Accessibility links

ალეკო ელისაშვილის მოძრაობისა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა


დაპირისპირება სოფელ ბოდბისხევის ბაზარში

ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის წევრი კახეთში, ნინო გოგოლაშვილი ამბობს, რომ დღეს სოფელ ბოდბისხევის საკვირაო ბაზარში კამპანიის „ამხილე ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში, მას „ქართული ოცნების“ წევრმა და სოფელ ილიაწმინდას დეპუტატმა ილია ბაიდოშვილმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გოგოლაშვილის თქმით, „დეპუტატმა მას ჯერ ბანერი დაუხია, შემდეგ კი თავში ჩაარტყა და თმებით მოქაჩა“. გოგოლაშვილის თანახმად, რომ არა პოლიცია, ოცნების დეპუტატი მას კიდევ უფრო მეტად სცემდა. დეპუტატი ბაიდოშვილი შემთხვევის ადგილიდან პოლიციამ განარიდა.

ბოდბისხევის საკვირაო ბაზარში ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რას ადგილზე ალეკო ელისაშვილი მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. მათ ადგილზე დახვდა „ქართული ოცნების“ ადგილობრივი აქტივი და დიდი რაოდენობით პოლიცია.

ელისაშვილმა დღეს კახეთიდან დაიწყო კამპანია „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“. ეს კამპანია მას შემდეგ დაანონსდა, რაც 14 ნოემბერს პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის მომზადებული კანონპროექტი პირველივე კენჭისყრაზე ჩავარდა. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა მაჟორიტართა ნაწილმა. სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი ირაკლი შიოლაშვილი იყო ერთ-ერთი, ვინც ამ სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს. უფრო მეტიც, მაჟორიტარი იმითაც დაიმუქრა, რომ თუ კანონპროექტი დამტკიცდებოდა, ის უმრავლესობის რიგებს დატოვებდა.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მაჟორიტარები რეგიონებში თანამედროვე ფეოდალები არიან და მათ კვლავ აქვთ მომავალ პარლამენტში მოხვედრის სურვილი და სწორედ ამიტომ არ დაუჭირეს მხარი პროპორციულ სისტემას.

ელისაშვილის განცხადებით, სამოქალაქო მოძრაობა ჩავა ყველა რეგიონში, შეხვდება ადგილობრივებს და მოუყვება, რა გააკეთეს მაჟორიტარებმა ხალხისთვის ბოლო 3 წლის განმავლობაში და რა ქონებას ფლობენ დღეს ისინი.

დღესვე, ელისაშვილი დედოფლისწყაროში ჩასვლას გეგმავდა, თუმცა ეს შეხვედრა გადაიდო, მიზეზად კი მოსალოდნელი პროვოკაციები დასახელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG