Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში მომხდარი თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა


ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა ლონდონის ცენტრში დანით მომხდარი თავდასხმისთვის, რომელსაც ორი პირი ემსხვერპლა. „ისლამურ სახელმწიფოს“ არაფერი მოუყვანია იმის დამადასტურებლად, რომ 28 წლის უსმან ხანი მართლაც მისი დავალებით მოქმედებდა.

უსმან ხანი, ადრე ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებით ნასამართლევი, თავს დაესხა გამვლელებს „ლონდონის ხიდზე“, თევზით მოვაჭრეთა გილდიის შენობაში. მან რამდენმე ადამიანი დაჭრა და შენობიდან გარეთ გაიქცა. პოლიციის მოსვლამდე მას რამდენიმე მოქალაქემ დანა წაართვა და ძირს დააგდო. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ ხანი მოკლა. მას სხეულზე აღმოაჩნდა ქამარი ასაფეთქებელი მოწყობილობით. ადრე გავრცელებული ცნობით, ქამარი ყალბი იყო. ბრიტანეთის ხელისუფლებამ მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.

2012 წელს ხანს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს იმისთვის, რომ მონაწილეობდა ლონდონის საფონდო ბირჟის აფეთქების დაგეგმვასა და ტერორისტთა საწვრთნელი ბანაკის აგების მომზადებაში პაკისტანში, მისი ოჯახის საკუთრებაში მყოფ მიწაზე, ქაშმირის რეგიონში. ის პატიმრობიდან შარშან გათავისუფლდა პირობით.

ციხიდან მისი გათავისუფლების გარემოებებმა კრიტიკა გამოიწვია პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან მთავრობის და პირადად პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მიმართ. ლეიბორისტების ლიდერი, ჯერემი კორბინი გამოვიდა ამ საქმის სრული გამოძიების მოთხოვნით. ჯონსონი გააკრიტიკა ლონდონის მერმა, სადიქ ხანმა.

12 დეკემბერს ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება და მიმომხილველთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ტერორისტულმა აქტმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მმართველი კონსერვატორების გამარჯვების შანსებზე.

XS
SM
MD
LG