Accessibility links

დასაქმება ლეგალურად ევროპაში: ივანიშვილის სქემა და რეალობა


„ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, 27 ნოემბერს, ტელე „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ 2-3 წელში, საქართველოს მოქალაქეებს (აქ უმუშევრად დარჩენილებსაც და არალეგალურ შრომით მიგრაციაში მყოფებსაც (სულ, მისივე დათვლით, დაახლოებით, 2 მილიონამდე ადამიანს), შეეძლებათ ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად (მისივე სიტყვით, „ღირსეულად“) დასაქმება. ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა „მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან (გერმანია, პოლონეთი, ისრაელი...) შეთანხმებების გაფორმებაზე“.

ამისათვის, ივანიშვილის სქემით:

  • საქართველოს ყველა კუთხეში უნდა გაიხსნას პროფესიული სასწავლებლები, სადაც უფასოდ გადამზადდებიან სპეციალისტები ევროპული შრომითი ბაზრებისთვის;
  • ისინი შეძლებენ ლეგალურად დასაქმდნენ ევროკავშირის ქვეყნებში, მსგავსად პოლონეთის, ბალტიისპირეთის თუ ბულგარეთის მოქალაქეებისა;
  • საქართველოს მთავრობა კი გაზრდის იაფი რეისების სუბსიდირებას (ქუთაისის აეროპორტის ფრენები) იმისათვის, რომ, მაგალითად, პარიზში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს თვეში ერთხელ მაინც (ივანიშვილის თქმით, 35 ევროდ) შეეძლოთ სამშობლოში ჩამოფრენა და ოჯახის მონახულება.

„რეალობა არის ეს. კარგი კოორდინაციის და მუშაობის პირობებშიც კი, საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ 50 000 სამუშაო ადგილის შექმნა. ასე რომ, 2 მილიონი ადამიანის დასასაქმებლად კი ათწლეულებია საჭირო“, - განაცხადა „ოცნების“ ლიდერმა.

***

ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები მართლაც დაიწყო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგარეო უწყება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად თანამშრომლობს კიდეც ევროპულ პარტნიორებთან დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

რა ეტაპზეა მოლაპარაკებები დღეს ამ და სხვა ქვეყნებთან და რამდენმა ადამიანმა ისარგებლა ლეგალური დასაქმების სქემით, ამის შესახებ ვკითხეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

სამინისტროში გვიპასუხეს, რომ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებთან ცირკულარული შრომითი მიგრაციის კონკრეტული სქემების შემუშავების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კონკრეტული წევრი ქვეყნის ექსკლუზიური კომპეტენციაა.

„ამდენად, დიალოგი ყოველ შესაბამის ქვეყანასთან ინდივიდუალურად წარიმართება. შესაბამისად, მოთხოვნადი პროფესიები, კვოტები (არსებობის შემთხვევაში), კონკრეტულ ვაკანსიაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნები, განსხვავებული იქნება კონკრეტულ ქვეყანასთან შეთანხმებული და ამოქმედებული სქემის თანახმად“.

მათივე განმარტებით, დღეს მუშაობენ ფრანგულ მხარესთან შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობის კონკრეტულ გზებზე შეჯერების მიზნით, რის შემდეგაც მოხდება საქართველოს შესაბამისი კვალიფიკაციის მოქალაქეების საფრანგეთში დროებითი, ლეგალური დასაქმების კონკრეტულ შესაძლებლობებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საჯარო კომუნიკაციის წარმოება.

ასევე, 2019 წლის 30 სექტემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ბულგარეთის მთავრობებს შორის „შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ“, რომლის თანახმად, როგორც თეა ახვლედიანი განმარტავს, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს შორის 6 თვის ვადაში უნდა შეთანხმდეს შეთანხმების „საიმპლემენტაციო პროცედურები“.

„რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ბულგარული მხარის მიერ შემოთავაზებული პროფესიებით, შესაბამისი კვალიფიკაციის საქართველოს მოქალაქეების ბულგარეთში დროებითი დასაქმება“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ცნობილია, რომ საფრანგეთთან გაფორმებული „კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ შეთანხმებით მკაცრად არის განსაზღვრული სამუშაო ადგილების კვოტები - ჯამში - 500 კვოტა.

2018 წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია შექმნიდა საქართველოსთვის სამუშაო კვოტებს, დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილმა, რადიო თავისუფლებას 2019 წლის აგვისტოში უთხრა, რომ 2020 წელს, გერმანიაში, სეზონურ სამთვიან სამუშაოზე დასაქმებას 3000-10000-მდე მუშახელი შეძლებს. ახალი კანონის თანახმად, კვალიფიციურ მუშახელს მესამე ქვეყნებიდან ეძლევა უფლება, გერმანიაში მაქსიმუმ 6 თვით ჩავიდეს და ადგილზევე მოიძიოს სამსახური. ამისათვის კი საჭიროა კვალიფიკაცია, ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე) და საკმარისი ფინანსური სახსრები გერმანიაში საცხოვრებლად.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებდა, რომ ამ კუთხით მიმდინარეობდა მუშაობა ისრაელთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთსა და ბულგარეთთან.

***

შრომის ბაზრის ექსპერტი, ციური ანთაძე, რომელიც ამავე დროს არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მრჩეველი, არ ელის, რომ ლეგალური შრომითი მიგრაციის სქემის ამუშავების შემთხვევაში, ქვეყანა დაცლის საფრთხის წინ დადგება. მისი აზრით, ამ სქემის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ ქვეყანამ მოსახლეობა არ დაკარგოს ხანგრძლივი ვადით ან მუდმივად.

მისი სიტყვებით, ევროპის ქვეყნების მოთხოვნიდან და მათთან გაფორმებული შეთანხმებების პირობების გათვალისწინებით, საქართველოდან ევროპაში, ლეგალურად, წელიწადში დაახლოებით 1000, მაქსიმუმ 1500 ადამიანი შეიძლება დასაქმდეს.

„საფრანგეთი, მაგალითად, პირდაპირ გვთავაზობს 500 სამუშაო ადგილს. გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სფეროში სჭირდებათ მეტი რაოდენობის მუშახელი, თუმცა, სასიგნალო ვაკანსიების მიღებამაც გვაჩვენა, რომ ამ სფეროში არც გერმანიაშია ასეთი კვალიფიციური ძალისთვის მაღალი ანაზღაურება და საყოფაცხოვრებო პირობები. შესაძლოა, არც ქართველ მუშახელს უღირდეს ასეთ საქმეზე წასვლა“.

ციური ანთაძემ რადიო თავისუფლებას ასევე უთხრა, რომ საფრანგეთის, გერმანიისა და ბულგარეთის გარდა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც აქვთ საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმების მზაობა, თუმცა ეს პროცესი უფრო წინ ჯერ არ წასულა.

„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ“ პოლონეთში ლეგალურად დასაქმების საპილოტე პროექტი განახორციელა, რომლის დროსაც იქ საქართველოს 60-მდე მოქალაქე დასაქმდა და, როგორც ციური ანთაძე გვეუბნება, ამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ თუ საქართველოდან წასულ მიგრანტს აქვს მაღალი შრომითი კვალიფიკაცია, რომელიც მოთხოვნადია მიმღებ ქვეყანაში, ის საკმაოდ კარგი პირობით საქმდება. თუმცა ამავე გამოცდილებით გამოჩნდა, რომ საქართველოდან წასულ მუშახელს ბევრი რამ აქვს სასწავლი.

ციური ანთაძე გვეუბნება, რომ 1989 და 2014 წლებში ჩატარებულ მოსახლეობის აღწერებს შორის, საქართველოს მოსახლეობა მიგრაციის ხარჯზე 2 მილიონით შემცირდა. მისივე სიტყვებით, არაერთიი კვლევით დასტურდება ისიც, რომ მათი 70-85% სწორედ დასაქმების მიზნით არის ქვეყნიდან წასული. სახელმწიფოს კი ამ დრომდე არ უფიქრია საზღვარგარეთის ქვეყნებთან ლეგალური თანამშრომლობის სქემების აწყობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG