Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკაკი ზოიძე: პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, გულით - არა


გარკვეული პაუზა მჭირდება - პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, ოღონდ, როგორც ჩანს, გულით არა, - უთხრა ჟურნალისტებს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

აკაკი ზოიძის თქმით, სამომავლო გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის, დატოვებს თუ არა უმრავლესობას, დრო სჭირდება, ვინაიდან განხიბლულია იმ შედეგით, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებით დადგა.

„ძალიან განხიბლული ვარ საბოლოოდ, გულდაწყვეტილი იმ შედეგებით, რაც საბოლოო ჯამში მივიღეთ და რაც ასევე ვთვლი, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივეცით ხმა იმ დაპირების შესრულებას, რაც გავეცით. მეორე, მე მჭირდება გარკვეული დრო გადასაფასებლად, დასაფიქრებლად, ქვეყნის მომავალთან, ჩვენი გუნდის მომავალთან და ჩემს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, ამ არგუმენტებისა და ამ სიტუაციის გააზრება. გარკვეული პაუზა მჭირდება ამისთვის და იმედი მაქვს, ადამიანურად გამიგებთ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

უმრავლესობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით აკაკი ზოიძე მკაფიო პასუხს არ იძლევა.

„არც ერთ შემთხვევაში მე არ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს „ქართული ოცნების“ იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რითაც ჩვენ მოვედით და ასევე იმ თანაგუნდელებს, რომლებიც ამ ღირებულებების ერთგულნი არიან. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება საზიანო ამ მიმართულებით და ქვეყნის საზიანო არ იქნება. პაუზა - ეს არის, რომ მე უნდა დავფიქრდე. ვიტყვი საბოლოოდ, რომ ერთადერთი დასკვნა, რაც ჩემს თავში გამოვიტანე, ეს არის, რომ პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, ოღონდ, როგორც ჩანს, გულით - არა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბეგაძემ.

15 ნოემბერს უმრავლესობა დატოვეს „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებმა - ნინო გოგუაძემ, ზვიად ძიძიგურმა და გიგა ბუკიამ.

ჯამში, ამ დროისთვის უმრავლესობას გამოაკლდა 12 დეპუტატი.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG