Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები დირექტორისგან შანტაჟის შეწყვეტას მოითხოვენ


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები ახალ გენერალურ დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებენ.

დღეს, 4 დეკემბერს, ბათუმში, მაუწყებლის შენობასთან აქცია გამართეს საინფორმაციო სამსახურის, საზოგადოებრივი გადაცემებისა და ვებსაიტის თანამშრომლებმა. მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „22 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩევლებმა, თამილა დოლიძემ, სოსო სტურუამ და გიგა ჩხარტიშვილმა მაუწყებლის დირექტორის პოზიციაზე მხარდაჭერა გამოუცხადეს გიორგი კოხრეიძეს. ჩვენ და საზოგადოებაც ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და შვიდი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო, რომ მაუწყებლის მართვის სადავეები არ აღმოჩენილიყო ხელისუფლების ხელში და სარედაქციო პოლიტიკას არ შექმნოდა საფრთხე. პირველი, რაც გიორგი კოხრეიძემ გააკეთა, სწორედ სარედაქციო პოლიტიკას ეხება. კერძოდ, მან თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელიც კონტრაქტით არხზე საინფორმაციო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ხელშეკრულების პირობის შეცვლა და სარედაქციო საქმიანობისგან ჩამოშორება მოსთხოვა“.

ჟურნალისტების განცხადებითვე, ახალმა დირექტორმა ისინი დაადანაშაულა პოლიტიკური დღის წესრიგით საქმიანობაში, მიკერძოებასა და სპექტაკლების დადგმაში და უთხრა, რომ არ ენდობა მათი საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნებს, მათ შორის, არც ეუთოს და არც ბოლოდროინდელ რეიტინგებს.

ჟურნალისტები დირექტორს მიმართავენ, შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია.

ჟურნალისტები ასევე, მიმართავენ „იმ პირებს, ვინც მხარი დაუჭირა ბატონ გიორგი კოხრეიძეს და მათ, ვინც მისი არჩევის შესაძლებლობა მისცა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ მრჩევლებს, გაიზიარონ პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებზე“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წინა შემადგენლობამ დირექტორს, ნათია კაპანაძეს უნდობლობა 2019 წლის აპრილში გამოუცხადა და რამდენიმე კონკურსის მიუხედავად, ახალი დირექტორის არჩევა ვერ შეძლო.

ოქტომბერში, მრჩეველთა საბჭოში 6-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს მიერ „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით არჩეულ ნატა იმედაიშვილს, „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატ გიორგი ირემაძეს და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს, ირაკლი დარცმელიძესა და ბეჟან გობაძეს. საბჭოს მეხუთე წევრი გიგა ჩხარტიშვილი „ქართული ოცნების“ კვოტით 2018 წელს იყო არჩეული და უფლებამოსილების შესრულებას განაგრძობს.

25 ოქტომბერს, აჭარის ამ მოწვევის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით აირჩია მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი: თამილა დოლიძე, სოსო სტურუა და თამარ წილოსანი. პარტიული კვოტით არჩეული დოლიძე და სტურუა „ქართული ოცნების“ ორი ფრაქციის კანდიდატები იყვნენ, ხოლო წილოსანი დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით აირჩიეს. პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ, რომელსაც თავისი კვოტით მეოთხე კანდიდატი უნდა წარედგინა.

22 ნოემბერს, მრჩეველთა საბჭომ სამი ხმით, აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია.

XS
SM
MD
LG