Accessibility links

logo-print logo-print

კონგრესმენი კინზინგერი: საქართველო რუსეთი არ არის, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს


კონგრესმენი ადამ კინზინგერი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში. 2019 წლის 8 ნოემბერი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ შოკირებულია კრახით, რომელიც საქართველოს პარლამენტში განიცადა დაპირებულმა რეფორმამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

რესპუბლიკელი კონგრესმენი ოფიციალურ ვებსაიტზე წერს, რომ საქართველოში ახლახან იმყოფებოდა და კმაყოფილი დარჩა იმით, რომ რეფორმა გარდაუვალი ჩანდა. ადამ კინზინგერის განცხადებით, ეს ვალდებულება აღებული იყო საერთაშორისო თანამეგობრობის და, რაც მთავარია, ქართველი ხალხის წინაშე. კონგრესმენი იმედს გამოთქვამს, რომ სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად გამოსწორდება.

როცა ამ რეგიონს ვუყურებთ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ რუსეთი ქვეყანაა, რომელიც კრახს განიცდის რეპრესიული მმართველობის გამო. საქართველო რუსეთი არ არის და ქართველი ხალხი მოითხოვს და იმსახურებს უკეთესს, ვიდრე ეს პარლამენტმა აჩვენა, - აღნიშნავს ადამ კინზინგერი.

წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განაახლოს მოლაპარაკებები და მიიღოს მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტი. კინზინგერი ამბობს, რომ ქართველებს სურთ მთავრობა ხალხისთვის და ხალხიდან, სურთ დასავლეთთან უფრო ახლოს მყოფი მთავრობა და სურთ, რომ აღიარებული იყვნენ ნატოს მოკავშირეებად.

რესპუბლიკელი კონგრესმენი აცხადებს, რომ კონსტიტუციური მოთხოვნის შეუსრულებლობა საჩუქარი იქნება ვლადიმირ პუტინისთვის და დაანგრევს საქართველოს პროგრესს, რომელიც მიღწეულია აგრესიული და თავდამსხმელი მეზობლის, რუსეთისგან სრული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები „ქართულ ოცნებას“ და მის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ ხალხის მოტყუებაში და მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG