რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას, სავარაუდოდ, 2020 წლის პირველ ნახევარში განაახლებს, - ამის შესახებ რუსული გამოცემა „იზვესტია“ წერს ინფორმირებულ სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით. მისი ინფორმაციით, რუსეთი განიხილავდა ავიამიმოსვლის ახალ წლამდე აღდგენის საკითხს, თუმცა, ამის შესაძლებლობას არ იძლევა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და თბილისში მიმდინარე მიტინგები.
როგორც „იზვესტია“ წერს, ინფორმირებულმა სამთავრობო წყარომ უთხრა, რომ საქართველოში რუსოფობიური განწყობების შემცირების მიუხედავად, 14 ნოემბრიდან მიმდინარე აქციები არ იძლევა სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე ლაპარაკის შესაძლებლობას.
წყაროს თქმით, თავის დროზე რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეაჩერა რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველი რუსოფობიური განწყობების გამო, ახლა კი, საქართველოში შიდაპოლიტიკური კრიზისის დასრულებას უნდა დაელოდონ. ამავე წყაროს ინფორმაციით, ავიამიმოსვლის შეჩერება მოსკოვმა ცალმხრივად გადაწყვიტა, აღდგენაც ამავე რეჟიმით მოხდება და თბილისთან რაიმე მიზანმიმართული კონსულტაცია არ მიმდინარეობს.
ავიამიმოსვლის განახლება იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც 28 ნოემბერს, პრაღაში ილაპარაკებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე და რუსეთის წარმომადგენელი, ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი.
„იზვესტია“ წერს, რომ ისინი ავიამიმოსვლის აღდგენას პირდაპირ არ უკავშირებენ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. რუსულ გამოცემას მოჰყავს კარასინის სიტყვები, რომ მოსკოვის სურვილია, რუსულ-ქართული ურთიერთობები შიდაპოლიტიკური პროცესებისგან დამოუკიდებელი იყოს. გრიგორი კარასინის განცხადებით, ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხში ბევრი რამ დამოკიდებულია ორმხრივ ურთიერთობებში ჯანსაღ ატმოსფეროზე, რითიც ქართველი პარტნიორები ჯერჯერობით თავს ვერ მოიწონებენ.
„იზვესტიას“ ცნობითვე, ზურაბ აბაშიძემ გამოცემას უთხრა, რომ თბილისში მიმდინარე მიტინგები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება და ტურისტების ნაკადზე დიდი გავლენა არ უნდა ჰქონდეს: „ახალი წლის წინ ველოდებით ბევრ სტუმარს. მათ შორის, რუსეთიდან. რა თქმა უნდა, არა პირდაპირი რეისებით. სხვა საშუალებებით ისინი ჩვენამდე მაინც აღწევენ“.
აბაშიძის განცხადებითვე, თუ რუსეთი ავიამიმოსვლის აღდგენას გადაწყვეტს, საქართველო ამას მხოლოდ მიესალმება, რადგან პირდაპირი რეისები ხელს უწყობს ჰუმანიტარული კავშირების და ადამიანებს შორის კონტაქტების განვითარებას.
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.
რუსეთმა ავიამიმოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.