, ცენტრის ძირითადი მიზანი იქნება თანამედროვე და ობიექტური ინფორმაციის კოორდინირებული შეგროვება საქართველოსა და რეგიონის შესახებ და ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, უცხოეთში:

“დღეს გვაქვს ინსტიტუციონალური დაქსაქსულობა და სახელმწიფო ვერ აქცევს ყურადღებას ქართველოლოგიის ცენტრებს უცხოეთში. ამიტომ უცხოეთში ქართველოლოგიის მიმართულებებმა მიიღო ქაოტური ხასიათი და ჩვენ ვხვდებით საქართველოს ექსპერტებს, რომლებმაც არ იციან ქართული ენა, სათანადო. არ ფლობენ უნარებს ქართული კულტურის ცოდნის”.

სირიის თაობაზე ყაზახეთში დაიწყო სამმხრივი მოლაპარაკების მორიგი რაუნდი

სირიის თაობაზე მოლაპარაკების ერთ-ერთი რაუნდი

თურქეთის, ირანისა და რუსეთის დელეგაციებმა 10 დეკემბერს თავი მოიყარეს ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში, სადაც ორი დღის განმავლობაში გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკების მორიგი რაუნდი სირიის თაობაზე.

ე.წ. ასტანის პროცესი მიზნად ისახავს სირიის რვაწლიანი სამოლაქო ომის პოლიტიკური მოწესრიგების გზების მოძებნას, კერძოდ ომის შემდგომი კონსტიტუციური მოწყობის, გარდამავალი პოლიტიკური პროცესის, უსაფრთხოებასა და დევნილთა დაბრუნებასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვას.

2017 წლის შემდეგ ეს არის უკვე მე-17 შეხვედრა, რაც მიზნად ისახავს გაეროს დახმარებით ჟენევაში დაწყებული სამშვიდობო პორცესის ხელშეწყობას.

შსს: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ინციდენტის დროს დაზარალდა საქართველოს მოქალაქე

მიმდინარეობს გამოძიება, პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცველები, - უთხრეს რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში, 6 დეკემბერს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ინციდენტის შესახებ.

„საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილია შემთხვევის ადგილთან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

პაციენტი უკვე მოინახულეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაზარალებულის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დამაკმაყოფილებელი“, - გვითხრეს შსს-ში და დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

პუტინი: დონბასში განმეორდება სრებრენიცა, თუ საზღვარზე კონტროლს კიევი დაამყარებს

პარიზში გამართული შეხვედრიდან მეორე დღეს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ დონბასში შესაძლოა განმეორდეს სრებრენიცა, თუ კიევი კონტროლს დაამყარებს რუსეთთან დამაკავშირებელ დონეცკისა და ლუგანკის სასაზღვრო მონაკვეთებზე.

„უკრაინის მხარე მუდმივად აყენებს საკითხს: მოგვეცით შესაძლებლობა, რომ სამხედრო ძალით ჩავკეტოთ საზღვრებიო. წარმომიდგენია, შემდეგ რაც მოხდება. სრებრენიცა განმეორდება, მორჩა და გათავდა“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

1995 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ სრებრენიცაში ბოსნიელმა სერბმა სამხედროებმა დახოცეს 8000-მდე მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი.

2007 წლის თებერვალში საერთაშორისო სასამართლომ სისხლისღვრა სრებრენიცაში გენოციდად ცნო.


რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 9 დეკემბერს ღამის სამ საათამდე განიხილავდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად დონეცკსა და ლუგანსკში მცხოვრები ადამიანების შესაძლოა დევნის საკითხს. „უკრიანას ჯერაც არ მიუღია კანონი ამნისტიის შესახებ, ჯერ კიდევ 2015 წელს შევთანხმდით, რომ ამ კანონს მიიღებდნენ, რაღაც გადაწყვეტილებები არსებობს, მაგრამ ძალაში არაფერია შესული“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

პარიზში, 9 დეკემბერს გაიმართა ე.წ. ნორმანდიის ოთხეულის შეხვედრა, რომლის მონაწილეებმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა და უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ვლადიმირ პუტინმა განიხილეს არაერთი საკითხი აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოწესრიგების მიზნით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ოთხ თვეში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.

ოპოზიციის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ კარავი გაშალეს

პარლამენტის შენობის წინ ორგანიზაციის „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ წარმომადგენლებმა კარავი დადგეს. ორგანიზაციის მხარდამჭერები არიან მოკლული ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე და პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე.

ორგანიზაცია „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ გუშინ შეიქმნა. მისი დამფუძნებლების განცხადებით, მათი მიზანი ოპოზიციის აქციებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა.

როგორც კარვის გაშლისას ორგანიზაციის აქტივისტმა შალვა კუჭაშვილმა თქვა, „რუსთაველი არ არის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის საკუთრება, ის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის“, შესაბამისად, იქ კარვის გაშლის უფლება ყველას აქვს. მისივე სიტყვებით, კარავში დარჩებიან მანამ, სანამ ამის საჭიროებას დაინახავენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ლიკა გამრეკელის თქმით, ორგანიზაცია „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებული ადამიანების მიერ შეიქმნა. ისინი მოითხოვენ, რომ ბოკერია-სააკაშვილი გასამართლდნენ და მათი მმართველობის პერიოდს დაერქვას რეჟიმი.

კარავზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გაშალეს, გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის ფოტოებია მიკრული. ორგანიზაციის „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ წარმომადგენელთა განცხადებით, ეს ადამიანები არიან „სისხლიანი რეჟიმის“ სიმბოლოები.

დემოკრატებმა პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტისთვის ორი მუხლი დაასახელეს

აშშ-ის კონგესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერებმა 10 დეკემბერს განაცხადეს, რომ შეეცდებიან მიაღწიონ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობისა და თავისი საქმიანობით გამოძიებისთვის ხელის შეშლის მუხლებით.

მანამდე, 5 დეკემბერს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოწოდებით გამოვიდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, რომლის თქმით, ტრამპმა სერიოზულად დაარღვია შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

ამ ბრალდებებზე იქნება დაფუძნებული იმპიჩმენტის ოფიციალური საბრალდებო დოკუმენტი, რომელსაც, მოელიან, რომ ამ კვირაშივე გაიტანენ კენჭისყრაზე წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტზე. აღნიშნული კომიტეტის მიერ იმპიჩმენტის მუხლის მხარდაჭერის შემთხვევაში, დოკუმენტს კენჭს უყრის წარმომადგენელთა პალატა, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს ეკუთვნით.

დემოკრატები ამტკიცებენ, რომ დონალდ ტრამპმა ძალაუფლებით ბოროტად ისარგებლა და საკუთარი ინტერესი დააყენა სახელმწიფოსაზე უფრო მაღლა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, სატელეფონო საუბრის დროს ახდენდა ზეწოლას თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენისათვის ზიანის მიყენების მიზნით.

რამდენიმე მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით დემოკრატები აცხადებენ, რომ ტრამპმა ზაფხულში გაყინა უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო დახმარება, რათა ამ გზით დაეყოლიებინა უკრაინის ხელისუფლება ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობის გარშემო გამოძიების დაწყებაზე.

მეორე საიმპიჩმენტო ბრალდება უკავშირდება ტრამპის ადმინისტრაციის უარს კონგრესში დაწყებულ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. თეთრმა სახლმა ადმინისტრაციის რამდენიმე წამყვან თანამშრომელს აუკრძალა ჩვენების მიცემა წარმომადგენელთა პალატის შესაბამისი კომიტეტის წევრებისათვის.

აშშ-ის პრეზიდენტი და მისი რესპუბლიკელი მომხრეები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია და ოპონენტები ცდილობენ, ჩირქი მოსცხონ პოლიტიკური მოტივით. თუ წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა მხარს დაუჭერს აშშ-ის პრეზიდენტის საიმპიჩმენტო ბრალდებას, საკითხის განხილვა ამის შემდეგ გადაინაცვლებს სენატში, სადაც რესპუბლიკელები უმრავლესობაში არიან.

დამკვირვებლები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენება ნაკლებად სავარაუდოა.

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

საოკუპაციო ძალებმა გაათავისუფლეს 7 დეკემბერს დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე, - ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სამართალდამცველებმა ერგნეთიდან გორში, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

დაკავებულები იყვნენ სოფელ ბოჟამის მცხოვრები ემზარ გამხიტაშვილი, ლამისყანის მკვიდრი ემზარ ზარიძე და სამთავისელი მერაბ გამხიტაშვილი. მათთან ერთად დაკავებული 14 წლის მოზარდი მაშინვე გაათავისუფლეს.

როგორც მათი ახლობლები აცხადებენ, ისინი საოკუპაციო ხაზის მახლობელ ახმაჯის ტყეში შეშის დასამზადებლად მიდიოდნენ, როცა დააკავეს. ზარიძესა და გამხიტაშვილებს უფლება მიეცათ, თავიანთ ოჯახებს დაკავშირებოდნენ და ეცნობებინათ, რომ ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდნენ. 9 დეკემბერს ზარიძეებმა 5000 რუბლი, ეგრეთ წოდებული ჯარიმა გადაიხადეს.

"რუსთავი 2"-ის საქმეს სტრასბურგში დიდი პალატა არ განიხილავს

„გუშინ, 9 დეკემბერს, სტრასბურგის სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ, ე.წ. ფილტრაციის კომიტეტმა იმსჯელა და განსახილველად არ მიიღო „რუსთავი 2“-ის ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი“, - თქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მან მედიას 9 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც 10 დეკემბერს გასაჯაროვდა.

წულუკიანის თქმით, „რუსთავი 2“-ის ყოფილი მესაკუთრეები სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილების გადახედვას მოითხოვდნენ.

„ეს არის სახელმწიფოს, იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის დიდი გამარჯვება, მეორე გამარჯვება. ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც სახელმწიფო ინიტერესის და სიმართლის დასაცავად იყო მობილიზებული, მინდა მადლობა გადავუხადო.

ასევე მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოსთვის, მისი დიდი პალატისთვის, რომელიც ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილებით ამ საქმეზე გადაწყვეტილებას იღებდა. მათ თავის დროზე მრავალი შეტევა და შეურაცხმყოფელი სიტყვა დაიმსახურეს. ჩვენ ვიდექით ქართული მართლმსაჯულების ღირსების სადარაჯოზე ევროპაში. როგორც 18 ივლისს, ასევე გუშინ, 9 დეკემბერს, ევროპული სასამართლოს დონეზე დამტკიცდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება არ არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და საკუთრების უფლებას“, - ამბობს თეა წულუკიანი.

ევროსასამართლოს ხუთი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებით, საქმე „რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის დიდ პალატას არ გადაეცემა.

მოსარჩელეები, „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრეები - ლევან ყარამანიშვილი, გიორგი ყარამანიშვილი და ტელეკომპანია „საქართველო“ მოითხოვდნენ, რომ ევროსასამართლოს მიერ 18 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება განსახილველად დიდი პალატისთვის გადაეცათ.

მოცემულ შემთხვევაში პალატამ განიხილა, საქმე წარმოშობდა თუ არა კითხვებს; იყო თუ არა ევროკონვენციის ან მისი ოქმების ინტერპრეტაციის ან განმარტების საჭიროება. ან თუ წარმოშობდა სერიოზულ საკითხებს, რომლებიც ზოგადი მნიშვნელობის არის და რაზეც დიდ პალატას საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა.

ხუთი მოსამართლისგან შემდგარი პანელის მიერ საქმის დიდი პალატისთვის გადაცემაზე უარი საბოლოო გადაწყვეტილებაა.

18 ივლისის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვიტა:

· დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, მომჩივნების საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით;

· ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება საქართველოს სასამართლოს არცერთ ინსტანციაში;

· 6 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლეებთან თ. ურთმელიძესა და მ. თოდუასთან დაკავშირებით;

· ერთხმად დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები;

· აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 60%-ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაში გახდა, ხოლო 40%-ისა - შპს „პანორამა“, რომლის მესაკუთრე ასევე ხალვაშია.

იაკუტიელი შამანი ხელმეორედ დააკავეს მოსკოვის მიმართულებით მსვლელობისთვის

იაკუტიელი შამანი ალექსანდრ გაბიშევი პოლიციამ კვლავ დააკავა რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ისევ წამოიწყო მსვლელობა მოსკოვისკენ კრემლიდან „პუტინის განდევნის“ განზრახვით.

2019 წლის მარტში პოპულარულმა შამანმა გამოაცხადა მოსკოვისკენ ფეხით მსვლელობის დაწყების შესახებ. მაშინ იგი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი პუტინი „ბნელი ძალების პირმშოა“ და მისი განდევნა მხოლოდ მის მსგავს შამანს შეუძლია.

გაბიშევმა ფეხით 3 ათასი კილომეტრი გაიარა და ამ მოგზაურობაში არაერთი მომხრე შეიძინა.

საბოლოოდ, იაკუტიელი შამანი 19 სექტემბერს დააკავეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა და უკან იაკუტიაში დააბრუნეს, სადაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, როგორც ფსიქიკურად შეურაცხადი.

მოგვიანებით მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ექსტერმიზმისაკენ საჯარო მოწოდების მუხლით. სექტემბერში გაბიშევი გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს. მაგრამ 8 დეკემბერს მან კვლავ წამოიწყო ფეხით მსვლელობა მოსკოვისკენ.

გაბიშევის ხელმეორედ დაკავების საფუძველი ჯერჯერობით უცნობია.

სამუდამო პატიმრობა მიესაჯა პეტერბურგის მეტროში 2017 წელს მოწყობილი აფეთქების ორგანიზატორს

აზიმოვის დაპატიმრება მოსკოვის ოლქში

სანქტ-პეტერბურგის სამხედრო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ქალაქის მეტროში 2017 წელს მოწყობილი ტერაქტის მთავარ ორგანიზატორს, არბორ აზიმოვს, დანარჩენ განსაჯელებს კი 19 და 28 წლით პატიმრობა შეუფარდეს.

10 დეკემბერს გამართულმა სასამართლომ არბორ აზიმოვი დამნაშავედ ცნო ტერაქტის დაფინანსებაში. უშუალოდ თავდახმა კი განახორციელა 22 წლის უზბეკური წარმომავლობის რუსეთის მოქალაქემ აკბარჟონ ჯალილოვმა. 2017 წლის 3 აპრილის ტერაქტს სანქტ-პეტერბურგის მეტროში 15 ადამიანი შეეწირა, 67 კი დაიჭრა.

ტერაქტის საქმეზე 20 წლით პატიმრობა მიესაჯა ერთადერთ ქალს, შოხისტა კარიმოვას, რომელმაც მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ გონება დაკარგა.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ სამხედრო სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

83 მომხრე, ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 14 432 866 000 ლარს შეადგენს.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 14 554 200 000 ლარია.

რაც შეეხება ბიუჯეტის ძირითად მაჩვენებლებს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა. ამასთან, 2020 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 53.1 მლრდ ლარს შეადგენს.

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბიუჯეტის დეფიციტი 2020 წელს ნაერთი ბიუჯეტისათვის მშპ-თან მიმართებით 2.4%-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, პროგნოზებში გათვალისწინებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი და შეადგენს 3%-ს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG