Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 ნოემბერს დაკავებული ყველა მომიტინგე დროებით თავისუფალია


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიანე ფილიშვილმა დარბაზიდან გაათავისუფლა 18 ნოემბერს დაკავებული 36 ადამიანი.

მოსამართლემ, აგრეთვე იმსჯელა პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საკითხზეც, რომელიც ხელწერილით არის გათავისუფლებული. მისი საქმის განხილვა 20 ნოემბერს 17:50 საათზე გაგრძელდება.

მოსამართლემ აქტივისტები გადაწყვეტილების მიღებამდე გაათავისუფლა და მათი პროცესები გადადო. ცნობილია, როდის განახლდება მათი საქმეების განხილვა.

გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხზე სასამართლო 20 ნოემბერს, 13:00 საათზე იმსჯელებს.

ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილის, ელგუჯა ბაგრატიონის, გურამ მჭედლიშვილის, გიორგი ბუნტურისა და ლუკა ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი 20 ნოემბერს, 13:30 საათზე გაიმართება.

20 ნოემბერს, 14:30 საათზე ჩატარდება ირაკლი ჩიხრაძის, ლევან გორგაძის, ხვიჩა ბიწაძის, რევაზ ნიჟარაძის, დავით ბერუაშვილის, პაატა მანჯგალაძის, ნოე ლაშხისა და გოჩა მჟავანაძის სასამართლო პროცესი.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 18 ნოემბერს სულ 37 პირი დააკავა, მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

18 ნოემბერს პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით საპოლიციო ძალებმა მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. სწორედ, ამ დროს დააკავეს 37 ადამიანი.

მომიტინგეები აპროტესტებენ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას. პარლამენტმა ჩააგდო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები 2020-დან პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG