Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის დისკუსიის დღის წესრიგს მთავარ საკითხად ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება დაემატა


დღეს, 10 ოქტომბერს ჟენევაში იწყება საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდი. საქართველოს ხელისუფლების და რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონების წარმომადგენელთა შეხვედრას თანათავმჯდომარეობას უწევენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები.

იმ საკითხებს შორის, რომლებსაც თბილისის დელეგაცია დააყენებს, არის მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება, ე.წ. საზღვრის გავლების გაგრძელება, ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვრის დაკეტვით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი და ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოუძიებლობა.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისგან ამჯერად, ჟენევაში მოითხოვს უკანონო პატიმრობიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას.

ორდღიანი შეხვედრის დაწყების პარალელურად, ჟენევასა და თბილისში გაიმართება აქციები ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ერთი თვის განმავლობაში, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, ოჯახმა ვაჟა გაფრინდაშვილისგან მიიღო მხოლოდ ორი წერილი - პირველი 18 და მეორე 28 ნოემბერს და ერთხელ ამანათი გაუგზავნა. ოჯახი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზით“ პერიოდულად იღებს ინფორმაციას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

XS
SM
MD
LG