„ოთხშაბათს უნდა ყოფილიყო მოსამართლეებთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომა და გააუქმეს. ძალიან კარგია, ასე უნდა ეშინოდეთ იმ საზოგადოებრივი პროტესტის, რომელიც არის“, - თქვა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური ფორმატის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, ჩატარდება, როცა იქნება, მაშინ იქნება პიკეტირება, რადგან ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის თემაა.
პარლამენტის ვებგვერდზე მართლაც შეიცვალა კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი. განახლებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 12 დეკემბერს ჩატარდება. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი ასეთია: 2019 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა.
უცნობია, კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე კენჭს, როდის უყრიან.
პროცედურის თანახმად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა უყარონ კენჭი. კომიტეტმა ღია კენჭისყრით უნდა აირჩიოს მოსამართლეები და დასკვნაში ასახოს შედეგები, რომელ კანდიდატს მისცა რეკომენდაცია და რომელს - არა. თუმცა, ეს პლენარულ სხდომაზე კანდიდატებისთვის ხელის შემშლელი გარემოება არ იქნება. პლენარულ სხდომაზე კანდიდატების მოსმენის გარეშე უყრიან კენჭს. თუ სხდომაზე კანდიდატთა ნაწილი არ დამტკიცდა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სია უკვე შერჩეული კანდიდატებიდან უნდა შეადგინოს ან დატოვოს არსებული ჩამონათვალი. თუ პარლამენტმა მეორედაც არ დაამტკიცა წარდგენილი კანდიდატები, დარჩენილ ვაკანსიებზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდება.
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ საზოგადოებას მოუწოდა, გააპროტესტოს პარლამენტში 11 დეკემბერს დაგეგმილი უზენაესი სასამართლოს უვადოდ ასარჩევ მოსამართლეთა კენჭისყრა. თუმცა თარიღი შეიცვალა.
სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა ნოდარ რუხაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 11 დეკემბერს დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება და ის ჩატარდება, მაშინ, როდესაც კომიტეტის სხდომა იქნება.