Accessibility links

ახალი ამბები

რუსეთის მიერ უკრაინისთვის დაბრუნებული გემები ოჩაკოვის სამხდერო პორტში ჩავიდნენ

უკრაინის გემები, რომლებიც რუსეთის სასაზღვრო დაცვამ ჩაიგდო ხელში 2018 წლის ნოემბერში ანექსირებული ყირიმის ნაპირთან, ოჩაკოვის სამხედრო პორტში ჩავიდნენ.

გემებს დახვდნენ ადგილობრივი მოსახლეები, რომლებმაც უკრაინის დიდი დროშა გამოფინეს. საზეიმო ღონისძიებაზე ჩადის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

მანამდე უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა იჰორ ვორონჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთმა გემებიი ძალზე ცუდ მდგომარეობაში დააბრუნა.

„რუსებმა ისინი გაანადგურეს, ნათურები, ელექტროაღჭურვილობა და ტუალეტებიც კი მოხსნეს. მთელს მსოფლიოს ვუჩვენებთ, როგორ ბარბაროსულად მოეპყრნენ მათ რუსები,“ თქვა ვორონჩენკომ.

2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის სასაზღვრო დაცვის გემებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სამ გემს, ხელში ჩაიგდეს ისინი და ტყვედ აიყვანეს უკრაინის 24 მეზღვაური. ინციდენტი მოხდა ქერჩის სრუტეში, რომლის გავლითაც უკრაინული ხომალდები უკრაინის პორტ მარიუპოლში შესვლას აპირებდნენ აზოვის ზღვაში.

ქერჩის სრუტე ერთადერთი გასასვლელია შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში. იგი მდებარეობს რუსეთსა და ყირიმის ნახევარ კუნძულს შორის, რომელიც 2014 წელს დაიკავა რუსეთმა.

ყველა ახალი ამბავი

ყირგიზეთის ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრს პატიმრობა მიესაჯა კორუფციის ბრალდებით

საფარ ისაკოვი (მარცხნივ) და ჟანტორო სატიბალდიევი.

ბიშკეკის სასამართლომ ყირგიზეთის ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრს კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა კორუფციის ბრალდებით.

ყოფილ პრემიერ-მინისტრ საფარ ისაკოვს 15 წლით პატიმრობა და ქონების კონფისკაცია მიესაჯა. განაჩენის თანახმად, მას ჩამოერთვა დიპლომატიური რანგი და მეორე ხარისხის ორდენი „მანასი“. ყოფილ პრემიერ-მინისტრ ჟანტორო სატიბალდიევს შვიდ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ქონების კონფისკაციით.

გარდა ამისა, ამავე საქმესთან დაკავშირებით დააჯარიმეს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ოლგა ლავროვა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ოსმონბეკ არტიკბაევი. სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯა კიდევ რამდენიმე მაღალი რანგის მოხელეს.

სასამართლომ ყველანი დამნაშავედ ცნო ბიშკეკის თბოელექტროსადგურის მოდერნიზაციასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის. ყირგიზეთის ამ უდიდესი თბოელექტროსადგურის მოდერნიზაცია განხორციელდა ჩინეთიდან აღებული კრედიტით, რომლის საერთო ღირებულება 386 მილიონი ამერიკული დოლარია. გარიგება 2013 წელს იქნა მიღწეული. 2018 წლის იანვარში ელექტროსადგურში მოხდა ავარია, რის გამოც ბიშკეკი გათბობის გარეშე დარჩა ზამთრის ყინვებისას.

თბოელექტროსადგურის მოდერნიზაციასთან დაკავშირებული კორუფციის საქმეზე ბრალი წაუყენეს ყოფილ პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევსაც. მისთვის განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ. ატამბაევი დანაშაულს უარყოფს და ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

თბილისში ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა, დაშავდა 5 ადამიანი

თბილისში, მეტროსადგურ "სადგურის მოედნის" მიმდებარედ, ფიროსმანის ქუჩის 33 ნომერში მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე "სენტა" აფეთქება მოხდა.

ინციდენტის შედეგად დაშავებული 5 ადამიანი - რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია - ადგილიდან სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 25 მეხანძრე-მაშველი.

პენტაგონი: ლიბიაში აშშ-ის დრონზე იერიში სავარაუდოდ რუსეთის მეომრებმა განახორციელეს

პენტაგონში ეჭვი აქვთ, რომ ლიბიაში ამერიკის დრონზე იერიში რუსეთის დაქირავებულმა მეომრებმა განახორციელეს. ამის შესახებ „როიტერსი“ იტყობინება აშშ-ის შეიარაღებული ძალების აფრიკის სარდლობაზე დაყრდნობით.

21 ნოემბერს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის მახლობლად დაკარგა უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის ტიპს არ ასახელებენ. აშშ-ის სამხედროები მიიჩნევენ, რომ ის რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოაგდეს და მისი მართვა შეეძლოთ რუს დაქირავებულ მეომრებს ან ლიბიის ეროვნული არმიის ჯარისკაცებს, რომლებმაც ალყაში მოაქციეს ქალაქი.

აფრიკაში აშშ-ის ჯარების სარდლობის თქმით, აშშ დარწმუნებულია, რომ ადამიანებმა, რომლებმაც დრონი ჩამოაგდეს, არ იცოდნენ, რომ ის პენტაგონის უპილოტო საფრენი აპარატი იყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ის კონფლიქტში მათ მოწინააღმდეგეს ეკუთვნოდა. მაგრამ ლიბიის ეროვნულმა არმიამ დრონის ნამსხვრევების დაბრუნებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ მათი ადგილსამყოფელი არ იცის. აშშ-ის სამხედროებს ამ ვერსიის არ სჯერათ.

ლიბიის ეროვნული არმია, რომელსაც გენერალი ხალიფა ჰაფტარი ხელმძღვანელობს, ებრძვის ტრიპოლიში გამაგრებულ ეროვნული თანხმობის მთავრობას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული.

როგორც სხვადასხვა წყარო ადასტურებს, ლიბიის ეროვნული არმიის მხარეს იბრძვიან რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები.

კახა ოქრიაშვილი: მე ვაჩვენე, რომ იუმორს აქვს ძალიან დიდი ძალა

დმანისში ჩასულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსანდრე ელისაშვილსა და მის გუნდს ქალაქის შესასვლელში დახვდა ბანერი წარწერით: "სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში!"

კამპანია "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში დმანისში ჩასულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსანდრე ელისაშვილსა და მის გუნდს ქალაქის შესასვლელში დახვდა ბანერი წარწერით: "სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში!"

"წინა ხისთავიანი მაჟორიტარებისგან განსხვავებით, კახა ოქრიაშვილი გამოცდილი კაცია", - ამბობს ალეკო ელისაშვილი და აგრძელებს: "მას აქვს მძაფრი პოლიტიკური ინსტინქტები და მიხვდა, საით უბერავს ახლა ქარი, სად არის ძალა, სად არის სიმართლე და როგორც ჩანს, ახლა ხიდების აშენება უნდა ოპოზიციისკენ."

დმანისისა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ ბანერი მან გააკეთა, "საკუთარი სახსრებით".

კახა ოქრიაშვილი
კახა ოქრიაშვილი

"სამი დღის წინ ვნახეთ ელისაშვილის პოსტი ფეისბუკზე, რომ ის აპირებდა დმანისში ჩამოსვლას. მის პოსტში აგრესიული განცხადებები იყო და მე გადავწყვიტე და ვთხოვე ჩემ მეგობრებს, ჩემი გუნდის წევრებს, რომ ჩვენ დავხვედროდით იუმორით. და დავხვდით იუმორით. თქვენთვის მისაღებია რაც ხდება საქართველოში? როგორი ურთიერთობებიცაა პოლიტიკურ გუნდებს შორის? ჩემთვის მიუღებელია. აბსოლუტურად მიუღებელია ის რიტორიკა ჩემთვის, რა სიტყვებითაც მიმართავენ ერთმანეთს პოლიტიკოსები."

რადიო თავისუფლება: იუმორი არის გამოსავალი?

კახა ოქრიაშვილი: მე ვაჩვენე, რომ იუმორს აქვს ძალიან დიდი ძალა. უფრო დიდი, ვიდრე - აგრესიას. მე არ ვიცი აიტაცებენ თუ არა ამას, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს ასეა.

რადიო თავისუფლება: თუ აპირებთ შეხვედრას მათთან?

კახა ოქრიაშვილი: რა თქმა უნდა. გასული ერთი თვის მანძილზე ძალიან ბევრ პოლიტიკოსს დავურეკე. მინდა გავიარო ამ ხალხთან მათი არგუმენტაცია. არასატელევიზიო სივრცეში. მოდით დავსხდეთ ჩაისთან ერთად და ვისაუბროთ. თუ ვერ შევჯერდით არგუმენატაციაში, მერე გავიდეთ გარეთ.

რადიო თავისუფლება: დღეს თუ აპირებთ ელისაშვილთან შეხვედრას?

კახა ოქრიაშვილი: აუცილებლად შევხვდები. დღეს არა. მე ახლა წინანდალში ვარ. მე ვესაუბრე მას და შევთავაზე შეხვედრა ჩაიზე და საუბარი. ის დამთანხმდა. სხვათაშორის არამარტო მას, ბევრ პოლიტიკოსს დავურეკე და რამდენიმეს უკვე შევხვდი. მათ კთხვებზე მე პასუხები მაქვს, მაგრამ მეც ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. კონკრეტულად ელისაშვილთან ორი-სამი ძალიან საინტერესო კითხვა მაქვს, ნახევრად იუმორისტული.

რადიო თავისუფლება: მაგალითად?

კახა ოქრიაშვილი: არ გეტყვით, მერე გეტყვით. იუმორს დიდი ძალა აქვს. სხვათაშორის ჟურნალისტები ხშირად ცეცხლზე ნავთს ასხამენ და აპირისპირებენ პოლიტიკოსებს. ეს ყველაფერი მე ძალიან მაწუხებს. ჩვენ ძალიან ხარისხიანი პოლიტიკა გვჭირდება.

რადიო თავისუფლება: ხელისუფლების როლი რა არის ხარისხიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში?

კახა ოქრიაშვილი: არ ვიცი. ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს. ხელისუფლებას ყოველთვის უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ არანაკლები პასუხისმგებლობა აქვს ყველა დანარჩენს, ვინც თავის თავს პოლიტიკოსს ეძახის.

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა 14 ნოემბერს ჩააგდეს თავიანთი ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ამის გამო, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, ქუჩის აქციების რეჟიმშია.

სპეციალისტები: 2017 წელს მაკრონის საარჩევნო შტაბის სერვერებზე იერიშის უკან გრუ იდგა

ემანუელ მაკრონი

კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტებმა რუსეთის სამხედრო დაზვერვას დაუკავშირეს 2017 წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბის სერვერის გატეხვა. ამის შესახებ Le Monde-ი იტყობინება Google-ისა და კიბერუსაფრთხოების ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული კომპანიის, FireEye-ის კვლევით ჯგუფებზე დაყრდნობით.

მაკრონის შტაბის მიმოწერაში შეღწევის შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის გაზაფხულზე. ინტერნეტში გამოქვეყნდა 9 გიგაბაიტი დოკუმენტები არჩევნებისთვის მზადების თაობაზე, მათ შორის, ათიათასობით წერილი პოლიტიკოსის საარჩევნო შტაბის თანამშრომელთა მიმოწერიდან. იმავე წლის ივლისში შტაბის 20 ათასზე მეტი წერილი გამოაქვეყნა WikiLeaks-მა.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტთა მონაცემებით, მაკრონის შტაბზე თავდასხმის უკან დგანან დაჯგუფებები Fancy Bear-ი და Sandworm-ი. ორივე გრუ-სთან დაკავშირებულ რუსულ დაჯგუფებებად ითვლება. ამ ჯგუფების ჰაკერებს სხვადასხვა დროს ადანაშაულებდნენ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის, მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოსა და ევროპარლამენტის მოხელეთა სერვერების გატეხვაში.

რუსეთი ტრადიციულად უარყოფს ნებისმიერ კიბერთავდასხმასთან კავშირს.

ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ ბერს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა განესაზღვრა

ზუგდიდის სასამართლო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ ბერს, სვიმონ (გიგა) ქავთარაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

პროკურორმა მარიამ ქორიძემ განაცხადა, რომ საქმეში არსებობს ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და, შესაბამისად, მოითხოვა პატიმრობა, რადგან, მისი განმარტებით, არსებობს საფრთხე მტკიცებულებების განადგურების, გამოძიებისთვის ხელის შეშლის. ამას გარდა, ჯერ კიდევ დასადგენია ნარკოტიკული საშუალებების წარმომავლობა და შესაძლოა, ამ პროცესს სასულიერო პირმა ხელი შეუშალოს.

მის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ადვოკატი ჯიტა გულუა. მისი თქმით, პროკურორის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ბრალდებული თავად გამოცხადდა პოლიციაში და პასუხისგებისთვის მზაობა გამოთქვა.

ჯიტა გულუამ განაცხადა, აგრეთვე, რომ მას ხელთ აქვს წერილი სასულიერო პირებისგან, რომლებიც ბერს თავდებად უდგებიან და მის გამოსწორებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობას იღებენ.

ჯიტა გულუამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, გამოიყენონ გირაო, 20 ათასი ლარის ოდენობით.

საბოლოოდ, სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა. ადვოკატი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ბერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით აქვს წარდგენილი.

ბერი გიგა ქავთარაძე და კიდევ ერთი მოქალაქე, რომან მალანია, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მალანიას ზუგდიდის სასამართლომ საპატიმრო გირაო (10 ათასი ლარის ოდენობით) შეუფარდა.

მინსკში მოეწყო რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული აქციები

მინსკში გაიმართა არასანქცირებული ქუჩის აქციები, რომელთა მონაწილეები ბელარუსის რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდიან.

რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ცოცხალი ჯაჭვი შექმნა ქალაქის ცენტრში, დამოუკიდებლობის გამზირისა და ოქტომბრის მოედნის გასწვრივ. მონაწილეთა შორის არიან ადამიანები ბელარუსის 1995-წლამდელი ეროვნული დროშებით, რომლებსაც ახლა ნაციონალისტები იყენებენ.

7 დეკემბერს სოჭში იმართება რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკას შეხვედრა. სავარაუდოდ, ისინი ისაუბრებენ ორი ქვეყნის ინტეგრაციის გაღრმავებაზე რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის 20 წლისთავთან დაკავშირებით.

ამჟამად ეს სახელმწიფო მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. 1999 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებდა ერთობლივი ვალუტის, სასამართლოსა და საბაჟოს შექმნას.

5 დეკემბერს ბელარუსის პარლამენტში გამოსვლისას ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსი არ შევა რუსეთის შემადგენლობაში. „მე არ მინდა გადავხაზო ყველაფერი, რაც თქვენთან ერთად, ხალხთან ერთად გავაკეთე: შევქმენი დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო და არ მინდა, ის ახლა მოვათავსოთ რაღაც ყუთში ზედ ჯვრით და გადავაგდოთ ან ვინმეს გადავცეთ. ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში ეს არასოდეს მოხდება“, - თქვა ლუკაშენკამ.

მოქალაქეები საერთაშორისო საზოგადოებას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვენ

საქართველოს მოქალაქეები საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ და დახმარებას სთხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია - მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით - თბილისის საკრებულოსთან გაიმართა.

„საკუთარ სამშობლოში სასჯელს იხდიდე მხოლოდ ქვეყნისა და პროფესიის სიყვარულის გამო, წარმოუდგენელი და ყოვლად ამორალურია“, - ამბობს აქციის ორგანიზატორი ლაშა მესხი და აგრძელებს: „ყველას ვთხოვთ და მოვუწოდებთ, გაკეთდეს მაქსიმალური - იქნება ეს ჟენევის ფორმატი თუ სხვადასხვა ფორმატები - რომ აუცილებლად დაუბრუნდეს ეს ადამიანი უვნებლად საკუთარ ოჯახს და პროფესიულ საქმიანობას“.

პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრი, ლევან სამუშია, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან პასიურია, როცა საქმე ეხება რუსეთთან დაკავშირებულ თემებს:

„ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, მაქსიმალურად იყოს მწვავე, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, რომ ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში, ვინაიდან ადამიანი იმყოფება ტყვეობაში იმიტომ, რომ ის არის საქართველოს მოქალაქე“, - ამბობს სამუშია.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან, დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის.

როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, თუმცა ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის, რაც, დე ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ქუთაისელი ჟურნალისტები აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ

ქუთაისელი ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისადმი. ქუთაისი, 7 დეკემბერი, 2019

7 დეკემბერს, ქუთაისში, მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისადმი სოლიდარობის აქცია გამართეს.

„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში განვითარებული მოვლენების გამო, სოლიდარობას ვუცხადებთ კოლეგებს, რადგან მათი ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების მიხედვით, სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება არჩეული დირექტორის მხრიდან, რომელიც ხელისუფლების დავალებებს ასრულებს“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა და მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს მოუწოდეს, არ ჩაერიოს სარედაქციო პოლიტიკაში.

„აჭარის მაუწყებელში განვითარებული მოვლენები, საფრთხეს უქმნის თავისუფალ მედიას და ჩვენ ვერ დავუშვებთ, ხელისუფლების ჩარევას მაუწყებლის საქმიანობაში, რადგან ეს შეიძლება აღვიქვათ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული მოვლენების დასაწყისად, რაც მიუღებელია“, - ამბობს ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალ დირექტორს გიორგი კოხრეიძეს მაუწყებლის ჟურნალისტები ადანაშაულებენ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაში, დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და შანტაჟში.

ეუთოს 15 სახელმწიფო ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვს

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის სახელმწიფოები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო სამხრეთ ოსეთის რეგიონში და მის სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.

15 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში - რომელიც ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში მიიღეს - ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ, სასწრაფოდ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებები, მათ შორის, გაიყვანოს საკუთარი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე. ასევე, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

„შეშფოთებული ვართ 2019 წლის 24 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების დაკავებით და მისიის საქმიანობის ხელშემშლელ ნებისმიერ მცდელობას ვაფასებთ მის საწინააღმდეგო პროვოკაციად და უხეშ მცდელობად, რომელიც მიმართულია ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციისკენ“, - აცხადებს საქართველოს მეგობართა ჯგუფი.

განცხადებაში, ასევე, დაგმობილია საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობები.

„ჩვენ აღვნიშნავთ რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს მთავრობის დიალოგის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დაძაბულობის დეესკალაციისკენ საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით. აღვნიშნავთ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც გაიმართა შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და შუამდგომლობით“, - წერია 15 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

24 ბინის გაქურდვის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

ბოლო სამი თვის განმავლობაში, თბილისში, 24 ბინის გაქურდვის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს.

ორივე ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ერთ-ერთ კორპუსში გაქურდული 8 ბინიდან მოპარულ ნივთებს ავტომანქანაში ტვირთავდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელი

ქრთამის აღების ბრალდებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა თურქეთის მოქალაქეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 000 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

გაუპატიურებაში ბრალდებულ პოლიციელს ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დახურულ ფორმატში წარიმართა ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომლის აირი დარსალიას სასამართლო პროცესი. მას ბრალი სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გაუპატურებას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია.

„ლაივპრესის“ ცნობით, საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა ამბობს, რომ მათ ინფორმაცია მომხდარის შესახებ თავად დაზარალებულმა მიაწოდა.

„ჩვენი მონაწილეობით განხორციელდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, რის შემდეგაც პროკურატურამ მიიჩნია, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, ბრალდებულისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მიმალვის და მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე. ამიტომ, აღკვეთის ფორმად პატიმრობა გამოიყენა", - აღნიშნა ჯემალ ჭკადუამ.

კონგრესმენი ელიოტ ენგელი NDI-ს და IRI-ის მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა, 6 დეკემბერს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდასაჭერად განცხადება გამოაქვეყნა.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ საოცარი წინსვლა განიცადა დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის კუთხით - ღირებულებები , რაც ამერიკის ამ ქვეყანასთან პარტნიორობის ბირთვს წარმოადგენს. ქართველი ხალხი კი ვლადიმერ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე რჩება მაშინ, როდესაც რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას“, - ელიოტ ენგელის განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

კონგრესმენი აღნიშნავს, რომ მან მხარი დაუჭირა კონგრესის ინვესტიციას საქართველოს დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში სხვადასხვა, მათ შორის, NDI-სა და IRI-ს საშუალებით.

„ეს ორგანიზაციები მთელ რიგ პარტნიორებთან ერთად მუშაობენ დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდასაჭერად მსოფლიო მასშტაბით. საქართველოში ისინი მჭიდროდ მუშაობენ ფართო პოლიტიკურ სპექტრთან, მათ შორის მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციურ პარტიებთან. ისინი არ ირჩევენ არცერთ მხარეს და არც რომელიმე პოლიტიკურ შედეგს უჭერენ მხარს. მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს საქართველოში, განაგრძონ ისეთ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, როგორებიცაა NDI და IRI, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებს, ჰქონდეთ უფრო დემოკრატიული, სუვერენული და კეთილდღეობით აღსავსე მომავალი.

აშშ-ის კონგრესი საქართველოს ხალხის გვერდით დგას და მე კვლავ გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, საქართველოში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად", - ნათქვამია ენგელის განცხადებაში.

28 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში NDI-სა და IRI-ს საქმიანობის შესახებ უკმაყოფილება გამოთქვა.

„აქ [საქართველოში], რაც ხდება, როგორც ხდება, „ნაცების“ მიერ დაფუძნებული ენჯეოები მართავენ ამერიკელების მიერ დაფუძნებულ ენ-ჯე-ო-ებს. სამწუხარო რეალობაა, რომ იგივე ხდება NDI-სა და IRI-ს კვლევებში“, - თქვა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ პოლიტიკურ გუნდთან უკვე ილაპარაკა.

„თუ არ გამოვიდა, ამ ხერხით [ვაპირებ] საჯაროდ მივმართო კონგრესს, სენატს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნა, რა ხდება აქ. როგორ ხდება ის, რომ ამერიკის ინტერესებს, ამერიკელების დაფინანსებული ორგანიზაციები...“ - თქვა ივანიშვილმა.

Bellingcat-ი: ხანგოშვილის მკვლელი რუსეთის მოქალაქე შესაძლოა ФСБ-ს სპეცდანიშნულების რაზმში ირიცხებოდა

გერმანიაში დაკავებული რუსეთის მოქალაქე, რომელsაც ბრალად ედება საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში, ადრე ირიცხებოდა სპეცდანიშნულების რაზმ „ვიმპელში“ და მონაწილეობდა, სულ მცირე, ორ მსგავს შეკვეთილ მკვლელობაში. ამას ამტკიცებს საგამოძიებო ჯგუფი Bellingcat-ი თავისი გამოკვლევის მეორე ნაწილში, რომელიც ამ პირს ეხება. ის გამომძიებლების მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც ვადიმ კრასიკოვი.

გამოკვლევის თანახმად, კრასიკოვი, შესაძლებელია, გადაიბირა საიდუმლო სამსახურმა, როგორც დაქირავებული მკვლელი. მსგავსი სქემა გამოიყენეს ალექსეი კომარიჩევის გადაბირებისას, ამტკიცებს ჯგუფი. კომარიჩევი შეეცადა, აეფეთქებინა სამხედრო დაზვერვის ოფიცრის მანქანა.

3 დეკემბერს მედია იტყობინებოდა, რომ გერმანიის სამართალდამცველ ორგანოებს ეჭვი აქვთ, რომ მკლელობის უკან რუსეთი დგას და გერმანიის ოფიციალურმა პირებმა მალევე გამოაცხადეს, რომ მოსკოვი არ თანამშრომლობს ბერლინთან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში და ქვეყნიდან აძევებს ორ დიპლომატს, რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს.

ზელიმზან ხანგოშვილი 23 აგვისტოს მოკლეს ბერლინში პისტოლეტით. მას ველოსიპედზე მჯდომი მკვლელი უკნიდან მიეპარა, რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა, თუმცა ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ თვითმხილველების დახმარებით მიაგნო ნივთმტკიცებებსაც, რომლებიც მკვლელმა მდინარეში გადაყარა.

40 წლის ხანგოშვილი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩნეთის მეორე ომში, იყო ქვედანაყოფის მეთაური. ის ჩეჩნეთის - „იჩქერიის“ - თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ასლან მასხადოვთან, დაახლოებული პირი იყო. მოგვიანებით ხანგოშვილი საქართველოში თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან.

იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს ვლადიმირ და ალექსანდრ გლუშკოვების რუსეთში ექსტრადიციას

ინტერპოლის წითელი ცირკულარით რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი უწყებების მიერ ძებნილი ვლადიმირ და ალექსანდრ გლუშკოვები რუსეთში ექსტრადიციას (5 დეკემბერს) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს.

როგორც სამინისტროდან რადიო თავისუფლებას აცნობეს, გლუშკოვები​ რუსეთს გადასცეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 14 და 17 სექტემბრის ბრძანებების საფუძველზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების სრული დაცვით. ხსენებული ძებნილი პირების მიმართ 2019 წლის აპრილიდან აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იყო გირაო.

რუსული მედიის ცნობით, ვლადიმირ და ალექსანდრ გლუშკოვები ნიჟნი ნოვგოროდის საკრებულოს ყოფილი დეპუტატები არიან.

რუსეთში გლუშკოვებს ბრალად ედება თაღლითობა და ქრთამის აღება ნიჟნი ნოვგოროდში ერთ-ერთი სამშენებლო პროექტის განხორციელებისას.

როგორც რუსული მედია იტყობინება, 2018 წლის აპრილში სასამართლომ ვლადიმირ და ალექსანდრ გლუშკოვებს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მათი მიმალვის გამო, რუსეთის პროკურატურამ ძმებზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

გლუშკოვები საქართველოში 2018 წლის აგვისტოში დააკავეს.

24 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლებამ დააკმაყოფილა მოსკოვის მოთხოვნა და რუსეთს გადასცა საინფორმაციო ტექნოლოგიების 28 წლის სპეციალისტი იაროსლავ სუმბაევი.

რუსეთში სუმბაევს კიბერთაღლითობასთან, დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობასა და გამომძიებლის მკვლელობასთან აკავშირებენ.

საქართველომ რუსეთს 19 სექტემბერს გადასცა ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რამზან ახიადოვი. რუსეთში ახიადოვს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" ინტერესებში ხალხის მობილიზებას ედავებიან და მას ინტერპოლით ეძებდნენ.

რამზან ახიადოვი, რომელიც მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გამოგონილს უწოდებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა. მისი ადვოკატის მტკიცებით, ახიადოვი ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს სთხოვდა საქართველოს, თუმცა უარი მიიღო.

საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

27 იანვარს ევროპის საბჭოს ზამთრის სესიაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ახალი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. დელეგაციას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში, ასევე არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია შედიან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს ვოიცეკ სავიცკის შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცობით, ქართულმა მხარემ გენერალურ მდივანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გაცნო. საუბარი შეეხო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხს. ქართულმა დელეგაციამ ვოიცეკ სავიცკის საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

„ვისაუბრეთ იმ საქმიანობაზე, რომელიც ჩვენმა დელეგაციამ სამომავლოდ საპარლამენტო ასამბლეაში უნდა განახორციელოს. შევეხეთ იმ ინტერესებს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და რომელიც უნდა იყოს წარმოდგენილი ამ ასამბლეაში. შევეხეთ, რა თქმა უნდა, რუსეთის საკითხსაც, რომელიც არის განსაკუთრებულად სენსიტიური და ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რომელიც არის ოკუპირებულ რეგიონებში. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ვაჟა გაფრინდაშვილის თემაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვენაში დაიწყო შეხვედრა ირანთან ბირთვული შეთანხმების გარშემო

ირანის ბირთვული შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოებმა დაიწყეს შეხვედრა ვენაში, რათა გადაარჩინონ მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც 2015 წელს იქნა მიღწეული გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს და გერმანიას ერთ მხარეს და მეორე მხარეს, ირანს შორის.

შეთანხმებას აშშ გამოეთიშა 2018 წელს.

6 დეკემბერს ვენაში დაწყებულ შეთანხმებაში მონაწილეობენ ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, რუსეთის და გერმანიის, მათთან ერთად ირანის წარმომადგენლები.

ვენაში შეხვედრა იმართება დასავლეთსა და ირანს შორის დაძაბულობის ფონზე.
ვაშინგტონის მიერ შეთანხმების დატოვების შემდეგ ირანი საფეხურებრივად არღვევს შეთანხმებას, რომლის პირობებით, ირანს უნდა შეეზღუდა ბირთული პროგრამა და სანაცვლოდ დასავლეთს უნდა გაეუქმებინა თეირანისთვის დაწესებული სანქციები. აშშ-მა შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ ირანს განუახლა სანქციები, რაც მძიმე ტვირთად აწვება ირანის ეკონომიკას.

ვენის ახლანდელი შეხვედრის წინ ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა (E3) ირანი დაადანაშაულეს ბალისტიკური რაკეტების განვითარებაში, რომელთაც ძალუძს ბირთვული ქობინის გადატანა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა ბრალდება უარყო და მას „სასოწარკვეთილი სიცრუე“ უწოდა. ზარიფის თქმით, ამ სამმა სახელმწიფომ გამოავლინა „უმწეო არაკომპეტენტურობა“ შეთანხმების პირობების შესრულებისას.

გავრცელდა ცნობა, რომ E3 განიხილავს შეთანხმების იმ მექანიზმის ამოქმედებას, რომელმაც შეიძლება მოიტანოს გაეროს სანქციების განმეორებით დაწესება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები 9 თებერვლისთვის დანიშნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება 9 თებერვალს, გაისად.

განცხადება გამოქვეყნდა პრეზიდენტის საინტერნეტო საიტზე სამი დღის შემდეგ, რაც პარლამენტმა, ეროვნულმა კრებამ, რომელშიც მმართველი პარტია, ახალი აზერბაიჯანის პარტია დომინირებს, მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს დაშლის შესახებ, რითაც პრეზიდენტს საშუალება მიეცა, დაედგინა ვადამდელი საყოველთაო კენჭისყრის თარიღი.

ბაქოში ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ახალი არჩევნები დაეხმარება აზერბაიჯანს, განაახლოს საკანონმდებლო სფერო და დააჩქაროს ეკონომიკური რეფორმები. აზერბაიჯანის პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, დაშალოს პარლამენტი და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. უახლოესი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2020 წლისთვის იყო დაგეგმილი.

2015 წელს ალიევის პარტიამ ხმების დიდი უმრავლესობით მოიგო არჩევნები, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა.

ნიკა გვარამიას ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მას სისხლის სამართლის 317-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც ხელისუფლების დამხობისკენ პირდაპირ მოწოდებას გულისხმობს

„317-ე მუხლია, უკვე მესამედ ამჯერად [ფეისბუკის] სტატუსისთვის, საიდუმლო გრიფი ადევს და საიდუმლო გრიფი ამ ეტაპზე გულისხმობს, რა კითხვებიც დავსვით, ის არ გაახმაუროთო. არაფერი გასახმოვანებელი არ არის, თქვენ თვითონ შეგიძლიათ ივარაუდოთ, რა შეკითხვებს დასვამდნენ. რა ვიგულისხმე დამხობაში, რა ვიგულისხმე უზურპატორში? თუ არ იციან რა ვიგულისხმე უზურპატორში, მაშინ საერთოდ რატომ დაიწყეს. რომ განვუმარტე, რომ ბიძინა ივანიშვილი-მეთქი, მაშინ ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ არის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაო, ეს განმამარტინეს. რის გამოც მცხვენია, არ მეგონა, რომ ამის განმარტება მომიწევდა ამ რეჟიმის დროსაც კი“, - უპასუხა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხა.

მისი განმარტებით, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ხელისუფლება არ არის, ოფიციალური მაინც

რაც შეეხება საიდუმლო გრიფს, ნიკა გვარამიას განცხადებით, მან მოისმინა განმარტება, რომ ის შეეხება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რომელიც ჯერჯერობით არის მხოლოდ ნიკა გვარამიას „პოსტი“. მას საიდუმლო გრიფის გამოყენება აბსურდულად და ანტიკონსტიტუციურად მიაჩნია.

ნიკა გვარამიამ განმარტა, რა იგულისხმა სიტყვა დამხობაში.

„დამხობა, თან უზურპატორის, ნიშნავს მის გაწევას იქიდან, რაც მისთვის არ მიუნიჭებია ერთადერთ შესაძლებელ წყაროს, ანუ საქართველოს ხალხს მისთვის არ მიუნიჭებია უფლება, იყოს საქართველოს ხელისუფლება და ის დღეს ახორციელებს საქართველოს ხელისუფლების ფუნქციებს ეფექტურად. რატომ არის ეს უკანონო, იმიტომ, რომ ამას შეიძლება ახორციელებდეს მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო, თანამდებობის პირი. ის არ არის არც ერთი და არც მეორე. ეს არის სახელმწიფოს მიტაცება და ეს დაარქვა არა ნიკა გვარამიამ, არამედ ბევრმა საერთაშორისო ორგანომ, ამას ჰქვია ხელისუფების უზურპაცია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქმე „ფეისბუკზე“ დაწერილ ნიკა გვარამიას ტექსტს უკავშირდება.

„უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !“ - დაწერა 3 დეკემბერს ნიკა გვარამიამ.

პროკურორის თქმით, ნიკა გვარამიას საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“

„მოწმეს ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია ფაქტობრივი გარემოებების შესახებ და ის მოწმის სტატუსით დაიკითხა. ყველა შეკითხვაზე პასუხი მივიღეთ“, - თქვა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის შემდეგ.

პროკურორის ინფორმაციით, მოცემულ საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“ და, შესაბამისად, ბრალმდებელი ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს.

„საქმეს რატომ დაედო გრიფი „საიდუმლო", ამაზე რომ პასუხი გავცე, მე მომიწევს ფაქტობრივი მონაცემების გამჟღავნება, რისი უფლებაც კანონით არ მაქვს. თუ რა მუხლით, რა ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ამ ამის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - თქვა პროკურორმა.

ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, საქმე ნიკა გვარამიას მიერ „ფეისბუკზე“ დაწერილ ტექსტს უკავშირდება.

„უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !“ - დაწერა 3 დეკემბერს ნიკა გვარამიამ.

აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა დაბლოკა „სომეხთა გენოციდის რეზოლუცია“

აშშ-ის სენატორი, კევინ კრემერი

აშშ-ის სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან (ჩრდილოეთი დაკოტა), კევინ კრემერმა 5 დეკემბერს დაბლოკა რეზოლუცია, რომელიც ოფიციალურად „გენოციდად“ აღიარებდა სომეხთა ხოცვა-ჟლეტას ოტომანთა იმპერიაში მე-20 საუკუნის დასაწყისში.

ეს უკვე მესამედ ხდება, რომ რესპუბლიკელი კანონმდებელი არ აძლევს სენატს საშუალებას, მხარი დაუჭიროს რეზოლუციას, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ 29 ოქტომბერს დაამტკიცა. კრემერის განცხადებით, მან რეზოლუცია იმ მიზეზით დაბლოკა, რომ ახლა ამისთვის არასწორი დროა და, ამასთან, ეს თურქეთს გააბრაზებდა.

„არა მგონია, სენატში ვინმე არ იყოს სეროზულად შეშფოთებული თურქეთის საქციელის გამო, თქვა კერმერმა და დასძინა, „სწორი დრო რომ მოვა, ალბათ დავამტკიცებთ“ რეზოლუციას.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრე რესპუბლიკელები სენატს აკონტროლებენ, ხოლო დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები დომინირებენ წარმომადგენლთა პალატაში.

კონგრესის მრჩევლებმა უთხრეს AP-ს, რომ თეთრ სახლს არ სურს, კანონი სომეხთა გენოციდის შესახებ დამტკიცდეს იმ დროს, როცა მნიშვნელოვანი მოლაპარაკება მიმდინარეობს ანკარასთან ისეთ თემებზე, როგორიცაა თურქეთის შეჭრა სირიაში და ნატოს წევრი ქვეყნის მიერ რუსეთის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების შესყიდვა, რასაც აშშ-ის სანქციები შეიძლება მოჰყვეს.

პირველი მსოფლიო ომის დროს ოტომანთა იმპერიაში დახოცეს ან განდევნეს სახელმწიფოდან მილიონ-ნახევარი ეთნიკური სომეხი, ქრისტიანული უმცირესობა. ბევრი ისტორიკოსი ამ მოვლენას გენოციდად მიიჩნევს. თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანა, ეწინააღმდეგება ტერმინ „გენოციდს“. ანკარა თვლის, რომ მსხვერპლი უფრო სამოქალაქო დაპირისპირებას მოჰყვა, ვიდრე ოსმალეთის ხელისუფალთა დაგეგმილ მცდელობას, გაენადგურებინათ სომხები. ასევე აცხადებს, რომ უფრო ნაკლები სომეხი დაიხოცა, ვიდრე ამას ზოგიერთი წყარო ამტკიცებს.

პარტიის პრესსამსახურის განცხადებით, ნინო ბურჯანაძეს კოსაჩოვისთვის ბოდიში არ მოუხდია

ნინო ბურჯანაძის პარტიის „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური რუსეთის საინფორმაციო სააგენტო TASS-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

„რუსულ მედიაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ნინო ბურჯანაძემ კოსაჩოვთან შეხვედრაზე ბოდიში მოიხადა გავრილოვის ინციდენტთან დაკავშირებით. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნინო ბურჯანაძეს არავისთვის ბოდიში არ მოუხდია, მით უმეტეს გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს პარტიის პრესსამსახური.

როგორც პრესსამსახური იტყობინება, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ ყურადღება გაამახვილა ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე. გარდა ამისა, პარტიის ცნობით, საუბრის თემა იყო ორ ქვეყანას შორის ავიამომოსვლის საკითხი.

რაც შეეხება გავრილოვის საკითხს, პარტიის ინფორმაციით, „ნინო ბურჯანაძე ყველა თავის გამოსვლაში, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთის ფედერაციაში, ყოველთვის აცხადებდა, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში თავისი ნებით არ ჩამჯდარა და ის საქართველოს ხელისუფლებამ ჩასვა აღნიშნულ სავარძელში, სიტუაციის გამწვავებისას კი მთავრობამ სტუმრის დაცვაც ვერ უზრუნველყო.

სწორედ, ეს გაიმეორა ქალბატონმა ნინომ კოსაჩოვთან შეხვედრისას - ფაქტს უწოდა სამწუხარო, თუმცა მას მომხდარზე ბოდიში არ მოუხდია“, - აცხადებს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი ჯილდა მაჭავარიანი.

TASS-ის ცნობით, ნინო ბურჯანაძემ ბოდიში მოიხადა ზაფხულში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სესიის მიმდინარეობისას საქართველოს პარლამენტში „მომხდარი ანტირუსული პროვოკაციისთვის“.

„სირცხვილია“: 14 დეკემბერს „ქართული ოცნება” მასობრივი შეკრება-მანიფესტაციის გამართვას გეგმავს

„საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, საჯარო სექტორში დასაქმებულებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან და აიძულებენ ამ დღისთვის მობილიზაციას, რათა მოხდეს მათი თბილისში ტრანსპორტირება სპეციალურად უზრუნველყოფილი ავტობუსებით“, - იტყობინება სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“. მათი ინფორმაციით,14 დეკემბერს „ქართული ოცნება” მასობრივი შეკრება-მანიფესტაციის გამართვას გეგმავს.

„სირცხვილიას“ განცხადებით, „სამსახურების უფროსები უხეშად სცდებიან საკუთარი უფლებამოსილების საზღვრებს, როდესაც ქვეშევრდომებს დამნაშავე ხელისუფლების მხარდამჭერ აქტივიზმში ჩაბმას აიძულებენ. ისინი თელავენ საჯარო მოხელეთა პროფესიულ და ადამიანურ ღირსებას, როდესაც ისეთ დამამცირებელ სამუშაოს აკისრებენ, როგორიცაა მობილიზაცია ხელისუფლების ტყუილებისა და დანაშაულების გასამართლებლად“.

„სირცხვლია“ საჯარო მოსამსახურეებს მოუწოდებს, ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედებების შემთხვევაში, არ დაწერონ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით და „სირცხვილიას“ საორგანიზაციო ჯგუფს დაუკავშირდნენ.

„არასამთავრობო სექტორის ჩართულობითა და მხარდაჭერით, ჩვენ იურიდიულ დახმარებას აღმოგიჩენთ, რათა სამუშაო ადგილი თავის დამცირების ვალდებულების გარეშე შეინარჩუნოთ“, - აცხადებს „სირცხვილია“.

პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათთვის უცნობია, რა იგულისხმება „სირცხვილიას“ განცხადებაში. როგორც პრესსამსახურში ამბობენ, 14 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება უკავშირდება იმას, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. პარტიის ინფორმაციით, ზოგადად, ამ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ღონისძიება არის დაგეგმილი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორმატში.

6 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

„გვსურს, წინასწარ გაცნობოთ, რომ 14 დეკემბერს, შაბათს, ჩვენი ორგანიზებით მასშტაბური შეკრება გაიმართება, რაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს.

ამ დღის აღსანიშნავად, რა თქმა უნდა, ჩვენი თანატოლები და თანაგუნდელები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან და ყველა ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯს, საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს“, - აღნიშნავს ჩაკვეტაძე.

ჩაკვეტაძე ამ შინაარსის განცხადებითაც გამოდის: „მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისაგან, რათა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმატების აღნიშვნას და დასავლური ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საფრთხე არ შეექმნას“.

პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების თაოსნობით, თბილისში, ორბელიანის მოედანზე კონცერტი გაიმართა.

გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომისარი: ირანის უშიშროების ძალები დემონსტრანტებს „მოსაკლავად ესროდნენ“

გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უზენაესი კომისარი ირანის უშიშროების ძალებს ადანაშაულებს, რომ „სასტიკ ძალადობას“ მიმართეს დემონსტრანტების წინააღმდეგ და „მოსაკლავად ესროდნენ“ მათ გასულ თვეში საწვავის ფასის ზრდის გამო გამართული საპროტესტო გამოსვლების დროს.

გაეროს უზენაესმა კომისარმა ადამიანის უფლების დაცვის სფეროში, მიშელ ბაჩელეტმა, 6 დეკემბერს განაცხადა, რომ შეშფოთებულია მსხვერპლის და ათასობით დაკავებულის მიმართ მოპყრობის შესახებ ინფორმაციის გაუმჭვირვალობის გამო.

„სარწმუნო ვიდეოჩანაწერებზე ჩანს, რომ სასტიკი ძალადობა მოხდა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ, უშიშროების სამსახურების შეიარაღებული თანამშრომლების ქმედების ჩათვლით. ერთ ქალაქში ისინი იუსტიციის უწყების სახურავიდან ისროდნენ, სხვაგან კი შვეულმფრენიდან, თქვა ბაჩელეტმა, რომელიც სხვა ვიდეოჩანაწერების თაობაზე აცხადებს, რომ „უშიშროების ძალები უიარაღო დემონსტრანტებს ესროდნენ ზურგში, როცა ისინი გარბოდნენ და სხვებს კი წინიდან, პირდაპირ სასიცოცხლო ორგანოებში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესროდნენ, რომ მოეკლათ“, თვლის მიშელ ბაჩელეტი, რომელიც ირანში მომხდარს უწოდებს საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების აშკარა დარღვევას, ადამიანი უფლებების სეროზულ დარღვევას.

საპროტესტო გამოსვლები ირანში დაიწყო 15 ნოემბერს, როცა მთავრობამ გამოაცხადა, რომ გაორმაგდა საწვავის ფასი. უშიშროების ძალებმა სწრაფად ჩაახშეს გამოსვლები და ერთი კვირით თითქმის მთლიანად გამორთული იყო ინტერნეტი მთელ ქვეყანაში.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG