Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი პროპორციულ სისტემაზე: „ბატონი ბიძინას დაპირება ეს კი არ იყო, ეს იყო იდეა“


იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში ისაუბრა საარჩევნო სისტემის გამო განვითარებული მოვლენების შესახებ. როგორც წულუკიანი ამბობს, ბუნებრივი ბარიერის დაწესება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო.

„ეს იდეა წამოვიდა ბიძინა ივანიშვილისგან და მიკვირს ადამიანების, რომლებიც არიან ნაწყენი, რომ ეს იდეა ვერ გავიდა, იმიტომ, რომ გარკვეულმა ჯგუფმა ხმა არ მისცა. მიდის სპეკულაციები იმაზე, რომ თითქოს ამის უკან ისევ ბიძინა ივანიშვილი დგას, თორემ, როგორ გაბედავდა ოქრიაშვილი, რომელიც მე ვარ მომსწრე, როდესაც თათბირზე ბატონმა ბიძინამ ეს იდეა გააჟღერა, ეს დეპუტატები, ვინც დღეს კანონპროექტს ხმა არ მისცეს, ესენი იყვნენ, იგივე ხუნდაძე, ოქრიაშვილი და სხვები, მას ღიად დაუპირისპირდნენ. თქვეს, რომ ეს ჩვენ არ მოგვწონს და იქ იყო ცხარე კამათი. შესაბამისად, ჩვენ ალბათ ჯობს გამოვიდეთ იმ ლოგიკიდან, რომ ვიყოთ განაწყენებულები, იმიტომ, რომ ვისზე არიან განაწყენებულები, არ მესმის.

ბატონი ბიძინას დაპირება ეს კი არ იყო, ეს იყო იდეა, რომ შესთავაზა, პარტია აქეთკენ წავა, პარტიაში ვიღაცებმა ეს არ გაიზიარეს. მე ჩემს თავს მათში არ ვთვლი, რადგან აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვარ, მაგრამ დეპუტატად რომ დავრჩენილიყავი, მე, რა თქმა უნდა, მათ ჯგუფში ვიქნებოდი, რომელიც იტყოდა, რომ მაჟორიტარობა შესანარჩუნებელია და ეს ქვეყანას სჭირდება. მათ შორის კარგია პოლიტიკოსად ჩამოყალიბებისთვის“, - ამბობს თეა წულუკიანი.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტში 14 ნოემბერს ჩავარდა.

საქართველოს 150-წევრიან [დღეისთვის 148 წევრია] პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს, 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო მიტინგის დაშლის შემდეგ (რასაც მისი ოპონენტები „გავრილოვის ღამეს" უწოდებენ) გამოაცხადა საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ინიციატივა:„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“.

სწორედ, 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო მომიტინგეთა სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი.

XS
SM
MD
LG