Accessibility links

logo-print logo-print

ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი 20 დეკემბერს გაიმართება


დახურულ პროცესზე ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ხელისუფლების სასამართლოს შენობაში უკანა კარიდან შეიყვანეს. წინასწარი სასამართლო მოსმენის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, მისი საქმის განხილვა 20 დეკემბერს გაგრძელდება. მანამდე კი ექიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში რჩება.

გაფრინდაშვილს ბრალად ედება ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა. აღნიშნული მუხლი შემდეგ სანქციებს ითვალისწინებს: ფულადი ჯარიმა, გამასწორებელ სამუშაო ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ამავე ვადით.

„გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ „საზღვარს”. ვაჟა კვლავინდებურად რჩება ცხინვალის ტყვეობაში!“, - წერს „ფეისბუკზე“ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი.

13 დეკემბერს გამართულ სასამართლოს სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად. რადიო თავისუფლება ადგენს, რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG