Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მთავარი არხის“ მეწილეს, გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს


18 ნოემბერს დაკავებულ გიორგი რურუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რურუა ბრალდებას არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ჩხრეკის გარეშე, პოლიციაში მისულს უთხრეს, რომ მისგან იარაღი ამოიღეს.

„პირველი არხის“ ცნობით, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა გიორგი რურუასგან იძულებით აიღეს დე-ენ-ემ-ის სინჯი. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ის დატანილი იქნება მტკიცებულების სახით ამოღებულ იარაღზე.

პროკურორმა სასამართლო პროცესზე ისიც თქვა, რომ გიორგი რურუას საკუთარ სახელზე 48 ცეცხლსასროლი იარაღი აქვს რეგისტრირებული.

პროცესზე მყოფი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბრალმდებელს იქვე გამოეხმაურა: „რატომ იგულისხმება და ივარაუდება, უფრო ლოგიკური, რატომ არის ადამიანისგან, რომელსაც 48 რეგისტრირებული იარაღი აქვს, არარეგისტრირებული იარაღის შეძენა? ეს, რატომ არის დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ მას კიდევ ჰქონდა 49-ე, ოღონდ არარეგისტრირებული იარაღი".

სასამართლო პროცესის შემდეგ გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ დაცვის მხარე გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

„მოსამართლემ გამოაცხადა ის გადაწყვეტილება, რომელიც მას სასამართლოს დარბაზში შემოსვლამდე გაანდეს. ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, მე წინასწარ მქონდა განცდა, რომ მოსამართლე თუნდაც ასე აშკარად ჩადებული იარაღის საქმეზე გიორგი რურუას მიმართ პატიმრობას გამოიყენებდა.

თუმცა დღეს პროცესის განმავლობაში, როდესაც ვუსმენდი მეორე მხარეს და პროკურორი სასაცილო მდგომარეობაში იყო და ვიფიქრე, ამას მაინც შეიძლებოდა შეეცვალა მოსამართლის დამოკიდებულება და ის გამოიჩენდა პრინციპულობას. ახლა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო. მოსამართლეები უფრო დიდ დანაშაულს ჩადიან, ვიდრე ის პოლიციელები, რომლებიც უშუალოდ უდებენ იარაღს“, - ამბობს ადვოკატი.

გიორგი რურუამ 24 სექტემბერს „მთავარი არხის" 2.5%-იანი წილი შეიძინა.

პარტია „გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, გიორგი რურუა ფინანსურად ეხმარებოდა საპროტესტო აქციებს „სირცხვილია".

გიორგი რურუა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG