Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკაკი ზოიძე საარჩევნო სისტემის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს


პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს.

„გადავწყვიტე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსთვის, ზომები მიიღონ უმოკლეს ვადაში რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ეს გადაწყვეტილება, მისი თქმით, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში დაპირისპირების პრევენციას და ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს მოხსნის.

„რეფერენდუმამდე დარჩენილი დრო გამოვიყენოთ საზოგადოებასთან სამუშაოდ, ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღწევად“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი სიტყვებით, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს პოლიტიკური გუნდი, პარლამენტისა და ზოგადად პოლიტიკის დატოვებას ფიქრობს.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილება. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხმები თავად უმრავლესობიდან დააკლდა. რასაც ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციები მოჰყვა.

„ქართული ოცნება“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლას დათანხმდა ივნისში დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციების შედეგად. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო მაჟორიტარული სისტემის გაუქმება უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG