ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ქუთაისის ყველა კლინიკის ექიმებმა 5 წუთით შეაჩერეს პროფესიული საქმიანობა და სოლიდარობის აქცია გამართეს. ექიმები სახელმწიფოსგან დაუყოვნებლივ ჩარევას და ყველა საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებას ითხოვენ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი საქმიანობას დროულად და მშვიდობიანად დაუბრუნდეს.
ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმ-ანესთეზიოლოგ პავლე ნემსიწვერიძის განცხადებით, დაუშვებელია ექიმის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და, მით უფრო, მისი უკანონო დაკავება:
„ექიმი ხელშეუხებელია პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფება. ომის დროსაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა დაემუქროს და არ უნდა შეეზღუდოს გადაადგილება, მით უფრო, როცა პაციენტთან მიდის. ცივილიზირებულ სამყაროში ეს დაუშვებელია. ექიმის პროფესია ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა დგას. ვფიქრობ, სოლიდარობის მასშტაბურ აქციას შედეგი მოჰყვება“.
„ეს არის თანადგომა კოლეგის მიმართ. ვაჟა გაფრინდაშვილი არის ჩვენი დროის გმირი, ის ძალიან მაღალი ღირებულებების მატარებელია. ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას და მივმართავთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მისი მშვიდობიანი დაბრუნება სახლში“, - აცხადებს ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს რადიოლოგი შორენა ჯანაძე.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში მიდიოდა იქაური პაციენტების დასახმარებლად, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.
ცხინვალის იზოლატორიდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც.