Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ავთანდილ იოსელიანს სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა


საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის, მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის საკომენდანტო ასეულის მებრძოლი ავთანდილ იოსელიანი ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდა და საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ავთანდილ იოსელიანის მეუღლეს გადასცა.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოვდა ომისა და თავდაცვის ძალების 23 ვეტერანი, მათ შორის: ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით 4, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი 5, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით 8 ვეტერანი, ხოლო მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ გადაეცა 6 ვეტერანს. დაჯილდოების ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ შინდისის ბრძოლის მონაწილეს, გიგა მურვანიძეს პრეზიდენტის ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ბინა გადაეცა“, - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებსა და ომის ვეტერანების ოჯახებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და სიტყვით მიმართა.

„ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, დიდი პატივია, დავაჯილდოვო აფხაზეთში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრები. სიკვდილის შემდეგ, დღეს 24 ადამიანი დაჯილდოვდება სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოთი. მათ შორის, დღეიდან გვეყოლება კიდევ ერთი, ეროვნული გმირი ავთანდილ იოსელიანი. მე ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ამ ჟესტით დღეს სახელმწიფო კიდევ ერთხელ გამოხატავს მოწიწებას თავისი გმირების მიმართ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დაჯილდოების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ვეტერანების ოჯახის წევრები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე ესწრებოდნენ.

XS
SM
MD
LG