Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრს ულტიმატუმი წაუყენეს პრაღაში მიმდინარე ანტისამთავრობო მიტინგზე


ანდრეი ბაბიში
ანდრეი ბაბიში

16 ნოემბერს პრაღაში, ლეტნას პარკში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს მოუწოდეს, რომ ინტერესთა კონფლიქტის გადასაჭრელად უარი თქვას ჰოლდინგ „აგროფერტსა“ და მის საკუთრებაში არსებულ მედიასაშუალებებზე, ასევე გადააყენოს იუსტიციის მინისტრი, მარია ბენეშოვა.

ანტისამთავრობო დემონსტრაციის მთავარი ორგანიზატორია ლიდერი მოძრაობისა „მილიონი მომენტი დემოკრატიისათვის“, პრაღის კარლის უნივერსიტეტის სტუდენტი, მიკულაშ მინაჟი.

წინა აქციების მსგავსად, ტრიბუნაზე გამომსვლელებს შორის არიან მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები, მეცნიერები, მსახიობები და მომღერლები.

პრემიერ-მინისტრისა და მისი პოლიტიკური მოკავშირის, ქვეყნის პრეზიდენტ, მილოშ ზემანის წინააღმდეგ, მსგავსი აქციები პრაღაში წელს რამდენჯერმე გაიმართა.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის საწინააღმდეგო მოძრაობას ქვეყანაში ახალი იმპულსი მისცა ევროკომისიაში მომზადებულმა წინასწარმა აუდიტორულმა დასკვნამ. მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, ანდრეი ბაბიშის მიერ შექმნილ ბიზნესკომპანია „აგროფერტს“, რომელიც მოიცავს ქიმიურ, კვების, სასოფლო-სამეურნეო საწარმოებსა და მედიაორგანიზაციებს, არ ჰქონდა უფლება, ესარგებლა ევროკავშირის სუბსიდიებით.

ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ არ გადადგება ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ ფსევდობრალდებების გამო. მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, მისმა პარტია ANO-მ, რომელსაც, გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა 30 პროცენტამდე ემხრობა, ჩეხეთის ყველა დანარჩენ პარტიას აჯობა ევროპარლამენტის მაისის არჩევნებში.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ანდრეი ბაბიში ან 2019 წლის ბოლომდე შეასრულებს მათ მოთხოვნებს, ან თავად მოუწევს გადადგომა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების ფონზე.

ორგანიზატორთა თქმით, აქციაში მონაწილეობს 300 ათასი ადამიანი, პოლიციის ცნობით, მათი რიცხვი 200 ათასი იყო. 30 წლის წინ, 1989 წლის 25 ნოემბერს, ამავე ადგილზე გაიმართა 800-ათასიანი დემონსტრაცია, რასაც ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური რეჟიმის კრახი და დემოკრატიული ძალების გამარჯვება მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG