Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა: ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შინაპატიმრობაში მოათავსეს


იანა დუჰარი
იანა დუჰარი

კიევის სასამართლომ შინაპატიმრობაში მოათავსა სამხედრო მედდა იანა დუჰარი - ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის საქმეში. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იტყობინება.

იანა დუჰარი 12 დეკემბერს საღამოს ლვოვში დააკავეს და კიევში ჩაიყვანეს. გამომძიებლები ფიქრობენ, რომ მკვლელობის მომზადებასა და განხორციელებაში, სულ მცირე, ხუთმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 2016 წელს კიევში ჩადენილი მკვლელობის მთავარი ვერსიაა ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა. ყველა ეჭვმიტანილი უარყოფს ბრალდებას.

ბელარუსელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი პაველ შერემეტი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა რუსეთში, სიკვდილამდე ორი წლით ადრე კი უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად. 2016 წლის 20 ივლისს მას კიევში თავს დაესხნენ - მისი მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს. გამოძიება ჟურნალისტზე თავდასხმის მთავარ მოტივად მის პროფესიულ საქმიანობას ასახელებდა.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შერემეტის მკვლელების დასჯის პირობა დადო. საარჩევნო დებატების დროს ეს საქმე გაიხსენა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 23 ივლისს კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ, მისი აზრით, გამოძიება შედეგს გამოიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG