Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანდელაკი თალაკვაძეს: წუხელ, შემთხვევით, ჩემთან ერთად სტამბოლის რეისით ხომ არ ჩამოფრინდით?!


Georgia -- Giorgi Kandelaki Archil Talakvadze
Georgia -- Giorgi Kandelaki Archil Talakvadze

პარლამენტის დეპუტატი გიორგი კანდელაკი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს თვითმფრინავის ბილეთის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იმის შესახებ, რომ კომოს ტბაზე არ ყოფილა და სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს, რომ გუშინ, 21 ნოემბერს, მან არჩილ თალაკვაძესა და გიგი წერეთელთან ერთად იფრინა სტამბოლიდან თბილისში:

„ბატონი არჩილ თალაკვაძე დილიდან გვიმტკიცებს, არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებს სრულიად მედიაო. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მინდა მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით, ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ, თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, „უკიდურეს მიკერძოებაში“ ამხილოთ“, - წერს გიორგი კანდელაკი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 22 ნოემბერს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ გუშინ ტელეკომპანიებმა „მთავარმა“ და „ფორმულამ“ მასზე გაავრცელეს დეზინფორმაციული, „უკიდურესად პოლიტიკური და მიკერძოებული სიუჟეტი“, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დასასვენებლად იტალიაში, კომოს ტბაზე იმყოფება: „სინამდვილეში, როგორც ხედავთ, მე ახლა ვარ საქართველოს პარლამენტში ჩემს სამუშაო ოთახში და მაქვს ჩვეულებრივი სამუშაო დღე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„როდესაც სიუჟეტს აკეთებთ და ინფორმაციას შემდეგ ამოწმებთ, ეს არის ძალიან ცუდი მედიასტანდარტი. სამწუხაროა, რომ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით, გუშინ, საზოგადოებას უმტკიცებდით, დასასვენებლად ვიყავი წასული, თითქოს, ტბაზე ვისვენებ დევიდ ბექჰემთან თუ სხვა ვარსკვლავებთან ერთად, რაც სასაცილო სიუჟეტი იყო. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური მოტივაციებით იყო განპირობებული“, - მიმართა მოგვიანებით ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს.

მედიის ინფორმაციით, თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კომოს ტბაზე მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG