Accessibility links

logo-print logo-print

ადვოკატი: ზეწოლის შესახებ განცხადების შემდეგ ბუდაღაშვილი სამარტოო საკანში გადაიყვანეს


20 ივნისის აქციის დაშლისას დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატის, ვახტანგ იაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სასამართლოში განაცხადა, რომ მას პენიტენციარულ დაწესებულებაში სთხოვდნენ ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, ის სამარტოო საკანში გადაიყვანეს.

ადვოკატი განმარტავს, რომ ბუდაღაშვილს პენიტენციარულ დაწესებულებაში პირობები გაუუარესეს. იაშვილის თქმით, ამის მიზეზი ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებაა.

20 ივნისის აქციაზე დაკავებულების საქმის პროკურორის, ვაჟა თოდუას განმარტებით, ბრალდებულ ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ვაჟა თოდუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

პროკურორის თქმით, ზურაბ ბუდაღაშვილთან გამომძიებლები იყვნენ შესულები, თუმცა, ბრალდებულმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ვინაიდან სურდა ამ პროცესს მისი ადვოკატი დასწრებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების, ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართული აქციის საქმეზე სულ პასუხისგებაში მიცემულია 19 პირი. მათ წინააღმდეგ საქმეები აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG