Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებამდე საკონსტიტუციო ცვლილებებს განახორციელებს


„ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მაჟორიტარ დეპუტატებთან შეთანხმდა, რომ ისინი უკან გაიწვევენ თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით გამართვის ინიციატივასთან დაკავშირებით.

სანაცვლოდ, უმრავლესობა მათ ისეთ მექანიზმს შესთავაზებს, რომელიც მაჟორიტარების მიერ დანახულ ხიფათებს გაანეიტრალებს. მაჟორიტარებს, მათ შორის, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს, მიაჩნიათ, რომ 2020 წლის არჩევნებიდან 2024 წლამდე პერიოდში მუდმივად იქნება საუბარი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც არასტაბილურობის განცდას გააჩენს და „ეს პროცესი შექმნის ნიადაგს და ცდუნებას პოლიტიკური კრიზისების ხელოვნურად გამოწვევისთვის. საუბარია 2020 წლის შემდეგ პერიოდზე“.

„ჩვენ კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნას მოვახერხებთ, რითაც ზემოთ დასახელებულ რისკებს მოვხსნით.

შესაბამისად, ჩვენ 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება და ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე. ამ შემთხვევაში, მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ინიციატივაზე უარს იტყვიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი სიტყვებით, თუ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ამ გარანტიის შექმნას ვერ შეძლებს, მაშინ მაჟორიტარები გააგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, 9 დეკემბერს განაცხადა, რომ მაჟორიტარი დეპუტატები და მმართველი გუნდის დანარჩენი წევრები გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ, თუმცა მაშინ შეთანხმების დეტალები არ დაუსახელებია.

დიმიტრი ხუნდაძემ 4 დეკემბერს დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

დიმიტრი ხუნდაძე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის დარეგისტრირებას გეგმავს, რომელიც, მისი თქმით, ამერიკულ საარჩევნო სისტემასა და ორპალატიან პარლამენტს ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს (76 დეპუტატი) ან არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG