საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის 27 ნოემბრის სატელევიზიო ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა, რომ ინტერვიუმ მთლიანად გვაჩვენა ვინ არის ბიძინა ივანიშვილი:
„ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს პირადი ინტერესი, რომ იმყოფებოდეს იქ, სადაც არის - ანუ მმართველი ძალის სათავეში. და ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი არის, სახელმწიფოს და ქართული სახელმწიფოს სწრაფი განვითარება იმ პირობებში, რა პირობებშიც, რაშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება - ეს არის ოკუპაცია და ეკონომიკური პრობლემები და ნომერ პირველი პრობლემა დასაქმება, რომელზეც იყო საკმაოდ სიღრმისეული და მასშტაბური საუბარი გუშინ ამ ინტერვიუს დროს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი აქცენტი, რაც ინტერვიუში გამოჩნდა არის ის, რომ „კედელზე რტყმას აზრი არ აქვს“ და ეს ყველამ უნდა გაიგოს:
„დროა, რომ პარტიებმა არჩევნებზე იზრუნონ და ვერანაირი ხელშეშლა ვერც მთავრობის და ვერც პარლამენტის ფუნქციონირებაში ეფექტური ვერ იქნება. რაც მალე გავიგებთ ამას ყველა ერთად, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნისთვის იქნება უკეთესი.“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 27 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზის“ სტუმარი იყო.
პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებისა და „ქართული ოცნების“ პირობის შეუსრულებლობის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ტელეეკრანზე პირველად გამოჩნდა.