Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ადმინისტრაციული შენობების შტურმი აღკვეთილი იქნება


შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა, პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

„საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა დაცული იყოს ერთი მხრივ შეკრების და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შსს 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციებზე უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ 15.00 საათზეა დაგეგმილი. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია: შეიქმნას დროებითი ტექნიკური მთავრობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით და შეიცვალოს დღეს მოქმედი ცესკო-ს შემადგენლობა.

XS
SM
MD
LG