Accessibility links

გახარია სურგულაძეზე: ძალით ხომ არ ვამუშავებთ?! თან დაგვპირდა, რომ ილოცებს


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ლევან სურგულაძის მიერ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობის დატოვება მისი პირადი გადაწყვეტილებაა, რომელსაც კომენტარს ვერ გაუკეთებს.

დღეს, 9 დეკემბერს, ჟურნალისტებმა გიორგი გახარიას ჰკითხეს, არის თუ არა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან სურგულაძის წასვლა „გახარიას მიერ მამუკა ბახტაძის კადრების წმენდა“. ამ შეკითხვას გახარიამ „საკითხისთვის პიკანტურობის შეძენა“ უწოდა: „საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი, როგორც სოციალური სტაბილურობისთვის ქვეყანაში და გრძელვადიანი, ძალზედ პრინციპულად მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკისთვის რეფორმა. ბატონმა სურგულაძემ, მე როგორც ვიცი, საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქციები. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მის პირად გადაწყვეტილებას მე კომენტარს ვერ გავუკეთებ“.

მედიის შეკითხვას, როგორ აისახება სურგულაძის გადაწყვეტილება სააგენტოსა და საპენსიო რეფორმის მიმართ ნდობაზე, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს, ლევან სურგულაძე, სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ფაქტობროვად, მენეჯერი იყო და სააგენტოს ჰყავს ბორდი და კიდევ ბევრი სხვა პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მმართველი.

„ადამიანმა თქვა, რომ მინდა წასვლა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ?! თან დაგვპირდა, რომ ილოცებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს, 9 დეკემბერს, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ მედიას აცნობა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს ერთი კვირის წინ მიმართა თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით: „ვინაიდან საპენსიო სააგენტო უკვე გამართულად ფუნქციონირებს, ყველა პროცესი დალაგებულია, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ 16 იანვრიდან დამეტოვებინა თანამდებობა. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა განიხილოს ეს განცხადება და გადაწყვეტილება მიიღოს. რა თქმა უნდა, თუ სამეთვალყურეო საბჭო ჩათვლის, რომ რაღაც პერიოდი კიდევ უნდა დავრჩე თანამდებობაზე, არც ეს იქნება პრობლემა და რეფორმის უპრეცედენტო მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ დავეთანხმები“.

ლევან სურგულაძემ გადაწყვეტილების მიზეზად „სხვა გეგმები“ დაასახელა და თქვა, რომ ყოველთვის ილოცებს საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის.

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორად 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა. დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სააგენტო პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG