საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე უერთდება ექიმების ინიციატივას და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმს დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ჩანაცვლებას სთავაზობს:
„პირდაპირ ვთავაზობ ჩემს თავსაც, რომ მეც ერთი კვირით წავალ. თუ ესეთი პრინციპული არის სეპარატისტული რეჟიმისთვის იმ ადამიანების მძევლად აყვანა, რომლებიც მათ შორის 2008 წლის ომის დროს ეხმარებოდნენ დაჭრილებს მიუხედავად მათი ეროვნებისა, მაშინ ჩვენ ყველა ვართ ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს და ჩვენ ყველა ვართ მძევალი სეპარატისტული ხელისუფლების. მე ვარ პირადად მზად, რომ ჩავიდე და დღესვე ჩავანაცვლო ბატონი ვაჟა“, - აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თავისი პატრიოტიზმის გამოა მძევლად აყვანილი.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.