Accessibility links

ახალი ამბები

ჩეხეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩეხოსლოვაკიის ორი ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ

ჩეხეთმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ყოფილი ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, მილოშ იაკეშისა და სოციალისტური ჩეხოსლოვაკიის მთავრობის თავმჯდომარის, ლიუბომირ შტროუგალის წინააღმდეგ.

კომუნისტური რეჟიმის ორ ყოფილი წამყვანი ფუნქციონერი ბრალდებულია ჩეხოსლოვაკიის საზღვრის გადაკვეთის მცდელობის დროს სულ მცირე 9 კაცის სიკვდილში. საქმეში გადის ასევე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვრატისლავ ვაინარი.

ბრალდების თანახმად, ჩეხოსლოვაკია 1976 წელს შეუერთდა პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებათა პაქტს, რომლის თანახმად მოქალაქეებს უნდა მისცემოდათ უფლება ქვეყნის თავისუფლად დატოვებისა.

მაგრამ ჩეხოსლოვაკიის საბჭოთა რესპუბლიკაში მოქმედი კანონის თანახმად, ქვეყნიდან გასვლა შეზღუდული იყო, ხოლო მესაზღვრეებს მითითება ჰქონდათ, რომ გაეხსნათ ცეცხლი და საზღვრის დამრღვევზე ძაღლები მიეშვათ.

მილოშ იაკეში, 1987-89 წლებში ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, თანამდებობიდან გადადგა ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ. ლიუბომირ შტროუგალი ჩეხოსლოვაკიის პრემიერ-მინისტრი იყო პრეზიდენტ გუსტავ გუსაკის დროს, პრაღის გაზაფხულის ჩახშობის შემდეგ.

იაკეში, 97 წლისაა, შტროუგალი - 95. ასაკის გამო, გამოძიების დროს ისინი საპატიმროში არ მოათავსეს.

კომუნისტური რეჟიმი, რომელიც 1948 წლიდან 1989 წლამდე არსებობდა, ჩეხეთში დანაშაულებრივად არის გამოცხადებული. მაგრამ რეალური განაჩენი მის ყოფილი ფუნქციონერების მიმართ არასოდეს დამდგარა. იგივე იაკეში 1968 წელს, საბჭოთა ინტერვენციის ხელშეწყობისათვის იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მაგრამ გაამართლეს საკმარისი სამხილების არარსებობის გამო.

ყველა ახალი ამბავი

კობახიძე: წინ ვართ [ოპოზიციასთან] დისკუსიების და კონსულტაციების კუთხით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო სისტემის საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენლებთან საინტერესო დისკუსია გაიმართა და სხვადასხვა ვარიანტები იქნა მსჯელობა. როგორც კობახიძე ამბობს, საუბარი იყო სხვადასხვა პრინციპზე, მათ შორის, პროპორციებზე, საარჩევნო ბარიერზე და ა.შ.

კობახიძის ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ერთგვარი 40%-იანი ბუნებრივი ბარიერი, რაც გულისხმობს იმას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ 40%-იანი და მეტი შედეგით უნდა შეძლოს ერთპარტიულად მთავრობის ფორმირება.

„ეს მიდგომა არის აბსოლუტურად მისაღები და რაციონალური. ეს არის ზოგადი მიდგომა, რომლის მიხედვითაც 40%-იანი ნდობა მაინც უნდა ჰქონდეს პარტიას მოსახლეობისგან, იმისათვის, რომ მან მთავრობა ერთპარტიულად ჩამოაყალიბოს, რაც არის ევროპაში აპრობირებული მიდგომა. ბევრ ქვეყანაში მოქმედებს საკმაოდ მაღალი საარჩევნო ბარიერი. და ეს ბარიერი თავისთავად, ხმების დამატებით რაოდენობას აძლევს გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას. საბოლოო ჯამში, ასეც ჯდება ხოლმე შედეგი - თუ 40%-ზე მეტი აქვს პარტიას მიღებული 5%-იანი ბარიერი პირობებში, როგორც წესი, ის ახერხებს ერთპარტიულად, მთავრობის ფორმირებას. თუ აქვს ნაკლები ხმები მიღებული ამ შემთხვევაში მას სჭირდება კოალიცია. ეს მიდგომა ჩვენთვის არის აბსოლუტურად მისაღები. შეთანხმებიდან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ დეტალებზე ვისაუბროთ თუმცა, ჩვენ გვაქვს გარკვეული ვარიანტი მომზადებული, რომელიც არა მარტო პრაქტიკულად არამედ, თეორიულადაც გამორიცხავს იმას, რომ 40-%-იანი შედეგით პარტიამ მიიღოს 75-ზე მეტი მანდატი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, შეიძლება გადაიხედოს 100/50-იც. ამასთან, ოპოზიციურ პარტიებთან მიმდინარე დისკუსიას კობახიძე დადებითად აფასებს.

„საკამოდ წინ ვართ წაწეული დისკუსიის, კონსულტაციების კუთხითაც და ეს ნამდვილად გვიტოვებს იმის მოლოდინის საფუძველს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ვფიქრობთ ისეთი ვარიანტის შემუშავებას, რომელიც აბსოლუტურად ითვალისწინებს იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები და ეს შედეგობრივი თვალსაზრისით საკმაოდ დაუახლოვდება სრულად პროპორციულ სისტემას. ჩვენ თუ თეორიულად შევადარებთ ჩვენს სავარაუდო მოდელს - პროპორციულ სისტემას 5% იანი ბარიერის შემთხვევაში, შედეგობრივი კუთხით ეს იქნება საკმაოდ მიახლოებული - თუ არა იდენტური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პუტინმა პირველად აღიარა, რომ ორეულების გამოყენებას სთავაზობდნენ, მაგრამ უარი თქვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველად აღიარა, რომ 2000-იანი წლების დამდეგს, ჩეჩენ სეპარატისტთა წინააღმდეგ მეორე ომის დროს, შესთავაზეს, პირადი უსაფრთხოებისთვის ორეულები გამოეყენებინა.

შესაძლო ორეულების თაობაზე შეკითხვებზე პუტინს ადრე არასოდეს გაუცია პასუხი.

ტასისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომლის ნაწილი 27 თებერვალს გამოქვეყნდა, პუტინმა თქვა, რომ მას სთავაზობდნენ ამ საშუალებას, მაგრამ არ დათანხმდა.

„უარი ვთქვი ორეულებზე. ეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე რთულ დროს იყო“, თქვა პუტინმა, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია.

ჩეჩნეთის პირველმა ომმა, რომელიც 1994-1996 წლებში მიმდინარეობდა, 30 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

რუსეთმა ამბოხებულ რეგიონზე კონტროლის დამყარება მოახერხა მხოლოდ მეორე ომის (1999-2009) დროს, რომელსაც მოსკოვი ოფიციალურად კონტრტერორისტულ ოპერაციას უწოდებს.

პუტინმა ჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის როლში, შემდეგ კი როგორც არჩეულმა პრეზიდენტმა, რამდენჯერმე მოინახულა ჩეჩნეთი.

ინფექციურ საავადმყოფოში სამართალდამცველი მოათავსეს

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 21 პაციენტი იმყოფება, მათგან 11 პირი 27 თებერვალს, დილის შემდეგ დაემატა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 11 პაციენტიდან 5-ს უკვე ჩაუტარდა კვლევა და შედეგი უარყოფითია. ხოლო, 5 პაციენტის ტესტის დამთავრების საათი უცნობია.

კიდევ ერთი პაციენტი კი სამართალდამცველია. „თუ არ ვცდები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა“, - ამბობს მარინა ეზუგბაია. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ეზუგბაია აღნიშნავს, „ამ წუთში მას ტემპერატურა აქვს და რესპირაციული მოვლენები: სურდო, ხველა, ყელის ტკივილი. აღებულია პირველადი კვლევები და მოგვიანებით იქნება ცნობილი შედეგები".

ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში, სადაც 21 პაციენტი იმყოფება, მარინა ეზუგბაიას თქმით, სულ 20 ბოქსირებული პალატაა. მიუხედავად ამისა, როგორც ეზუგბაია აცხადებს, საავადმყოფო მალე შეძლებს სხვა პაციენტების მიღებას.

„ჩვენ გვაქვს 20 ბოქსი, მაგრამ პაციენტების ნაწილი არის ცოლ-ქმარი და აქედან გამომდინარე ბოქსირებული განყოფილება გვყოფნის. დღეს 6 ბოქსი გათავისუფლდება და ნეგატიური პასუხის მქონე პაციენტების გადაყვანა გაგრძელდება საკარანტინო სივრცეში“, - განმარტავს მარინა ეზუგბაია.

26 თებერვალს ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც 25 თებერვალს ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

სომხეთის მთავრობა საქართველოსთან საზღვრის დაკეტვას არ აპირებს

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ საქართველოსთან საზღვრის დაკეტვა არ იგეგმება.

მინისტრმა უარყო ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა. როგორც ტოროსიანი ამბობს, გამოკვლეულია საეჭვო შემთხვევები და ყველა მათგანმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის ერთი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, 27 თებერვალს ქართველ კოლეგას [ეკატერინე ტიკარაძეს] ესაუბრა.

„ვფიქრობ, რომ ამ ერთი შემთხვევის გამო ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში არ შეცვლილა“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ პაციენტი ირანიდან საქართველოში აზერბაიჯანის გავლით მიემგზავრებოდა და მას ფაქტორივად მხოლოდ მესაზღვრეებთან ჰქონდა კონტაქტი. ფაშინიანის თქმით, ოთხი ადამიანი, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომლები იყვნენ. ისინი შეამოწმეს და მიიღეს უარყოფითი შედეგი. „შესაბამისად, საქართველოში პრაქტიკულად არ არის ინფიცირების შემთხვევები“, - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

26 თებერვალს ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც 25 თებერვალს ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

„ოცნება“ თანხმდება პრინციპს თუ პარტიას არ ექნა 40%-ზე მეტი, ვერ დააკომპლექტებს მთავრობას

„ქართული ოცნება" მზად არის, ის წუხილები, რომელიც შეეხება 40 პროცენტზე ქვევით მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას, მოვხსნათ და ისეთ მექანიზმზე ვილაპარაკოთ, რომელიც ყველა ვარიანტში ამას გამორიცხავს“, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ოპოზიციასთან შეხვედრა კვლავ გაიმართება. როგორც მდინარაძე ამბობს, პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა და რადგან ეს პრინციპი ყველასთვის მისაღებია, შეთანხმებაც შედგება.

„ცალკე აღებულ 110/40-ზე ნუ ვისაუბრებთ, რადგან არც 110/40 და არც ცოტა მეტი ან ნაკლები მაჟორიტარული სისტემით თუ პროპორციული სიით გასული დეპუტატი არ გულისხმობს მყარ გარანტიებს 40%-იან ზღვართან დაკავშირებით. ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ვთანხმდებით პრინციპზე, რომ თუ მმართველ გუნდს არ ექნა 40 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა არჩევნებში, ის ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, ეს არის ამოსავალი წერტილი. დანარჩენი ყველაფერი არის დეტალები“, - თქვა მდინარაძემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და დეპუტატი ამავე პარტიიდან თინა ბოკუჩავა, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია, „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, პარტია სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში.

10 თებერვალს გიგა ბოკერიამ ილაპარაკა „ევროპული საქართველოს“ წინადადების შესახებ, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობის შემდეგ სხვა პარტიებთან განიხილა.

„ავიღოთ მყარი პრინციპი, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიას ჰქონდეს 40%-ზე მეტი არსებითი მხარდაჭერა და ასეთ შემთხვევაში თუ ის მოიგებს მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობას, ჰქონდეს შანსი უმრავლესობის შექმნის“, - აღნიშნავდა ბოკერია. მან წინადადება ასე განმარტა: „თუ მაინცდამაინც ბალანსზე არის საუბარი, პირობითად ეს ბალანსი არის 130 (პროპორციული) და 20 (მაჟორიტარი)“. მისი თქმით, მთავრობის დასაკომპლექტებლად პროპორციულ ნაწილში საარჩევნო სუბიექტს 45%-ის აღება დასჭირდებოდა.

პრაღაში მოედანს, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, დღეიდან ბორის ნემცოვის სახელი ეწოდა

პრაღაში დღეს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის მეხუთე წლისთავზე, სახელს უცვლიან მოედანს, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს. პრაღის ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც ამ კვირაში იქნა მიღებული, ჩეხეთის დედაქალაქში მდებარე პოდ კაშტანის მოედანს ამიერიდან ბორის ნემცოვის მოედანი ეწოდება.

ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო პრაღის მერმა ზდენეკ ჰრჟიბმა, რომელიც გადარქმევის ერთ-ერთი ინიციატორია. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ასევე პოლიტიკოსის ქალიშვილმა ჟანა ნემცოვამ.

პეტიცია იმის თაობაზე, რომ მოედანი ნემცოვის სახელობის გამხდარიყო, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. პრაღის ტოპოგრაფიულმა კომისიამ რამდენჯერმე უკუაგდო სახელის შეცვლის მოთხოვნა. მაგრამ თებერვლის დამდეგს უწყებამ აღიარა, რომ გადარქმევა არ შეეხება საცხოვრებელ სახლებს და რაიონის მაცხოვრებლებს არ მოუწევთ საბუთების გამოცვლა.
ამ კვირაში რუსეთსა და მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ტარდება ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები. შაბათს მოსკოვში, პეტერბურგსა და რუსეთის სხვა ქალაქებში მსვლელობები და პოლიტიკოსის ხსოვნისადმი მიძღვნილი სხვა აქციები გაიმართება.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ცნობილი კრიტიკოსი იყო, 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს მოსკოვის ცენტრში. მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს ხუთი ადამიანი. მკვლელობის დამკვეთები ჯერაც არ არიან ცნობილი.

უკრაინის ყოფილი გენპროკურორი ვიქტორ შოკინი ჯო ბაიდენს ზეწოლაში ადანაშაულებს

ჯო ბაიდენი

უკრაინის საგამოძიებო ბიურომ დაარეგისტრირა სისხლი სამართლის საქმე ყოფილი გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოკინის განცხადების საფუძველზე. განცხადებაში ლაპარაკია ზეწოლაზე, რომელსაც, შოკინის თქმით, მასზე ახორციელებდა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ იტყობინება შოკინის ადვოკატ ალექსანდრ ტელეშიცკიზე დაყრდნობით. თავად საგამოძიებო ბიუროს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი საქმესთან დაკავშირებით.

ადვოკატის თქმით, საქმე აღძრულია სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის საქმიანობაში ჩარევის თაობაზე. ჯერჯერობით მასში არ არის ბრალდებულები, ბაიდენის გვარი საქმის დაწყების გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, ლაპარაკია „აშშ-ის მოქალაქეზე“.

სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროში სისხლის სამართლის საქმის რეგისტრაცია სტანდარტული პროცესუალური ნაბიჯია დანაშაულის თაობაზე განცხადების მიღების შემდეგ. თავისთავად ის არ ნიშნავს, რომ ბაიდენს ან ვინმე სხვას ბრალდებას წაუყენებენ.

ვიქტორ შოკინის განცხადებას, რომ ბაიდენი მასზე ზეწოლას ახორცილებდა და მოითხოვდა უკრაინულ კომპანია Burisma-ში მისი ვაჟის საქმიანობაზე გამოძიების დახურვას, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რიგი მომხრეები იყენებდნენ ტრამპის იმპიჩმენტის საწინააღმდეგო არგუმენტად.

ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატობის ერთ-ერთი პრეტენდენტია დემოკრატიული პარტიიდან. გამოკითხვების მიხედვით, ის მეორე ადგილზეა სენატორ ბერნი სანდერსის შემდეგ.

ნინო ხარატიშვილი და მისი "მერვე სიცოცხლე" ბუკერის პრემიის გრძელ სიაშია

გერმანულენოვანი ქართველი მწერალი და დრამატურგი ნინო ხარატიშვილი პრესტიჟული ინგლისურენოვანი ლიტერატურული პრემია "ბუკერის" ნომინანტთა გრძელ სიაში მოხვდა რომანით "მერვე სიცოცხლე (ბრილკას)".

13 ნომინანტის სია ჟიურიმ 27 თებერვალს გამოავლინა. სულ კონკურსში 124 ავტორი მონაწილეობდა.

"ბუკერის" პრემიით ყოველწლიურად აჯილდოებენ იმ წიგნებს, რომლებიც სხვადასხვა ენიდან ითარგმნება ინგლისურად და დიდ ბრიტანეთსა ან ირლანდიაში გამოიცემა.

"მერვე სიცოცხლისთვის", რომელიც ნინოს ყველა სხვა რომანი, გერმანულად დაიწერა და გამოიცა, ავტორს უკვე მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. მათ შორის, პრესტიჟული ბერტოლდ ბრეხტის პრემია (2018 წელს), ფრიდრიჰ შილერის სახელობის პრემია (2019 წელს) და სხვა.

"მერვე სიცოცხლის" ქართული თარგმანი გამომცემლობა "ინტელექტმა" დაბეჭდა.

"ბუკერი" 2020-ის გამარჯვებული ფულად ჯილდოს, 50 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს, რომელიც ავტორსა და წიგნის მთარგმნელს შორის გაიყოფა.

თურქეთის საელჩო თავის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ აფრთხილებს

თურქეთის საელჩო საქართველოში ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადებით თავის მოქალაქეებს აფრთხილებს. გაფრთხილება განპირობებულია ქართული მხარის მიერ საზღვარზე დაწესებული შეზღუდვებით.

„კორონავირუსის საფრთხის წინააღმდეგ მიღებული ზომების კონტექსტში, 2020 წლის 26 თებერვლის, საქართველოს დროით 23:30 საათიდან სატვირთო მანქანის მძღოლებს საქართველოში შესასვლელად საპასპორტო კონტროლის გავლა მოუწევთ.

მოცემულ მომენტში საქართველოში შესვლა აკრძალულია, თუკი პასპორტში არის ბოლო 21 დღის განმავლობაში ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში ყოფნის დამადასტურებელი ვიზა/ბეჭედი. ვინაიდან კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები მუდმივად ახლდება, თქვენს ყურადღებას აგრეთვე მივაპყრობთ იმაზე, რომ შეიძლება იყოს ცვლილებები. პატივისცემით“,- ნათქვამია საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრის თქმით, პრეზიდენტმა ჰაშიმ თაჩიმ კონსტიტუცია დაარღვია 2013 წელს

კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი

კოსოვოს ახალი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ჰაშიმ თაჩიმ კონსტიტუცია დაარღვია, როცა 2013 წელს ნატოსთან ხელი მოაწერა „საიდუმლო შეთანხმებას“ ქვეყნის უშიშროების ძალების უფლებამოსილებების შეზღუდვის შესახებ, როცა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ ამის თაობაზე პარლამენტის სპიკერს, ვიოსა ოსმანის განუცხადა 26 თებერვალს გაგზავნილ წერილში. ოსმანიმ თქვა, რომ მან წერილი კანონმდებლებს გადაუგზავნა. თაჩის კომენტარი არ გაუკეთებია კურტის განცხადებაზე.

კურტის კანცელარიის თანახმად, საქმე ეხება 2013 წლის 19 აპრილის მიმოწერას თაჩისა და ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს შორის. ქურთის თანახმად, შეთანხმება ნატოს სამშვიდობო მისიას, KFOR-ს, კოსოვოს უშიშრობის ძალების მოქმედებებზე სრული ვეტოს დადების უფლებას ანიჭებდა.

ამავე დროს კურტიმ განაცხადა, რომ ის არ მიმართავს ზომებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ნატოსა და კოსოვოს შორის თანამშრომლობას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანა დაცულია, განგაშის საფუძველი არ არსებობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ზურაბიშვილს დეტალურად გააცნეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, მთავრობის მიერ გატარებული და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებები.

როგორც პრეზიდენტმა თქვა, დღეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა, როგორც მთელს მსოფლიოში სერიოზულია, მაგრამ არა საგანგაშო.

„დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა მიღებულია. საკოორდინაციო საბჭო სრულყოფილად ფუნქციონირებს და ჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან. საჭიროა, ყველამ დაიცვას ჰიგიენის რეკომენდირებული ზომები, რათა ვირუსი არ გავრცელდეს. ქვეყანა დაცულია: საჰაერო მიმოსვლები შეზღუდულია იმ ქვეყნებთან, სადაც საჭიროა; ის საზღვრებია ჩაკეტილი, რომელიც საჭიროა. ჩვენ სრულ იზოლაციაში არ მოვაქცევთ ჩვენს თავს - ამის საჭიროება არ არსებობს! არც იმის საჭიროება, არსებობს რომ უცებ სასურსათო მაღაზიებში შეიქმნას საგანგაშო მდგომარეობა. ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანები, მშვიდად შევხვდეთ ამ მდგომარეობას და ვიცოდეთ, რომ ბევრია ჩვენზე დამოკიდებული, სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს!“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ.

26 თებერვალს ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც 25 თებერვალს ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

შსს განმარტავს საქართველოს საზღვრებზე შემოწმების პროცედურებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განმარტება, თუ ვინ ექვემდებარება ქვეყნის საზღვრებზე სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას.

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას და საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას.

ამ დროისთვის მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. ასევე, რისკ-ჯგუფად განისაზღვრა ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ზონად ნომინირებულ სახელმწიფოებში.

შსს-ს ინფორმაციით, 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ ამ ქვეყნებიდან შემომავალ მგზავრებს და ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ამ სახელმწიფოებში.

მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „სარფი“ და „დარიალი“. ასევე, საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში - საქართველოს სამივე აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ამ პუნქტებში მუდმივად მორიგეობს სამედიცინო პერსონალი.

შსს-ს განცხადებით, ამ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მესაზღვრის მიერ ხდება ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის რისკის პირველადი შეფასება, მისი მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მყოფ მორიგე ექიმთან გადამისამართება.

რაც შეეხება სხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, მესაზღვრის მიერ რისკის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, რომელიც ამოწმებს მგზავრს და შედეგის მიხედვით ტარდება შესაბამისი პროცედურები.

თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ-ჯგუფის ქვეყანაში, მისი სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ ხდება.

შსს-ს ცნობითვე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით, ჟურნალისტებს შეეზღუდათ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში შემოდის 25-დან 30 ათასამდე მოქალაქე.

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს დროებით ამცირებს

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს დროებით ამცირებს.

„აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მილანის მიმართულებით 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით კვირაში 4 რეისის ნაცვლად ფრენა კვირაში ერთხელ - პარასკევობით შესრულდება.

ქალაქი რომის მიმართულებით 18 მარტიდან 25 მარტამდე გაუქმდა ოთხშაბათის ფრენები.

ქალაქ ბოლონიის მიმართულებით 17 მარტიდან 24 მარტამდე ფრენები კვირაში ერთხელ შაბათობით შესრულდება.

ქალაქ ბარის მიმართულებით კი 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით გაუქმდა სამი ფრენა. ფრენები კვირაში ერთხელ მხოლოდ კვირა დღეს შესრულდება.

ცვლილება ახალი კორონავირუსის საფრთხის მიზეზით შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება. ფრენების სიხშირეები შემცირებულია იტალიის მიმართულებით სხვა ქვეყნებიდანაც.

26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

27 თებერვლის დილის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსი აღმოაჩნდა კიდევ 433 ადამიანს. 29 გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ჩინეთში დაავადდა 78497 ადამიანი და 2744 გარდაიცვალა

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 40-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადდა სულ მცირე 3 225 ადამიანი და 57 გარდაიცვალა.

ჩინეთის შემდეგ ყველაზე სარისკო ქვეყნები არიან სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია.

დღეს, 27 თებერვალს სამხრეთ კორეამ დაადასტურა 334 ახალი შემთხვევა. კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 1595-ს მიაღწია. გარდაცვლილია 13 ადამიანი

ირანში ოფიციალურად დადასტურებულია დაავადების 139 და გარდაცვალების 19 ფაქტი.

აზიის მიღმა ყველაზე დიდი აფეთქებაა იტალიაში, სადაც 100 ახალი შემთხვევაა. ბოლო მონაცემებით, იტალიაში სულ დაავადდა 400-ზე მეტი ადამიანი და 12 გარდაიცვალა.

პესკოვის განცხადება ეწინააღმდეგება ერდოანის სიტყვებს, რომ 5 მარტს პუტინთან შეხვედრა გაიმართება

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენატების, ვლადიმირ პუტინის და რეჯეპ ტაიპ ერდოანის (მარცხნივ) შეხვედრა სტამბოლში. 2020 წ. 8 იანვარი.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გეგმავს 5 მარტს სტამბოლში გამგზავრებას თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან ჩრდილო-დასავლეთ სირიის საკითხის განსახილველად.

პესკოვის განცხადება ეწინააღმდეგება ერდოანის სიტყვებს, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ 5 მარტის შეხვედრა შეთანხმებულია პუტინთან და რომ მასში ასევე შეიძლება მონაწილეობა მიიღონ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა, ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა.

სირიის პროვინცია იდლიბში უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარების იერიში შეიარაღებული ოპოზიციის წინააღმდეგ, რომლის შენაერთების ნაწილს თურქეთი უწევს დახმარებას.

უკანასკნელ ხანებში თურქეთის სამხედროები, რომლებმაც სერიოზულად გაზარდეს იდლიბში ყოფნა, კვლავაც ერევიან კონფლიქტში მას შემდეგ, რაც ასადის ჯარების დარტყმის ქვეშ მოყვა თურქეთის რამდენიმე სამეთვალყურეო პუნქტი. თავის მხრივ, რუსეთის ავიაცია ბომბავს თურქეთის მოკავშირე ოპოზიციონერების პოზიციებს.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი მთლიანად დაკეტა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის ბოლო ღია მონაკვეთიც დაკეტა.

დე ფაქტო უშიშროების საბჭოს განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე კორონავირუსის აფეთქების აღსაკვეთად მიღებულია გადაწყვეტილება, განსაკუთრებულ მითითებამდე სრულად დაიკეტოს გამარტივებული გაშვების ყველა პუნქტი სამხრეთ ოსეთი-საქართველოს საზღვარზე“.

ამ დრომდე დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნილი ჰქონდა მხოლოდ ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს საჩხერის მუნიციპალიტეტის გავლით.

2019 წლის შემოდომიდან დაკეტილია ახალგორის და ჯავის რაიონებთან მდებარე რაზდახანის და სინაგურის ე.წ. გამშვები პუნქტები. მათი ჩაკეტვა იყო დე ფაქტო ხელისუფლების ერთ-ერთი პასუხი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსებაზე.

საოკუპაციო ხაზთან კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი აძვი

საოკუპციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მცხოვრები ელდარ გუნდიშვილი. მისი ცოლი ამბობს, რომ საკუთარი ეზოდან უყურებდა, როგორ აგროვებდა ელდარ გუნდიშვილი შეშას ეზოს მახლობლად, საიდანაც შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.

უკანონოდ დაკავებულის ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას ითხოვს, რადგან მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, ფულადი ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებს. ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებულ მოქალაქეებს დე ფაქტო ხელისუფლება, უმრავლეს შემთხვევაში აჯარიმებს და „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან“ აძევებს.

ელდარ გუნდიშვილის დაკავების გამო ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლი მისიის „ცხელი ხაზი“.

სოფელ ზიკილიაში სტალინის გამოსახულებიანი კონსტრუქცია აღმართეს

ახალციხის რაიონის სოფელ ზიკილიაში ადგილობრივებმა სტალინის გამოსახულებით რკინის კონსტრუქცია აღმართეს.

"ჩვენ თვითონ სოფელმა მოვინდომეთ და დავდგით. რადგან მოგვცეს მაშინ ნება. ამის მერე წლები გავიდა, ქარმა შეარყია და თავქვე დაეკიდა. მერე ისევ ხალხის მონდომებით, ავწიეთ, დავაყენეთ და ,,დავასვარკეთ“ - ამბობს სოფელ ზიკილიის მკვიდრი გურამ გაჩეჩილაძე.

შინმოუსვლელთა ობელისკთან სტალინის მონუმენტი სოფელ ზიკილიაში თავდაპირველად 1976 წლიდან დგას. ადგილობრივებმა სამი წლის წინ დაზიანებული რკინის კონსტრუქცია შეაკეთეს, შეღებეს და რამდენიმე დღის წინ ხელახლა აღმართეს.

მუნიციპალიტეტის მერიაში სტალინის გამოსახულებიანი რკინის კონსტრუქციის აღმართვაზე კომენტარს არ აკეთებენ. მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კონსტრუქციის დადგმა თავად ადგილობრივებმა მოისურვეს.

2011 წლიდან საქართველოში ამოქმედდა „თავისუფლების ქარტია, რომელიც კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავს.

„თავისუფლების ქარტიის“ მე-7 მუხლში ნათქვამია, რომ ფაშიზმისა და კომუნიზმის სიმბოლიკები უნდა აღმოიფხვრას. ამავდროულად, მუნიციპალიტეტებს დაევალათ, მოიძიონ ინფორმაცია საბჭოთა სიმბოლოების საჯარო სივრცეში არსებობის შესახებ და ცნობები მიაწოდონ სპეციალურ კომისიას.


ირანიდან მომავალმა საქართველოს ორმა მოქალაქემ კარანტინზე უარი თქვა და უკან გაბრუნდა

ლაგოდეხის გამშვები პუნქტი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე

აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთიდან უკან გაბრუნდა საქართველო ორი მოქალაქე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის სამსახურის უფროსმა, ნუნუ ნოზაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ დედა-შვილი ირანიდან მოდიოდა, განუმარტეს, რომ კარანტინში უნდა მოეთავსებინათ. ამაზე მათ უარი თქვეს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.

დედა-შვილს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი რისკის ქვეყნიდან, ირანიდან მოდიოდნენ და საინკუბაციო პერიოდი ჯერ ამოწურული არ იყო, ორკვირიან საკარანტინო რეჟიმში უნდა ყოფილიყვნენ.

ნუნუ ნოზაძის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ტერიტორიიდან საქართველოში ჩამოსულ ყველა მგზავრს თერმოსკრინინგს უტარებენ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა 26 თებერვალს. ვირუსი აღმოაჩნდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლამდე ასაკის მამაკაცს, რომელიც ირანში იმყოფებოდა და სამშობლოში აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა.

გამყრელიძე კორონავირუსზე: უარი ვთქვათ გადაკოცნასა და ხელის ჩამორთმევაზე

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, თავი უნდა შევიკავოთ გადაკოცნის ჩვევისგან, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს - გვირჩევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. ამ რეკომენდაციის შესახებ მან 27 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ.

„ჩვენ, ქართველებს გვახასიათებს - როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით ერთმანეთს. გთხოვთ ძალიან, რომ თავი შევიკავოთ... ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ არ არის საჭირო, განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც ბობოქრობს გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები, რომლებიც გადადიან წვეთოვანი, აირ-წვეთოვანი გზებითა და ახლო კონტაქტით“ - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ასევე გვირჩევს, რომ ერთმანეთთან მისალმებისას თავი შევიკავოთ ხელის ჩამორთმევისგანაც.

„კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პერიოდში არ არის მაინცდამაინც რეკომენდირებული ხელის ჩამორთმევა და ჯობია, რომ ერთმანეთს ხელის აწევით მივესალმოთ ხოლმე... ნუ გეცინებათ. ეს მარტივი და მარტივად განსახორციელებელი რეკომენდაცია იძლევა ხშირად ძალიან კარგ შედეგს“ - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა ასევე ხელების ხშირად დაბანა საპნით 30 წამის განმავლობაში ან ხელების კარგად დამუშავება სპირტის შემცველი ხსნარით.

მნიშვნელოვან რეკომენდაციებში შედის ასევე: ოთახების ხშირი განიავება და მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა სავარაუდოდ ინფიცირებულ ადამიანებთან.

ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. საზღვარი ჩაიკეტა

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი დაკეტა.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ კორონავირუსის გამო კარანტინის გამოცხადების და ე.წ. საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება 26 თებერვალს მიიღო, თუმცა, დღეს, 27 თებერვალს დილიდან ე.წ. საზღვარი გადაკვეთა რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ. ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდისკენ ენგურის ხიდის გავლით მიმავალმა მოქალაქეებმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრეს, რომ ე.წ. საზღვარი სავარაუდოდ, 17 საათიდან დაიკეტებოდა.

საოკუპაციო ძალებმა ენგურის ხიდთან „საზღვარი“ 13 საათისთვის ჩაკეტეს.

სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებას, რომლის თანახმად, „დროებით, 2020 წლის 7 აპრილამდე იზღუდება აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნების და მოქალაქეობის არქმონე პირების შესვლა, გარდა იმ სახელმწიფოების მოქალაქეებისა, რომლებთანაც აფხაზეთის რესპუბლიკას საერთაშორისო შეთანხმებებით აქვს დადგენილი უვიზო რეჟიმი".

ელიზაბეთ რუდი: პოლიტიკოსებთან საუბარი კონსტრუქციული იყო

საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილის ელიზაბეთ რუდის თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალურმა შეხვედრამ კონტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა. ამის შესახებ ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს განუცხადა თბილისში, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციასთან, სადაც ოპოზიციის, საპარლამენტო უმრავლესობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობდა.

„მონაწილეობა მივიღე არაფორმალურ შეკრებაში. პოლიტიკოსებთან ერთად ჩვენ განვხილეთ პოლიტიკური საკითხები. მინდა აღვნიშნო, საუბარი იყო კონსტრუქციული და დატოვა შთაბეჭდილება, რომ ეს ასახვას ჰპოვებს მომავალ დღეებზე“, - აღნიშნა ელიზაბეთ რუდმა.

სხვადასხვა იდეოლოგიის ოპოზიციური პარტიები მას შემდეგ გაერთიანდნენ, რაც 2019 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ უზრუნველყო მის მიერვე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება. კანონპროექტი ითვალისწინებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე 2020 წლიდან და არა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, როგორც ეს მოქმედი კონსტიტუციითაა განსაზღვრული.

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ შესთავაზა „გერმანულ მოდელზე“ დაფუძნებული საარჩევნო სისტემა, რომელსაც მმართველი პარტია არ დათანხმდა და საპასუხოდ გამოთქვა ინიციატივა, რომ მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 73-დან 50-მდე შემცირდეს, ხოლო პროპორციული წესით, ანუ სიით არჩეულთა რიცხვი გაიზარდოს 77-დან ასამდე. ოპოზიციამ ეს წინადადება არ გაიზიარა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის საერთოდ გაუქმებას მოითხოვს, კონსულტაციებს აწარმოებს საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შესათანხმებლად და ამას არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავს.

"ქართულ ოცნებაში" უარყოფენ, რომ ოპოზიციას მაჟორიტარების 40-მდე შემცირება შესთავაზეს

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე უარყოფს, ოპოზიციას შესთავაზეს საარჩევნო სისტემა 110/40-ზე.

„დღეს გვქონდა დიპლომატების მიერ ორგანიზებული საუზმე და მათ ამისთვის რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ. ბუნებრივია, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან და განვიხილეთ ყველა აქტუალური საკითხი. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაისვა კითხვები. ბუნებრივია, ამაზეც იყო დისკუსია. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, ეს ინფორმაცია არის არასწორი“, - უთხრა მედიას ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციის და დიპლომატების შეხვედრის შემდეგ.

ინფორმაცია, რომ ამ შეხვედრაზე "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა - 110/40-ზე წარმოადგინა, ჟურნალისტებს მიაწოდა ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

კობახიძის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანი არ იყო მოლაპარაკების გამართვა საარჩევნო სისტემის საკითხზე: „სხვადასხვა საკითხს განვიხილავდით, მათ შორის საარჩევნო სისტემის თემას და ბუნებრივია, რადგან ეს არ იყო მოლაპარაკების ფორმატი, ასე არ ხდებოდა, რომ ჩვენ რაღაცას ვთავაზობდით და ოპოზიცია გვპასუხობდა ან პირიქით“.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საუბარი იყო სხვადასხვა საკითხზე და პრინციპზე: „როგორც პროპორციებზე პროპროციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის, ისე საუბარი იყო მაგალითაც 40 % -ზე. როგორც იცით, ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ პარტია იღებს 40 %-ზე ნაკლებს, მას არ უნდა ჰქონდეს უმრავლესობის მიღების საშუალება. ასეთ თემებზე იყო საუბარი, მაგრამ ეს არ იყო მოლაპარაკება. გავიმეორებ, როგორც ასეთი წინადადება 110/40-ზე არ დამდგარა ჩვენი მხრიდან“.

შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელმაც მედიას უთხრა, რომ საარჩევნო სისტემის საკითხზე ოპოზიციასთან დიალოგის ახალი რაუნდი მალე დაინიშნება.

„ამ საუზმემ ძალიან პოზიტიური გავლენა მოახდინა ჩვენს შორის არსებულ კომუნიკაციაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი იქითკენ, რომ ჩვენ შეხვდეთ კიდევ ერთხელ და შემდეგი დიალოგის ფარგლებში შევათანხმოთ მთავარი საკითხები ერთმანეთთან. დღეს დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ გპირდებით, რომ მოლაპარაკების ყველა დეტალი და მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ცნობილი, როგორც კი შემდეგი დიალოგი დაინიშნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

საარჩევნო საკითხებზე "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკება 10 თებერვალს შეწყდა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ.

სხვადასხვა იდეოლოგიის ოპოზიციური პარტიები მას შემდეგ გაერთიანდნენ, რაც 2019 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ უზრუნველყო მის მიერვე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება. კანონპროექტი ითვალისწინებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე 2020 წლიდან და არა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, როგორც ეს მოქმედი კონსტიტუციითაა განსაზღვრული.

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ შესთავაზა „გერმანულ მოდელზე“ დაფუძნებული საარჩევნო სისტემა, რომელსაც მმართველი პარტია არ დათანხმდა და საპასუხოდ გამოთქვა ინიციატივა, რომ მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 73-დან 50-მდე შემცირდეს, ხოლო პროპორციული წესით, ანუ სიით არჩეულთა რიცხვი გაიზარდოს 77-დან ასამდე. ოპოზიციამ ეს წინადადება არ გაიზიარა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის საერთოდ გაუქმებას მოითხოვს, კონსულტაციებს აწარმოებს საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შესათანხმებლად და ამას არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავს.

სასამართლომ „ანას ბაღში“ მშენებლობა საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეაჩერა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ანას ბაღში“ მიმდინარე მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, იმ დრომდე სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს მშენებლობის ნებართვის გაბათილების თაობაზე.

"ანას ბაღის" დამცველთა სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა და მშენებლობის დაუყოვნებლივი შეჩერების განჩინება გამოიტანა.დღეს 14:00 საათზე "ანას ბაღის" დამცველები თბილისის მერიაში შევიტანთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოვითხოვთ დაუყოვნებლი შეაჩეროს სამუშაოები“, - ნათქვამია „ანას ბაღის დამცველთა“ განცხადებაში.

სამოქალაქო აქტივისტებისა და ადგილობრივების სარჩელს მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის შესახებ სასამართლო 25 აგვისტოს განიხილავს.

22 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებიც „ანას ბაღის“ შენარჩუნენისთვის იბრძვიან, სკვერი მოაწყვეს, ნარგავები დარგეს და საქანელები დაამონტაჟეს.

24 თებერვალს კი სამშენებლო კომპანიამ ნარგავები ამოთხარა და ტერიტორია შემოღობა.

ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის მიწურულს გასხვისდა. ამის გამო 2018 წელს ადგილობრივებმა მერიას საჩივრით მიმართეს. მაშინ საჩივარი დაკმაყოფილდა, მაგრამ მოგვიანებით სამშენებლო კომპანია „ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა“ ისევ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და კიდევ ერთხელ მიიღო მშენებლობის უფლება.

მოგვიანებით, ბაღის გვერდით ადგილობრივებმა ხელმოწერების შესაგროვებლად კარავიც დადგეს, რომელიც 21 იანვარს დანგრეული დახვდათ.

დეკანოზ მამალაძეს სასჯელის გადავადებაზე სასამართლო 5 მარტს იმსჯელებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გამოჯანმრთელებამდე გადავადების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა. სასამართლოს გადაწყვეტილებით. პროცესი 5 მარტს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში გაიმართება.

დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია თავად მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე. მოსამართლის განცხადებით დაუსწრებლობის მიზეზი მსჯავრებულის პირადი მოტივი იყო.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დეკანოზ მამალაძის სრულ გამოჯანმრთელებამდე სასჯელის გადავადების მოთხოვნით 11 თებერვალს მიმართა.

დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, EMC საჭიროდ მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმის გამოყენებას, რაც გულისხმობს, რომ გიორგი მამალაძეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, უსაფრთხო, მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში დაბრუნდეს სასჯელის მოხდის ადგილზე.

EMC-ის თანახმად, ეს პროცედურა მსჯავრდებული პირების მიმართ ჰუმანური მოპყრობისა და ზიანის შემცირებაზე მიმართული მექანიზმია და სასამართლოს პატიმრობაში მყოფი პირების მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსუბუქების საშუალებას აძლევს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით.

პრეზიდენტის მიერ საშობაოდ შეწყალებულ 5 მსჯავრდებულს შორის გიორგი მამალაძე არ აღმოჩნდა.

გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

დეკანოზი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

საქართველოს საჯარო სკოლებს სანიტარული ნორმების გამკაცრება მოთხოვეს

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსის პირველი შემთხვევის მიუხედავად, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერება არ იგეგმება.

ამ ეტაპზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მხოლოდ სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს.

სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სათანადოდ უზრუნველყონ სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, რისთვისაც აუცილებელია:

სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით;

საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრების მდგომარეობაში. ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ;

ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით;

ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებებით;

სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება მოხდეს ყოველდღიურად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და კარების სახელურები გაირიცხოს ცხელი წყლითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;

სასადილოს დასუფთავება მოხდეს ყოველი საუზმე, სადილისა და სამხარის შემდეგ;

მაგიდები და ჭურჭელი გაირეცხოს სპეციალური ხსნარებით;

დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (კარის სახელურები, კარები, მაგიდის ზედაპირები);

ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის დროს ხშირად განიავდეს კლასები, ოთახები გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით;

სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგინდეს ტუალეტების დასუფთავების წესები, პერიოდულობა, დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;

ნაგვის ყუთების გაცლა მოხდეს მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის შემკრებებს ჩაუტარდეს დეზინფექცია;

სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვას უმეთვალყურეო ცხოველები;

"სამინისტრო სრულადაა ჩართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახით ვირუსის გავრცელების საფრთხე გამწვავდება, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა განათლების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ხუციშვილმა.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით COVID-19 დაავადების პირველი შემთხვევა ლაბორატირიულად 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაავადებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანში იმყოფებოდა და სამშობლოში აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა. ის ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია იზოლირებული.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG