Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია პოლიციაზე: როგორც კლასიკური ძველი ბიჭები, ისე დგანან

ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა გასულია სამართლებრივი სივრციდან.

პარლამენტთან, რომლის მიმდებარე ქუჩები პოლიციელებს რკინის კონსტრუქციებით აქვთ გადაკეტილი, მელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „როგორც კლასიკური ძველი ბიჭები, ისე დგანან და არცერთ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და ადამიანს არ ატარებენ“.

ნიკა მელიას ინფორმაციით, ინგოროყვას ქუჩაზე მოთხოვეს საშვი, რათა პარლამენტის შენობამდე მისულიყო და „გადარეკვა-გადმორეკვა დაჭირდათ იმისთვის, რომ მიხვედრილიყვნენ, რომ არ შეიძლება ინგოროყვას ქუჩაზე, მოქმედ დეპუტატს ეუბნებოდე, რომ მაჩვენე საბუთი და ისე შეგიშვებ. ეს არ არის არც ჩოლოკი და არც კაპეპე - საკონტროლო-გამშვები პუნქტი“.

"მერე შემხვდა დიდი ადამიანი ვაჟა სირაძე, შეწუხებული, დაღლილი, ცოტა ცაში მფრინავი ადამიანი, რომელმაც არ იცის საერთოდ, რა უნდა აკეთოს და რა გასაკვირია, დღეს რომ არ იცის, რა უნდა აკეთოს, როცა არ იცოდა, რომ ამ ქუჩაზე წყლის ჭავლით შლიდნენ იმ დღეს ადამიანებს. თბილისის პოლიციის უფროსმა არ იცოდა და გააკეთა განცხადება წყლის ჭავლი არ გამოგვიყენებიაო", - უთხრა მედიას მელიამ.

მისი შეფასებით, ამ ყველაფრის ერთადერთი დადებითი მხარეა, რომ მთელი მსოფლიო ხედავს, რა რეჟიმი არსებობს საქართველოში.

დღეს დილიდან პოლიციამ რკინის კედლებით გადაკეტა პარლამენტის მიმდებარე ჩიტაძის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩები და ინგოროყვას ქუჩის ნაწილი.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის პიკეტირების გაგრძელებას დილიდან აპირებდნენ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საპოლიციო ძალებმა ორჯერ, 18 და 26 ნოემბერს დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქციები. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. პოლიციამ ორი აქციის დროს, საერთო ჯამში, 65 ადამიანი დააკავა ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

XS
SM
MD
LG