Accessibility links

განიმედესი ადონისი და ჩვენ ვცეკვავთ


ავტორი: ალექსანდრე ხმალაძე

ლევან აკინის ფილმი წარსულისა და აწმყოს ბინარული ოპოზიციაა და არა გეი დრამა. კინოსურათი ჭარბად არის დატვირთული ხალხური ცეკვებით, სიმღერებით, თბილისური ყოფის ემოციურ-სიმბოლური დეტალებით. დოლ-გარმონის ხმაზე წარმოჩენილი ამბის ეპიცენტრშია ახალგაზრდა მოცეკვავე, წარსულში ცნობილი და წარუმატებელი მოცეკვავის შვილი. ბიჭი ცეკვავს და ამავდროულად ითავსებს ოფიციანტობას. ის განიმედესის ერთგვარი დეკოსნტრუირებული ვარიანტია, ოლიმპოზე ღმერთების მწდეობის ნაცვლად სახინკლის მიმტანია. ზევსის ფავორიტობის მაგივრად, ახალგამოჩენილი მოცეკვავის-ირაკლის ვნების ობიექტი ხდება.

დერიდა ამბობს, რომ ბინარული ოპოზიცია არ არსებობს დომინაციის გარეშე. ერთი მხარე ყოველთვის მეორეს არის დაქვემდებარებული. ლევან აკინის ფილმშიც წარსული დიდი ძალებით არის შემოჭრილი აწმყოში თავის სიმბოლოებითა და ნარატივებით. ძალმომრეობის ელემენტები იკვეთება თვით ისეთ ფაქიზ და ესთეტიკურად მაღალ მოცემულობაში, როგორიც არის ცეკვა. მოძრაობები ასახავს ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ყოფითობას და ემოციურ მდგომარეობას სიმბოლურად. ხალხური ცეკვა გადმოსცემს და გამოსახავს წარსულში გაბატონებულ და დღემდე შემორჩენილ ფასეულობებს და ფსევდოფასეულობებს. შესაბამისად, გააჩნია საშემსრულებლო წესთა გარკვეული სისტემაც.

ცხადია, რომ თითქმის შეუძლებელია მრავალწლიანი წესების სისტემაში ,,უწესობა’’ ან ახალი წესები შეიტანო. ხალხურ ცეკვას ყავს თავისი ქურუმი-ქორეოგრაფები, რომლებიც არ აძლევენ ახალგაზრდა მერაბს უფლებას, რომ მოძრაობების საკუთარი ინტერპრეტაციები შემოიტანოს ცეკვაში. ის ბევრს ვარჯიშობს და ოცნებობს ანსამბლში მოცეკვავეობაზე, ეს სულისკვეთება გამოსახულია მძიმე სოციალური რეალობისა და შიდა ემოციური კონფლიქტების ფონზე. ამ ყველაფერს კი ემატება ახალ მოცეკვავესთან ირაკლისთან წამოწყებული რომანტიკული ვნება.

წარსული დომინირებს აწმყოზე, ქორეოგრაფი დომინირებს მოცეკვავეებზე, ირაკლი კი დომინირებს მერაბზე. მისთვის ეს ურთიერთობა ვნება და დროებითი გატაცებაა. კარგად იცის საზოგადეობაში გაბატონებული წესები და ემორჩილება მათ. მერაბთან კავშირი მისთვის არ არის ახალი ჯერარგანცდილი მდგომარეობა. მისთვის ეს ლტოლვაა, რის შემდეგაც იღებს რაციონალურ გადაწყვეტილებას, ექვემდებარება დომინანტური კულტურის ადათებს და ცოლის მოსაყვანად მიდის. მერაბი ნატკენი ფეხით და იმედგაცრუებული პირველსიყვარულით გადის ანსამბლში მისაღებ გამოცდაზე.

ლევან აკინის ფილმის კულმინაცია სწორედ ეს ბოლო ცეკვაა, რომელსაც სიმბოლურად ადონისის ცეკვა დავარქვი. ადონისი მომაკვდავი და გაცოცხლებული ბუნების ღმერთია. ბუნება კვდება და ბუნება იბადება, ეს შეუქცევადი ციკლია. ცეკვა რომ დაიბადოს, ის ჯერ უნდა მოკვდეს. მერაბის ცეკვა ერთგვარი სხვადასხვა ცეკვის ნაზავია, პოპურია. იწყება ტრადიციული წესისმიერი მოძრაობებით და გადადის ინდივიდუალურ ინტერპრეტაციებში, რაც ამავდროულად მთავარი გმირის მთელ განვლილი ისტორიის ერთგვარი ნარატორიცაა.

ცხადია საფინალო აქტი არ არი რაიმე რევოლუციური გადატრიალება ხალხური ცეკვების ისტორიაში და შესაძლოა არავითარ კულტურულ ღირებულებად ქცევა არ უწერია. მთავარი ამ სცენაში ერთი ადამიანის კვლავდაბადებაა-საკუთარი თავის გამოხსნაა გაბატონებული წესების მარწუხებისგან. სანამ ეს არ მოხდება ჩვენ ყველანი ,,ვცეკვავთ’’.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG