Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიას მასპინძლობს


ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია თბილისში, 2018 წლის თებერვალი(საარქივო ფოტო)
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია თბილისში, 2018 წლის თებერვალი(საარქივო ფოტო)

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა.

14 საათზე ოფიციალურდ გაიხსნება ასამბლეის ყოველწლიური, რიგით მერვე სესია: „აღმოსავლეთის პარტნიორობის სამომავლო ხედვები“.

სესიაში მონაწილეობენ ევროპარლამენტის და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების პარლამენტების დეპუტატები. ისინი ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ენერგოუსაფრთხოებაზე, გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამომავლო ხედვებსა და ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე.

სესიას გახსნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. მონაწილეებს მიმართავენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი კლარა დობრევი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეები და ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და ივან კრულკო.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე სესიაზე მიიღებენ რეზოლუციებს ეკონომიკური ინტეგრაციის, სოციალურ-პოლიტიკურ და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ევროპარლამენტის და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების: საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის და მოლდოვის პარლამენტების წევრებს აერთიანებს. დროებით შეჩერებულია ასამბლეაში ბელორუსის მონაწილეობა.

ასამბლეა ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების განვითარებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას.

ასამბლეა 2011 წლის 3 მაისს, ბრიუსელში დაფუძნდა. დამფუძნებელ აქტს ხელი მოაწერეს სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტებმა და ევროპარლამენტის წევრებმა.

11 საათზე თბილისში დაიწყება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის თანმდევი ღონისძიება „ქართული დემოკრატიის გამოწვევები და 2020 წლის არჩევნები საქართველოში“. მასში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის წევრები "ქართული ოცნებიდან" და "ევროპული საქართველოდან" ირაკლი კობახიძე და სერგი კაპანაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპარლამენტარები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG