Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია: სადაც ჯებირებს დააყენებენ, იმის იქით დადგებიან აქტივისტები


პარლამენტთან იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი პერიოდულად სასტვენებით აპროტესტებენ პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე რკინის კონსტრუქციების აღმართვას.

ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჯებირები „ქართული ოცნების“ საქმეს ვერ უშველის: „სადაც ჯებირებს დააყენებენ, იმის იქით დადგებიან აქტივისტები. ამ პოლიტიკურ კლოუნებს ამ სამარცხვინო ლიდერის, ივანიშვილის, არ დაუმსახურებიათ ნორმალური და მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება და ყველგან, სადაც მივლენ, საიდანაც არ შეეცდებიან შესვლას, მათ ექნებათ დიდი პოლიტიკური დისკომფორტი“.

ბოკერიას განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება, სანამ „არ წაიღებენ უკან იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენეს, როცა გვითხრეს, რომ გადაგაგდეთ და ფეხებზე გვკიდიაო“ და არ შეეგუებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი ხალხს მოექცეს ისე, როგორც თავის ქვეშევრდომებს ექცევა. გიგა ბოკერიას თქმით, „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური დღის წესრიგი არ ყოფილა ქუჩის სცენარი, რადგან ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე და მშვიდი საარჩევნო ცვლილებები, მაგრამ ივანიშვილმა საზოგადოება ამ არჩევანის წინაშე თავად დააყენა.

დღეს დილიდან პოლიციამ რკინის კედლებით გადაკეტა პარლამენტის მიმდებარე ჩიტაძის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩები და ინგოროყვას ქუჩის ნაწილი.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის პიკეტირების გაგრძელებას დილიდან აპირებდნენ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საპოლიციო ძალებმა ორჯერ, 18 და 26 ნოემბერს დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქციები. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. პოლიციამ ორი აქციის დროს, საერთო ჯამში, 65 ადამიანი დააკავა ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG