Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: „ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაუპირისპირდნენ „იმედის“ თანამშრომლებს“


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც, როგორც შსს იტყობინება, „ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაუპირისპირდნენ“.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ინციდენტის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის წევრები გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ნიკოლოზ მაქარაშვილი ბერად 1992 წლის 5 ივნისს აღიკვეცა და სამი წლის განმავლობაში გაბრიელ სალოსის მორჩილებაში იყო. საქართველოს საპატრიარქომ ნარიმან მაქარაშვილის შესახებ სპეციალური განცხადება ჯერ კიდევ 2016 წელს გაავრცელა: “საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით „მხსნელი”,”გადამრჩენელი” და ა.შ. გვინდა განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG