Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა გაბუნია რუს დეპუტატებს: თქვენი საძაგელი საოკუპაციო რეჟიმის გამო ქართველები იტანჯებიან


„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებაზე.

პარლამენტის ინფორმაციით, სოფიაში, შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას გაბუნიამ რუს დეპუტატებს მიმართა: „თქვენი საძაგელი, დანაშაულებრივი, სასტიკი საოკუპაციო რეჟიმის გამო დღეს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და საქართველოს მოქალაქეები იტანჯებიან ოკუპირებული ცხინვალის ციხეში“.

„ჩვენო მეგობარო სახელმწიფოებო, დაუდექით საქართველოს გვერდით, რომ გამოვიხსნათ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და რომ ჩვენი მოქალაქეები დაცულნი იყვნენ რუსული აგრესიისგან. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება, რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაა, რადგან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს სამწუხაროდ, სწორედ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს და ნებისმიერი უკანონობა, მათ შორის ესეც, მათი პასუხისმგებლობაა. თუ რუსეთის ფედერაცია პატივს სცემს ამ ორგანიზაციას და მის წესდებას, მაშინ დუმის და ფედერაციის საბჭოს აქ წარმოდგენილო წევრებო, გაიღეთ თქვენი ძალისხმევა ექიმის გასათავისუფლებლად. ის არის ექიმი, რომელიც 2008 წლის ომის დროს მკურნალობდა როგორც ქართველებს, ისე დაჭრილ რუს სამხედროებს“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და უკრაინაში რუსეთი ახორციელებს შუასაუკონეობრივ, ძალადობრივ და ბნელ პოლიტიკას: „რუსეთის ფედერაციამ მოაწყო ქართველთა გენოციდი და დღესაც აგრძელებს ქართველთა სიძულვილით მოტივირებულ საქმიანობას, რომლის მსხვერპლია არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და აქ კი, ამ ასამბლეაზე თავმომწონეობთ თითქოს ცივილიზებული პოლიტიკის მომხრეები იყოთ“.

ზაზა გაბუნიამ შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის წევრ ქვეყნებს მიმართა, საქართველოსთან ერთად ამხილონ რუსული პოლიტიკა, რომ ხვალ თავადაც არ გახდნენ მისი აგრესიის მსხვერპლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG