Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა ხელოვანმა გამოფენაზე $120-ათასიანი ბანანი შეჭამა


„მე პატივს ვცემ მაურიციოს, მაგრამ ეს არტპერფორმანსია „მშიერი არტისტი“, - თქვა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა არტისტმა დეივიდ-დათუნამ და მაიამიში არტ-ბაზელის გამოფენაზე შეჭამა $120-ათასიანი ინსტალაცია ბანანი, რომლის ავტორიც მაურიციო კატელანია, ნამუშევარს კი „კომიკოსი“ ჰქვია.

სულ ამ ინსტალაციის სამი ვერსია არსებობს. ორი მათგანი უკვე გაყიდულია, მათი საწყისი ფასი 120 ათასი აშშ დოლარი იყო, მაიამის ერთ-ერთ სახელოვნებო აუქციონზე კი 150 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ეს პირველი ნაშრომია, რომელიც მაურიციო კატელანმა აუქციონზე გაიტანა.

ნიუ-იორკ ტაიმსის ცნობით, გალერეა პეროტინი (Galerie Perrotin), რომელიც კატელანს წარმოადგენს მაიამის არტ-ბაზელზე, დეივიდ-დათუნას წინააღმდეგ სარჩელის შეტანას არ აპირებს. გალერეის წარმომადგენლებმა ბანანი შეცვალეს და ახლა კედელზე მიკრულია ახალი ბანანი, რომელსაც მაიამის პოლიცია იცავს.

„ნამუშევარი არ განადგურებულა, ვინაიდან ბანანი უბრალოდ იდეაა“, თქვა გალერეის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

დეივიდ-დათუნა თბილისში დაბადებული და ნიუ-იორკში მოღვაწე პერფორმანს-არტისტია. თავისი ერთ-ერთი ნამუშევარი, სათვალეების ლინზებისგან დამზადებული ქართული დროშა, მან 2014 წელს გადასცა საჩუქრად საქართველოს პრეზიდენტს.

XS
SM
MD
LG