Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას პარლამენტის ჭიშკრიდან ჩამოხსნილ ბოქლომს უბრუნებს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე მიიტანა პარლამენტის ჭიშკრიდან ჩამოხსნილი ბოქლომი. თალაკვაძემ თქვა, რომ სურს ბოქლომი სიმბოლურად დაუბრუნოს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც 17 ნოემბერს, ბოქლომი დაადო ქვეყნის პარლამენტს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გულისტკივილს გამოხატავს იმის გამო, თუ როგორც ექცევა ოპოზიციის ნაწილი იმ ინსტიტუტს, რომელიც წესით, უნდა იყოს პოლიტიკური დებატების და აზრთა სხვადასხვაობის მთავარი ადგილი: „ერთი მხრივ, ისინი ამბობენ, რომ სჭირდებათ ასეთი პარლამენტი, მაგრამ, მეორე მხრივ, რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ, იყო ის, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა პირდაპირ ეთერში, სამწუხაროდ, ბოქლომები დაადეს პარლამენტის ჭიშკრებს".

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არიან ადამიანები, ვინც თავის დროზე, ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, მედიას, კერძო საკუთრებას, ინსტიტუტებს და ქვეყნის თავისუფლების იდეას და მონოპოლიზებული მედიის საშუალებით საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო თავისუფლება და დემოკრატია.

„დღეს ცდილობდნენ იგივეს, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტზე, ამიტომ მინდა, მათ სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო სიმბოლურად გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მათ მიდგომას და ღირებულებებს მოქალაქეების და სახელმწიფოს მიმართ", - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის ბიუროს სხდომის ჩატარება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 18 ნოემბერს, საღამოს სპეცრაზმელებმა დაშალეს პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტის მონაწილეები, რომლებიც დილიდან პარლამენტში დეპუტატებს არ უშვებდნენ.

17 ნოემბერს ღამით დაწყებული პიკეტირების დროს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელ ჭიშკარს გარედან ბოქლომი დაადო.

ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებული საკონსტიტიციო ცვლილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG