Accessibility links

logo-print logo-print

პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს


სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, გააძლიეროს ძალისხმევა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმ-ტრავმატოლოგის ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონული სასამართლოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას ვაჟა გაფრინდაშვილის ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ, სალომე ზურაბიშვილი განცხადებით გამოეხმაურა:

„მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა, უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას.

კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება“
, - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს, 13 დეკემბერს ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG