Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი: მათი მთავარი ამოცანაა რევოლუციური სცენარის განვითარება


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი რევოლუციური სცენარის ნაწილად განიხილავს ოპოზიციის პროტესტსა და მოთხოვნებს, რომლებიც საარჩევნო სისტემის შეცვლას უკავშირდება. ვოლსკის თქმით, ე.წ. გერმანული მოდელი ანტიკონსტიტუციურია.

„ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც კომფორტს გრძნობს შექმნილი ვითარების გამო. მაგრამ არსებობს კონსტიტუცია, რომელსაც არ შეესაბამება „გერმანული მოდელი“... თუმცა ნებისმიერი მოდელის შემთხვევაში, მე არა მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმე წარმატება ჰქონდეს.

მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი ამოცანა არის იმ რევოლუციური სცენარის განვითარება, რომელიც სააკაშვილმა შესთავაზა ჯერ კიდევ 2014 წელს. არა მგონია, რომ ამისთვის გადაეხვიათ ოდესმე. თუმცა დღეს ფიქრობენ, რომ ამისთვის საუკეთესო მომენტია. ვფიქრობ, რომ კანონს არ უნდა გავცდეთ - არც ისინი, არც ჩვენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ 26 ნოემბერს, პარლამენტში, პლენარული სხდომის დაწყებამდე.

საპროტესტო აქციების ახალი ტალღა დაიწყო მას შემდეგ, რაც არ შესრულდა ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებისთვის 24 ივნისს მიცემული დაპირება 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ დაპირებას წინ უსწრებდა საზოგადოების მღელვარება, რომელიც მოჰყვა თბილისში ჩამოსული რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვასა და შემდეგ უკვე - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, ე.წ. გავრილოვის ღამის კვალდაკვალ.

26 ნოემბერს, გამთენიისას, საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. სპეცრაზმის ჩარევითა და წყლის ჭავლის საშუალებით აქცია დაშალეს 18 ნოემბერსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 26 ნოემბერს, აქციის დაშლისას 3 ადამიანი დაშავდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს 28 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG