Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ადანაშაულებს ზელიმხან ხანგოშვილის საქმის იგნორირებაში.


ზელიმხან ხანგოშვილი
ზელიმხან ხანგოშვილი

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ბრალს სდებს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის იგნორირებაში.

„გუშინ, გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა ღიად დასდო ბრალი რუსეთის ფედერაციას, ამა წლის აგვისტოში, ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში. გუშინვე გერმანიამ ქვეყნის ტერიტორიიდან გააძევა ორი რუსი დიპლომატი და კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აპირებს ხანგოშვილის მკვლელობის განხილვას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან“, - თქვა დღეს, 5 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა.

მისი განცხადებით, ამ ფონზე სრულიად გამაოგნებელია „საქართველოს მთავრობის დემონსტრაციული იგნორირება ამ ამბისა“.

კანდელაკის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის დამოკიდებულება ხანგოშვილთან როგორც მის სიცოცხლეში, ისე მკვლელობის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების დრამატული ეროზიის თვალსაჩინო მაგალითია: „ეს ყველაფერი მით უფრო შემაშფოთებელია, რომ ბატონი ხანგოშვილი ნაყოფიერად თანამშრომლობდა საქართველოს სახელმწიფოსთან როგორც ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ, ასევე, ჩვენს ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურების აგენტურის აღმოსაფხვრელად“.

გიორგი კანდელაკმა გაიხსენა 2015 წელს, თბილისის ცენტრში ზელიმხან ხანგოშვილზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა: „თვითონ ხანგოშვილმა, საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა და ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც ეს შემთხვევა შეისწავლეს, არაერთხელ თქვეს, რომ საქმე გვაქვს დანაშაულის განზრახ დაფარვასთან პროკურატურის მხრიდან, მათ შორის კამერების ჩანაწერების წაშლასთან“.

გიორგი კანდელაკმა ხაზი გაუსვა, რომ ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო სწორედ ამ თავდასხმის გამოუძიებლობის გამო დატოვა.

„ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ 2015 წლის თავდასხმა და დანაშაულის შესაძლო დაფარვა აუცილებლად იქნება გამოძიებული "ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ გასტუმრებსის შემდეგ".

ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. პოლიციის მიერ მალევე დაკავებულ ეჭვმიტანილს თან ჰქონდა ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასორტი, რომელიც უცხოეთში გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე მიიღო.

3 დეკემბერს გერმანული მედიით გავრცელდა ცნობები, რომ ხანგოშვილის მკვლელობას არა პოლიცია, არამედ გენერალური პროკურატურა იძიებს, დანაშაულში რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობის გამო.

4 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ გააძევა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი.

XS
SM
MD
LG