Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სახელმწიფოს სახე


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყნის პარლამენტი 200 „ნაციონალის“ დასაბლოკი არ არის და ამიტომ სახელმწიფომ სახელმწიფოს სახე უნდა აჩვენოს:

„ნაციონალური მოძრაობა” ხედავს, რომ რესურსი არა აქვს. მათ უკან დგას დღეს 200 აქტივისტი, რომელიც ცდილობს პარლამენტის ბლოკირებას. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სახელმწიფოს სახე და ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ხელისუფლების სახე. ბუნებრივია, 200 “ნაციონალის” დასაბლოკი საქართველოს პარლამენტი არ არის​“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეკითხვაზე რამდენად პროპორციულია „ 200 ნაციონალის“ წინააღმდეგ პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება, მან განაცხადა, რომ პოლიცია აკეთებს ყველაფერ იმისთვის, რათა პარლამენტის მუშაობა „რბილი ზომები“ უზრუნველყოს:

იმისათვის, რომ სხვა უფრო რთული ზომები არ იყოს გამოყენებული, პრევენციული ზომებია მიღებული. მე ამაში სიღრმეში ვერ შევალ, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი. ისინი ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად რბილი ზომებით იყოს პარლამენტის მუშაობა უზრუნველყოფილი და ბუნებრივია, ასე უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვახსოვს პრაქტიკა, 2012 წლამდე, როდესაც ხდებოდა უსასტიკესი დარბევა მიტინგების. ეს პრაქტიკა არის აღკვეთილი საქართველოში და პოლიცია მოქმედებს პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად. ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ ის პრაქტიკა, რომელიც იყო თავის დროზე ჩამოყალიბებული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს დილიდან პოლიციამ რკინის კედლებით გადაკეტა პარლამენტის მიმდებარე ჩიტაძის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩები და ინგოროყვას ქუჩის ნაწილი.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის პიკეტირების გაგრძელებას დილიდან აპირებდნენ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საპოლიციო ძალებმა ორჯერ, 18 და 26 ნოემბერს დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქციები. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. პოლიციამ ორი აქციის დროს, საერთო ჯამში, 65 ადამიანი დააკავა ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

XS
SM
MD
LG