Accessibility links

logo-print logo-print

სალომე ზურაბიშვილი: რაღაცა დაკომპლექსებული ერი გავხდით


საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიება გახსნა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ცენტრის მთავარი მიზანი იქნება კულტურული და სამეცნიერო პოტენციალის გაერთიანება, რომელიც უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის დღეს პრობლემაა ის, რომ ქვეყნის შესახებ ისეთი უცხოელი სპეციალისტები წერენ, რომელთაც შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვთ.

„ის უცხოელები, რომლებიც დღეს წერენ საქართველოზე, ან არიან საქართველოს მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაში, ან არ აქვთ ის ცოდნა, და მე არ ვამბობ, რომ გამონაკლისები, და კიდევ კარგი, არ არსებობენ, მაგრამ ზოგადად, არ აქვთ ის ცოდნა და კომპეტენცია, რომელიც მოდის იმისგან, რომ ქვეყანაში იყავი, ენა იცი და ჩვენს მეცნიერებთან ერთად გახდი შენ თვითონ მეცნიერი. ეს პირველ რიგში ეხება ქართველოლოგიას და არა მხოლოდ, პოლიტოლოგიაში იგივეა, მე კარგად ვიცი, რა იწერება საზღვარგარეთ საქართველოს შესახებ და ყველა თავის თავს ნებას აძლევს, საქართველოს შესახებ რაღაცა წეროს ისე, რომ არავინ მას არ მისცა ის ლეგიტიმაცია, რომ დაწეროს საქართველოს შესახებ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებით, გლობალიზაციის პირობებში საქართველო არ უნდა დაიკარგოს თავისი კულტურული და სამეცნიერო საუნჯით, რომელიც არა მხოლოდ დაცვას საჭიროებს, არამედ - გავრცელებაც. ამისთვის უნდა გაერთიანდეს საქართველოს სამეცნიერო და კულტურული პოტენციალი. ერთ-ერთ ასეთ ინიციატივად სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს შესახებ წარსულში გამომავალი პერიოდული გამოცემების აღდგენა დაასახელა.

„ბედი ქართლისა“ შეიძლება. მაგრამ მე ვფიქრობ, შეიძლება სხვა ფორმით იყოს. გამოდიოდა ქართულ ენაზედაც და უცხო ენებზეც. დღევანდელ დღეს სერიოზული გამომცემლობა, რომელიც გადის ჩვენი საზღვრებიდან, აღარ არის იმ დონეზე, რომ ყველა უნივერსიტეტებში იყოს დარიგებული და ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, ვინც სერიოზულად არის დაინტერესებული რომელიმე დარგში, რომელიც საქართველოს და კავკასიას შეეხება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, მისი სიტყვებით, კარგად უნდა „ავითვისოთ სოციალური ქსელები და ინტერნეტი“, ვინაიდან იქ იბეჭდება ყველაზე მეტი საქართველოს შესახებ.

მისი თქმით, საქართველო ყოველთვის იყო კავკასიის სამეცნიერო-კულტურული კერა და ცენტრი და „ეს უნდა ხელახლა დავიჯეროთ“.

„ზოგჯერ ესეც გვავიწყდება, რაღაცა დაკომპლექსებული ერი გავხდით რატომღაც, როცა გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობები“.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ახალგაზრდების უმეტესობა ისევ აირჩევს იურისპრუდენციის სწავლას, თუ მათ არ ეცოდინებათ, რომ პრიორიტეტი არის „თავის თავის შესახებ ცოდნის გავრცელება“.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლება თუ დაინახავს, რომ არსებობს კონცეფცია და მომავლის ხედვა, „ამ ინიციატივებში წაყვება“. ამასთან, მისი თქმით, არცერთი მატერიალური პროდუქცია საქართველოს არ მოუტანს იმდენ წარმატებას, რამდენსაც ცოდნა, კულტურა და მეცნიერება.

„ჩვენ უნდა გავიტანოთ ჩვენი ენა, კულტურა, იდენტობა, ჩვენი რეგიონის შესახებ, ქვეყნის შესახებ, ჩვენი ენების შესახებ, არა მხოლოდ ქართული ენის შესახებ. იგივე აფხაზური ენის დამცველები ვართ ჩვენ და მეტი სხვა დამცველი აღარ ჰყავს აფხაზურ ენას. ეს არის ჩვენი მოვალეობა და ჩვენი მომავალი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავე დროს, მისი სიტყვებით, „არ უნდა დავიწყოთ ჩვეულებრივი ქართული ვარიანტები, რომ აქ მე უფრო, ვიდრე ის და მე თუ ვარ, ის არ უნდა იყოს და ა.შ“, - მისი სიტყვებით, ამ საქმეში ყველა არის აუცილებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG