Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეები საერთაშორისო საზოგადოებას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვენ


საქართველოს მოქალაქეები საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ და დახმარებას სთხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია - მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით - თბილისის საკრებულოსთან გაიმართა.

„საკუთარ სამშობლოში სასჯელს იხდიდე მხოლოდ ქვეყნისა და პროფესიის სიყვარულის გამო, წარმოუდგენელი და ყოვლად ამორალურია“, - ამბობს აქციის ორგანიზატორი ლაშა მესხი და აგრძელებს: „ყველას ვთხოვთ და მოვუწოდებთ, გაკეთდეს მაქსიმალური - იქნება ეს ჟენევის ფორმატი თუ სხვადასხვა ფორმატები - რომ აუცილებლად დაუბრუნდეს ეს ადამიანი უვნებლად საკუთარ ოჯახს და პროფესიულ საქმიანობას“.

პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრი, ლევან სამუშია, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან პასიურია, როცა საქმე ეხება რუსეთთან დაკავშირებულ თემებს:

„ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, მაქსიმალურად იყოს მწვავე, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, რომ ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში, ვინაიდან ადამიანი იმყოფება ტყვეობაში იმიტომ, რომ ის არის საქართველოს მოქალაქე“, - ამბობს სამუშია.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან, დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის.

როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, თუმცა ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის, რაც, დე ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG