Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი: 18 ნოემბერს დაკავებულთა სასამართლო პროცესები დარღვევებით წარიმართა


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი 2019 წლის 18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესების შეფასებისას ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს.

2019 წლის 19-20 ნოემბერს დასრულდა ადმინისტრაციული წესით დაკავებული 12 პირის სასამართლო განხილვა, სადაც 10 პირს სხვადასხვა ვადით პატიმრობა, 1 პირს კი ჯარიმა შეეფარდა. სახალხო დამცველის თანახმად, ამ პირთა დაკავების შემდგომი და სასამართლო პროცესი საპროცესო დარღვევებით წარიმართა, რაც სწრაფ და სათანადო რეაგირებას საჭიროებს.

კერძოდ, უშუალოდ სხდომებზე სახალხო დამცველი განსაკუთრებით გამოყოფს ისეთი კატეგორიის დარღვევებს, რომელთაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს. ამ თვალსაზრისით სახალხო დამცველი აქცენტს აკეთებს ნეიტრალური და სანდო მტკიცებულებების არარსებობისა და დაცვის უფლებით სარგებლობის შეუძლებლობის პრობლემებზე.

„საბოლოო ჯამში, 19-20 ნოემბრის სასამართლო განხილვებმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას საბჭოთა პერიოდში მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზები. კოდექსის შეცვლის აუცილებლობაზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს. ქვეყანაში დღეს მიმდინარე პროცესები და ეს სასამართლო განხილვებიც ადასტურებს, რომ კოდექსი მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს და რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს პარლამენტმა ახალი ნორმატიული აქტი“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პროკურატურას, იხელმძღვანელოს 2019 წლის 20-21 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკით, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვოს დაკავებული პირების გათავისუფლება.

XS
SM
MD
LG