Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა ოქრიაშვილი: მე ვაჩვენე, რომ იუმორს აქვს ძალიან დიდი ძალა


დმანისში ჩასულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსანდრე ელისაშვილსა და მის გუნდს ქალაქის შესასვლელში დახვდა ბანერი წარწერით: "სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში!"
დმანისში ჩასულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსანდრე ელისაშვილსა და მის გუნდს ქალაქის შესასვლელში დახვდა ბანერი წარწერით: "სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში!"

კამპანია „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების“ ფარგლებში დმანისში ჩასულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსანდრე ელისაშვილსა და მის გუნდს ქალაქის შესასვლელში დახვდა ბანერი წარწერით: „სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში!“

„წინა ხისთავიანი მაჟორიტარებისგან განსხვავებით, კახა ოქრიაშვილი გამოცდილი კაცია“, - ამბობს ალეკო ელისაშვილი და აგრძელებს: „მას აქვს მძაფრი პოლიტიკური ინსტინქტები და მიხვდა, საით უბერავს ახლა ქარი, სად არის ძალა, სად არის სიმართლე და, როგორც ჩანს, ახლა ხიდების აშენება უნდა ოპოზიციისკენ“.

დმანისისა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ ბანერი მან გააკეთა, „საკუთარი სახსრებით“.

კახა ოქრიაშვილი
კახა ოქრიაშვილი

„სამი დღის წინ ვნახეთ ელისაშვილის პოსტი ფეისბუკზე, რომ ის აპირებდა დმანისში ჩამოსვლას. მის პოსტში აგრესიული განცხადებები იყო და მე გადავწყვიტე და ვთხოვე ჩემ მეგობრებს, ჩემი გუნდის წევრებს, რომ ჩვენ დავხვედროდით იუმორით. და დავხვდით იუმორით. თქვენთვის მისაღებია, რაც ხდება საქართველოში? როგორი ურთიერთობებიცაა პოლიტიკურ გუნდებს შორის? ჩემთვის მიუღებელია. აბსოლუტურად მიუღებელია ის რიტორიკა ჩემთვის, რა სიტყვებითაც მიმართავენ ერთმანეთს პოლიტიკოსები“.

რადიო თავისუფლება: იუმორი არის გამოსავალი?

კახა ოქრიაშვილი: მე ვაჩვენე, რომ იუმორს აქვს ძალიან დიდი ძალა. უფრო დიდი, ვიდრე - აგრესიას. მე არ ვიცი, აიტაცებენ თუ არა ამას, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს ასეა.

რადიო თავისუფლება: თუ აპირებთ შეხვედრას მათთან?

კახა ოქრიაშვილი: რა თქმა უნდა. გასული ერთი თვის მანძილზე ძალიან ბევრ პოლიტიკოსს დავურეკე. მინდა გავიარო ამ ხალხთან მათი არგუმენტაცია. არასატელევიზიო სივრცეში. მოდით დავსხდეთ ჩაისთან ერთად და ვისაუბროთ. თუ ვერ შევჯერდით არგუმენტაციაში, მერე გავიდეთ გარეთ.

რადიო თავისუფლება: დღეს თუ აპირებთ ელისაშვილთან შეხვედრას?

კახა ოქრიაშვილი: აუცილებლად შევხვდები. დღეს არა. მე ახლა წინანდალში ვარ. მე ვესაუბრე მას და შევთავაზე შეხვედრა ჩაიზე და საუბარი. ის დამთანხმდა. სხვათა შორის, არა მარტო მას, ბევრ პოლიტიკოსს დავურეკე და რამდენიმეს უკვე შევხვდი. მათ კთხვებზე მე პასუხები მაქვს, მაგრამ მეც ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. კონკრეტულად ელისაშვილთან ორი-სამი ძალიან საინტერესო კითხვა მაქვს, ნახევრად იუმორისტული.

რადიო თავისუფლება: მაგალითად?

კახა ოქრიაშვილი: არ გეტყვით, მერე გეტყვით. იუმორს დიდი ძალა აქვს. სხვათა შორის, ჟურნალისტები ხშირად ცეცხლზე ნავთს ასხამენ და აპირისპირებენ პოლიტიკოსებს. ეს ყველაფერი მე ძალიან მაწუხებს. ჩვენ ძალიან ხარისხიანი პოლიტიკა გვჭირდება.

რადიო თავისუფლება: ხელისუფლების როლი რა არის ხარისხიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში?

კახა ოქრიაშვილი: არ ვიცი. ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს. ხელისუფლებას ყოველთვის უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ არანაკლები პასუხისმგებლობა აქვს ყველა დანარჩენს, ვინც თავის თავს პოლიტიკოსს ეძახის.

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა 14 ნოემბერს ჩააგდეს თავიანთი ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ამის გამო, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, ქუჩის აქციების რეჟიმშია.

XS
SM
MD
LG