Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე გაიზარდა


საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 9%-მდე გაზარდა. გადაწყვეტილება დღეს, 11 დეკემბერს, გამართულ სხდომაზე მიიღეს.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა და ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, მასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება: „მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც მიზნად ისახავს გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას. მიუხედავად ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი გამყარებისა, გაცვლითი კურსი გაუფასურებული რჩება, რაც მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მოლოდინს უწყობს ხელს“.

ეროვნული ბანკის განცხადებითვე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა გადაწყვეტილებებით, ინფლაციის საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შესანარჩუნებლად პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსის ზეწოლის აღმოფხვრამდე გაგრძელდება. შესაბამისად, კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

წინა სხდომაზე, რომელიც 23 ოქტომბერს გაიმართა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი ერთი პროცენტული პუნქტით, 8.5%-მდე გაზარდა.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე წნეხი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზომიერი ზრდის ტემპი შენარჩუნებულია, ოქტომბერ-ნოემბერში ტურისტული შემოსავლების წლიური ზრდა დაფიქსირდა და წლის მესამე კვარტალში გაიზარდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება.

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 29 იანვარს ჩატარდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ დღეს, 11 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2019 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 111 400 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტით, 9 პროცენტამდე გაეზარდათ.

„საზოგადოება და ბანკების“ განცხადებით, ლარის გაცვლითი კურსი ნოემბერში კვლავ გაუფასურებას განაგრძობდა, რაც უარყოფითი მოლოდინებით იყო განპირობებული: „აღნიშნულ პირობებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ერთი მხრივ, მცირედით გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს, თუმცა დადებითად აისახება გაცვლით კურსზე და ინფლაციის მაჩვენებელზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG